ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:
- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანაო!
- რად უნდა გაგეცალოო? ეს სახლი ჩემიაო!
- შენი კი არა, ჩემიაო. ეხლავე უნდა გამეცალოო!
რომ გაუჭირა საქმე ცხვარმა, სიღარიბემ სთხოვა: სახლის ნახევარი მაინც დამითმეო.
- არა, ვერ დაგითმობო.
ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა: ერთი კუნჭული მაინც დამითმეო.
- ვერ დაგითმობო, მთელი სახლი უნდა დავიჭიროო!
- რად გინდაო?
- რათა და მათაო, რომ ერთს კუთხეში მე უნდა დავდგეო, მეორეში ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში - ყველსაო.
ადგა სიღარიბე და გაეცალა. მთელი სახლი ცხვარს დარჩა.