მზია ხეთაგური


გუდიანი კაცი

ერთ სოფელში ისეთი გულადი ბავშვები ცხოვრობდნენ, რომ არც მგლისა ეშინოდათ და არც დათვისა. ჯოხი რომ ჯოხია, - იმასაც არ გაურბოდნენ - დიდი ამბავი თუ გაგვტყიპეს, ცოტახანს წვივები აგვეწვება და დაგვიცხრებაო. მაგრამ რომ დაგეძახათ, გუდიანი კაცი მოდისო, შიშისაგან ვინ საით გარბოდა, თვალს ვერ მოასწრებდით. მეტისმეტად რომ გაბეზრდებოდნენ ამ ბავშვების მშობლები, ერთს იტყოდნენ - გუდიანი კაციო და მის ხსენებაზე ბავშვებს ციებ-ცხელება უვლიდათ. გუდიანი კაცი კი ჯერ თვალით არავის ენახა...

ერთ მშვენიერ დღეს შუაგულ მოედანზე მართლაც ჩამოჯდა გუდიანი კაცი და დაიძახა: ბატიბუტი! ბავშვებს ჯერ გულები დაუსკდათ და დასამალავად მოკურცხლეს, მაგრამ ბატიბუტზე სულმა წასძლიათ და სათითაოდ, გაუბედავად გამოლაგდნენ.

გუდიანმა კაცმა ყველას არგუნა იასამნისფერი ბატიბუტი; დაცლილი გუდა იღლიაში ამოიჩარა და ღიღინით წავიდა. მეორედ გუდიანმა კაცმა თხილი ამოიტანა, მერე - მზესუმზირა. იყო ერთი კნაწაკნუწი, ჭახაჭუხი და ტკაცატკუცი. გუდიანი კაცი ძალიანაც კეთილი აღმოჩნდა და ბავშვებს სულაც აღარ ეშინოდათ მისი.

ერთ დღეს გუდიანი კაცი ისე ამოვიდა, რომ გუდა მხარზე აღარ ეკიდა. ბავშვებმა ძლივს იცნეს და გაკვირვებით ჰკითხეს: შენი გუდა რა უყავიო? დავკარგეო, - უპასუხა უგუდო გუდიანმა კაცმა, - თქვენთვის რაღაც-რაღაცეები მომქონდა, გზაზე დავისვენე, ჩამეძინა და ვიღაცამ ამაცალაო. შეწუხდნენ ბავშვები; მერე ზოგმა ჩოხის კალთა მოიხია, ზოგმაც - კაბისა. გადააკერეს ერთმანეთს და გუდაც მზად იყო. წამოავლო გუდას ხელი გუდიანმა კაცმა, დაემშვიდობა ბავშვებს და წავიდა. კარგახანი გავიდა, მაგრამ აღარსად გამოჩენილა. დანაღვლიანდნენ ბავშვები. ბატიბუტი და თხილი არ ენატრებოდათ ისე, როგორც თვითონ გუდიანი კაცი. ერთელაც, ზაფხულის ერთ პაპანაქება დღეს, მტვრიან აღმართზე გუდიანი კაცი გამოჩნდა, სავსე გუდა მიწაზე დაუშვა და დაიძახა: აბა, თუ გამოიცნობთ, რა მოგიტანეთო!

ბავშვები გუდიან კაცს შემოეხვივნენ. ზოგმა - ბატიბუტიო, ზოგმა - თხილიო, ზოგმაც - მზესუმზირაო... რასაც შეჩვეულები იყვნენ, იმას გაიძახოდნენ. არაო, - თავი გადააქნია გუდიანმა კაცმა, - ამ სიცხეში ზამთარი ამოგიტანეთო. ზამთარიო? - გაიოცეს ბავშვებმა და გუდას ეცნენ. მოხსნეს თავი და რას ხედავენ: თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე და თოვლის ფიფიქები ერთმანეთს სულ ტრიალ-ტრიალით ამოჰყვნენ. გააჩაღეს ბავშვებმა ზამთრის ლხინი. კინაღამ დაგიჟდნენ მათი მშობლები - ამ გაგანია ზაფხულში ამდენი თოვლი საიდან გაჩნდაო!

მერე გუდიანი კაცი ზამთარშიც გამოჩნდა და გუდით გაზაფხული მოიტანა: ყვავილები და პეპლები, ბალახები და მზის ფერადი სხივები... საგაზაფხულო ლხინიც გადაიხადეს ბავშვებმა და ძალიანაც გაიხარეს. მერე ისევ დაიკარგა გუდიანი კაცი. თურმე აღარაფერი ებადა და იმაზე ფიქრობდა, რა ჩაეწყო გუდაში. იფიქრა, იფიქრა და რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ადგა და გუდაში ტყუილები ჩაუშვა. მოიკიდა ზურგზე, მოუტანა ბავშვებს და იმისთანა ტყუილები ამოაწყო, ბავშვები პირდაღებულები შესცქეროდნენ. შემდეგ კი, როცა ისევ ქესატად იყო, გუდიანმა კაცმა გუდაში ძილი ჩაუშვა და ახლა ძილისგუდად აქცია ის. ბავშვებიც იმ ხანად სულ მთქნარებითა და სიზმრებით დაიარებოდნენ...

მერე გუდიანმა კაცმა ოცნებები ჩააწყო გუდაში და ბავშვებთან ერთად ოცნებებში ფრენა დაიწყო. ახლაც დაფრინავენ ბავშვები, ოცნებობენ და იმისთანა ლამაზი სიცოცხლით ცხოვრობენ, რომ ყველაფერი რომ გიამბოთ, ერთ დიდ გუდაშიც კი ვერა და ვერ ჩაეტევა.