თედო რაზიკაშვილი
გულკეთილი ლოკოკინა
დაცხა. რქიანი ლეგო ლოკოკინა შეიკეტა თავის ციხე-დარბაზში, ამოიქოლა კარები და განსვენებას მისცა თავი.
თავს უშიშრად გრძნობდა ჩვენი გმირი, თუმცა მტერი ათასობითა ჰყავს. აი, თუნდა წრუწუნა, - რამდენი უარა, სუნა, კბილითა ჰკრა, გადააგორ-გადმოაგორა, მაგრამ ვერაფერს გამორჩა და გაანება თავი. მუცელტიტველა ყიყინამაც მოჰხვია თათები, მოუჭირა კბილები, ჩაყო შიგ თავისი გრძელი ენა, მაინც ვერა ისუსნა რა. ორიოდე დიდი ნერწყვი ჩაყლაპა და ხელცარიელი მოშორდა.
- ჰაი, თუ კარში მოგასწრებ, შე თხუპნია, შენა! შე წირპლიანო, მუდამ რომ დუჟი გდის, შემძვრალხარ კირის ციხეში, დაგიკეტია კარები! ნერა, შემეძლოს აგიტანო ჰაერში, დაგანარცხო იქიდან დიდ ქვაზე და დაგამსხვრიო! მაშინაც დაიმალები?!
ბევრიც რომ ეთქვა საწყინო, რქიანი ბიჭი არც ისე სულელი იყო, ამისთანა ბრიყვის ლაპარაკისათვის ყური ეგდო, ან საჩხუბრად გამოსულიყო და თავი საფრთხეში ჩაეგდო.
- იყიყინე, რამდენიც გნებავდეს, ვირისაგან წიხლი ვის ეტკინება. ნუ სცდები, თქვენებს ქორწილი აქვთ, გეძახიან, გნებავს კი ამოვიდეს და გადამსანსლო?!
გაწბილებული ყიყინა წამოჯდა იქვე, სთვლემდა, თვალებს უგემურად ჰხუჭავდა, ხანდახან კი ლოკოკინასაკენ გადაიხედავდა, - ხომ არ გაბრიყვდა და კარში არ გამოვიდაო. მაგრამ ლოკოკინას რომ ჩიტებისა, ბაყაყებისა და სხვა მტრებისაც არ ჰშინებოდა, მაინც ამ სიცხე-პაპანაქებაში რა გამოიყვანდა კარში!