ვინ არ იცნობს ჩემს მეზობელ პატარა ლელას, ათასგვარი ხრიკების და ოინების გამომგონებელს, მაგრამ ახალი სიტყვების გამომგონებელიც რომ გახლავთ, დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი ნამდვილად არ გაგეგონებათ.
დილას, ისაუზმებენ თუ არა, ლელა-გოგო მიაცუნცულებს ნახატებიან წიგნს და პაპას შუბლსქვემოდან, ეშმაკურად ეკითხება:
- ეს რა არის, პიპი, თიგვია?
- თიგვი კი არა, თაგვია, მე კი შენი პაპა ვარ და არა პიპი...
- არა, - ჯიუტობს ლელა და პაწია თითს წიგნში დახატულ სურათს აყოლებს.
- აბა, გამოიცანი, ეს რა არის?
- რა არის და, აქლემი, - პასუხობს პაპა.
- არა, აქლემი არ არის, იქლემია.
- რას ამბობ, შვილო, - წუხს მოხუცი, - სიტყვებს რად ამახინჯებ, ლაპარაკი დაგავიწყდა?
- სიტყვებს არ ვამახინჯებ, ახლებს ვიგონებ, - ბუტიაობს ლელა და თავიდან იწყებს, - ეს კიჭკიჭია?
- არა, შვილო, კიჭკიჭი კი არა, კაჭკაჭია.
- არა, ეგრე არ არის, - არ იშლის ლელა და ახალ გვერდს ფურცლავს.
- იცოცხლე, გამოგონება კარგია, მაგრამ ასეთი აბდაუბდა? - ოხრავს პაპა და განაწყენებული თავს აქნევს, სიტყვების გამომგონებელი მაინც არ იშლის გამომგონებლობას.
- ეს ბიყიყია?
ჩაფიქრებული პაპა შუბლზე თითს იკაკუნებს, მერე კი ეშმაკურად იღიმება და თაფლად დნება.
- ბიყიყია, შვილო, ნამდვილად ბიყიყი.
- რაო, პაპავ? - ეჭვით უცქერის ლელა პაპას, - მაშ, ბიყიყია?
- ჰო, შვილო, ეგრეა, - გამომგონებლობის სიყვარული ედება პაპასაც და ჯიბრში აღარ უდგება შვილიშვილს, - ნამდვილად ეგრეა.
- რას ამბობ, პაპავ? - უკვირს ლელა-გოგოს, - მაშ, ეს რაღაა?
- ეს ქითიმია, შვილო...
- არა, პაპავ, ეს ქათამია, ეს კიდევ არწივი.
- არწივი კი არა, შვილო, ირწივია, - უსწორებს პაპა და ისევ იხვლინკება პატარა გოგო.
- მაშ, ეს რაღაა?
- ეს იფთირია, შვილო, ეს კიდევ გილია...
- ოჰ, არა, პაპავ, არა, - სიცილისაგან ჩაბჟირებული ლელა სულს ძლივს ითქვამს და პირზე ხელს იფარებს, - გილია კი არა გალიაა, პაპავ, გალიაში აფთარია.
- ნუ მასწავლი, გოგო ლაპარაკს, - ვითომ უწყრება პაპა და ულვაშებში იღიმება, თან ცდილობს ღიმილი არ შეამჩნიოს შვილიშვილმა.
- მაშ, ეს რაღაა, პაპავ? - ცბიერად ექირქილება შვილიშვილიც.
- ეს კიდევ დითვია, შვილო, ესეც ჟირიფი...
ლელა გოგო ვეღარ ითმენს, ჩიტივით ფრთხიალებს:
- ვაიმე, პაპავ, ნამდვილად დაგავიწყდა ლაპარაკი, ნამდვილად, - თავს აქნევს პატარა გოგო და ლოყაზე ხელს ირტყამს.
- ლაპარაკი კი არ დამავიწყდა, ახალ სიტყვებს ვიგონებ, შვილო...
- არა, პაპავ, არა, ლაპარაკი უნდა გასწავლო, ლაპარაკი...
- მასწავლე, შვილო, მასწავლე, - ემორჩილება პაპაც და ახალი გვერდის გადასაფურცლადაც ემზადება, - მაშ, ამას რა ჰქვია?
- ეს აქლემია, პაპავ, ეს თაგვი, ეს კაჭკაჭი.
- აგაშენა ღმერთმა! - იცინის პაპა, ძლივს არ ვისწავლეთ ლაპარაკი!
- ჰო, პაპავ, ჰო! - ხტუნავს გახარებული ლელა-გოგო და თავიდან იწყებენ გამეორებას.
- აბა, თქვი, გალიაში აფთარია.
- ჰო, შვილო, გალიაში აფთარია.
- ვაშაა, - უხარია პატარა გოგოს, - ლაპარაკი ისწავლა პაპამ, ისწავლა!
ვისწავლე, შვილო, ვისწავლე... კვერს უკრავს პაპაც და წიგნს ხურავს, - აბა, ახლა კი გვეყოფა, დავისვენოთ და ზოოპარკში გავისეირნოთ.
მერე ახალი სიტყვების გამომგონებლები ხელიხელჩაკიდებულნი მიიჩქარიან ზოოპარკისაკენ, რათა ნახონ, ნამდვილად ზის თუ არა გალიაში აფთარი.