ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ, კახეთ-ჰერეთის ხეობაში, მთის ძირად, ყოფილა ქართველთა სოფელი ვარდიანი. გარშემო ფერდობები და ხეობები თურმე სულ ვარდებით იყო აღაღანებული. „წალკოტს ჰგავდა იქაურობაო“, - წერს მეისტორიე.
აი, ამ სოფლის ახლოს გადიოდა კავკასიონის დიდი კედელი, რომელიც იმიტომ შემოავლო ხალხმა კახეთ-ჰერეთის სამთავროს, რომ მტრებისაგან დაეცვა. კედლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი.
ეს ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგითხროთ, შორეულ წარსულში მომხდარა. იმ დროს ვარდიანში ერთი პატარა ობოლი ბიჭი ცხოვრობდა. სახელად იმედა ერქვა. შესახედავად ერთი გაჩხიკინებული ბიჭი იყო, მაგრამ თანატოლებისაგან გამჭრიახობით, ჭკუითა და გონიერებით გამოირჩეოდა. იმ წელიწადს, როდესაც იმედა ათისა გახდა, ჰერეთს თემურლენგის ლაშქარი შემოესია. ქართველების დაუმორჩილებლობით გამძვინვარებული კოჭლი სარდალი ცეცხლითა და მახვილით მოადგა „რკინის კარიბჭეს“, მაგრამ კავკასიონის დიდი კედლის აღება გაუძნელდა. გალავანი უტეხად იდგა. ბოლოს, ურჯულოებმა მაინც იმარჯვეს; მართალია, კედელი ვერ გაარღვიეს, მაგრამ ეშმაკობა იხმარეს. თემურლენგის ბრძანებით ხამი აბრეშუმის და ბამბის თოკებისაგან უზარმაზარი მოძრავი კიბე დაგრიხეს და უკუნეთ ღამეში გალავანზე გადაცოცდნენ. გაღიმებული თემურლენგი ვარდიანში შეიჭრა, უნდოდა ერთიანად მოესრა და გადაებუგა, მაგრამ როდესაც ტურფა, ბაღნარში ჩაფლული სოფელი იხილა, გადაიფიქრა და ეს ბრძანება გასცა:
- გამიმხილეთ საიდუმლო, რომელიც კავკასიონის დიდ კედელს დამანგრევინებს და შეგიწყალებთ, თუ არადა, სოფელში ყველა ყრმას ამოვჟლიტავო.
ვარდიანი გოდებამ და მწუხარებამ მოიცვა. არავის არ უნდოდა საიდუმლოს გაცემა, ბოლოს, ერთი ჯღუნა, დაფეხვილი კაცი წამოდგა და ვარდიანელებს უთხრა:
- თქვე კაი ხალხო, თუ შთამომავლობა აღარ გეყოლებათ, თუ თქვენი შვილები ვეღარ გაიხარებენ, ან ეს კედელი რად გინდათ, ან ეს მშვენიერი სოფელ-ქვეყანაო.
ამის გაგონებაზე იმედა ჯუჯას მიეჭრა:
- რას ამბობ, ძიავ! მირჩევნია მომკლან, ვიდრე ჩემს შთამომავლებს გამყიდველის და მოღალატის შვილის სახელი ერქვასო, - ამაყად თქვა და ხალხს მიუბრუნდა: - თემურლენგთან წავალ და მოველაპარაკები, ისეთ რამეს ვეტყვი, ჩვენი დამორჩილების სურვილი მთლად დაეკარგოსო.
უფროსებს, რა თქმა უნდა, არ უნდოდათ ბიჭის გაშვება, მაგრამ იმედა გაიპარა და თემურლენგს ეახლა.
მაშინ, „ქვეყნის მბრძნებლისათვის“ (ასე ეძახდნენ თემურლენგს) თვალის გასწორება დანაშაულად ითვლებოდა, იმედამ კი გაბედა და თამამად შეხედა სახეში. მბრძანებელი მოიღუშა.
- გისმენ! - თქვა პირქუშად - შენ ალბათ იმისათვის მოხვედი, რომ საიდუმლო გამიმხილო.
- მბრძანებელო! - წკრიალა ხმით შესძახა იმედამ, - კავკასიონის დიდი კედლის საიდუმლოება ჩემი ხალხის ერთობაში და სიმტკიცეში იმალება, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ამ კედლის ძლევა და დანგრევა შეუძლებელი. გემუდარებით აკმარეთ ჩემს ხალხს სისხლისღვრა, შეიწყალეთ! თუ მსხვერპლის გაღება აუცილებელია, მაშინ ჩემი თავი შემომიწირავს მსხვერპლად, მე დამსაჯე მბრძანებელო!
პატარა ბიჭის სიტყვებმა თან განარისხა, თან განაცვიფრა კოჭლი სარდალი.
- კეთილი, შვილო ჩემო! - ცბიერად აუციმციმდა თვალები. იფიქრა, იფიქრა, მაგრამ იმიტომ კი არ, რომ არ იცოდა, როგორ დაესაჯა იმედა, არა!
- კავკასიონის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ცეცხლი დაანთეთ, ეს ბიჭი აიყვანეთ და ზედ დაწვით, რათა მთელმა საქართველომ დაინახოს, როგორ იღუპება მისი იმედიო, - ბრძანა ბოლოს.
მწვალებლები ასეც მოიქცნენ, იმედა მთაზე აიყვანეს, შებორკეს, გარს ფიჩხისა და ძეძვის მსხვილი გუდურები შემოუწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს. კოცონი აბრიალდა. ალი გამძვინვარდა და ბიჭს შემოენთო. იმედას სული შეეხუთა. უნდოდა დაეყვირა, მიშველეთო, მაგრამ ღონე მოიკრიფა, თვალები აღაპყრო და შეჰყვირა: - დედაო ღვთისავ, მომეცი ძალა, ვაი არ დავიძახოო!
მოულოდნელად თითქოს ცა გაიხსნაო, თვალისმომჭრელი ღვთიური შუქი გადმოიფრქვა და ჭაღარა კავკასიონის მწვერვალებს შარავანდედივით თავს დაადგა. საიდანღაც ზარების რეკვის ხმაც მოისმა. პირზე ღიმილგადაფარებული ბიჭი ცას შეშტერებოდა და ვეღარ გრძნობდა ხანძრის მხურვალებას. ისე დაიწვა და დაიფერფლა, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. მერე ღვთიური შუქი ნელ-ნელა მიმქრალდა, ცა მოიქუშა, ღრუბლები მოჯარდნენ, ქარმა დაიქროლა და მთელ საქართველოს გადაეყარა პატარა იმედას ფერფლი. ხალხი აგროვებდა მას და სასოებით ინახავდა გულში, ვინ იცის, როდის გამოადგება შთამომავლობასო.
დღეს თითოეული ქართველის გულშია ამ ფერფლის ნაწილი. თუ დასჭირდათ, შეერთდებიან, ფერფლიდან ცეცხლად აენთებიან და იმედასავით მამულს შეეწირებიან მსხვერპლად.