პაპა მაგიდასთან იჯდა, გაზეთს კითხულობდა, სერთუკის უკანა ჯიბიდან ხელსახოცის ყური უჩანდა. პატარა კუდრაჭელა ნუნუ კუთხეში დედოფლებთან თამაშობდა. გოგონა რიღასთვისღა წამოდგა, ხელსახოცის ყური დაინახა, მიეპარა ჩუმად პაპას, ხელსახოცის წვერი გამოამარყუჟა და ისევ დედოფლებში გაერთო.
პაპამ გაზეთის კითხვა გაათავა. მოხუცებულმა ჯდომით დაბრუშებულის მუხლების გასაშლელად ოთახში დაიწყო სიარული, მერე ხელსახოცი ამოიღო და ცხვირი მოიხოცა, შენიშნა მარყუჟი და თავისთავს დაეკითხა:
- ნეტა რის მოსაგონებლად გამომისკვნია ეს ხელსახოცის ყური!
ნუნუ სწრაფად წამოხტა და პაპის ხმამაღლა წარმოთქმულს კითხვაზედ უპასუხა: - ნუნუს საახალწლოთ სათამაშო უნდა ვუყიდოო.
- ჰა, ჰა, ჰა! - ჩიფჩიფით ჩაიცინა მოხუცმა და მაშინვე ქუდი აიღო, ხელში თავისი ბერკეტი დაიჭირა და სათამაშოს სასყიდლად წავიდა. „რაკი დავპირებივარ, უნდა ვუყიდო, მეტი გზა არ არის; ვუყიდი ფაიფურის პირუტყვებს, დეე შეისწავლოს იმათზედ ზოოლოგია“.
ნუნუ შკაფთან მივიდა, სარძევით რძე გამოიღო, ჭიქაზედ დაასხა და ძირსაც დააქცია. - არ ავწმენდ, არც გოგოს ვეტყვი, ვანო შემოვა, ფეხი წაუცურდება და წაიქცევა, - და გავიდა.
პაპა მოდის, ჯიბეში კოლოფი უდევს, იღიმება: „ჩემს გოგონას როგორ გავახარებ, როცა ამ ლამაზად გამოსახულს პირუტყვებს მივუტან“. პაპამ დაქცეული რძე ვერ შენიშნა, ფეხი წაუსხლტა და ძირს ბრაგვანი მოსძვრა.
ბრაგუნზედ ნუნუმ შემოირბინა და ხარხარი დაიწყო, მერე კი შერცხვა და პაპას აყენება დაუწყო; ჯიბეში კოლოფი დაუნახა და ხტუნაობა დაიწყო: აბა, პაპა, რა მიყიდე?
პაპამ კოლოფი გახსნა და შიგ მარტო ფაიფურის ნამსხვრევებიღა იყო.
ნუნუ კუდამოძუებული კარში გაიქცა. - „ახია ჩემზედ, ვანოს მახეს ვუგებდი, პაპა კინაღამ მოვკალი და ხელცარიელიც დავრჩი“, და ტირილი დაიწყო.