გაზაფხულზე ზამთრის საძოვრებიდან კავკასიონის მთებისაკენ დაიძრა ცხვრის ფარა.
როგორც ყოველთვის, ფარას წინ უშველებელრქიანი ვაცი მიუძღოდა. ასეა ოდითგანვე, ცხვრებს თხა ჰყავთ წინამავალ-მეგზურად. ოთხიოდე კავკასიური ნაგაზი ფარას დღე და ღამე თავს დასტრიალებდა, იცავდა მტაცებელი მხეცებისა და ფრინველებისაგან.
ლეგაფერის უშველებელ ნაგაზს - ალმასას ფოლადის საყელური ეკეთა. ბევრი მგელი, ტურა და აფთარი მოუგუდავს ალმასას. ფოლადის საყელურით დაცულ კისერს მხეცი ვერაფერს აკლებდა. ეს ძვირფასი საჩუქარი, ორი წლის რომ გახდა ალმასა, მაშინ შეაბა ყელზე უფროსმა მწყემსმა, სარქალმა პაპა ანანიამ. სამი წელია ალმასა ამაყად ატარებს ფოლადის საყელურს.
მწყემსებს ბარგი-ბარხანით დატვირთული ორიოდე სახედარიც მოჰყვებოდათ.
მოშუადღევდა. შირაქის ველის მიწურულში ვაცმა ფეხს აუჩქარა, წყლის სიახლოვე იგრძნო გუმანით, მალე მარცხნივ შეუხვია და კუნტრუშით დაეშვა დაღმართზე. ცხვრებიც თან მიჰყვებიან ბელადს, ათიოდე წუთის შემდეგ ალაზნის ცივ წყალს დაეწაფნენ მოწყურებულნი.
ფარა ალაზნის ნაშეზე გაიშალა და დაეყარა.
დიდი ვერხვის ძირას სახედრებს ბარგი მოხსნეს მწყემსებმა, გადაწყვიტეს, აქ დაესვენათ და დანაყრებულიყვნენ. ვაცმა ალაზნის პირას აიარ-ჩამოიარა, ცხვრებს ამაყად გადახედა და შეუკიკინა:
- ხომ ხედავთ რა კარგ ადგილზე და რა დროულად მოგიყვანეთ, ისიამოვნეთ და დაისვენეთ, ჰეე, მე რომ არ ვიყო, რა გეშველებოდათ, გზას ვერ გაიკვლევდით და აქეთ-იქით დაიფანტებოდითო.
დედა ცხვარმა იწყინა თხის ნაუბარი და შებღავლა:
- რა ძალიან თავი მოგაქვს, მატყლი არ ვარგა შენი და ყველი, ჩვენი გულისთვის გინახავენ, ისე დიდი არაფერი შვილი ხარო.
იქვე წამოგორებულმა სახედარმა შეყროყინა:
- ვირობაში არ ჩამომართვათ და მეც დიდი ღვაწლი მიმიძღვის ფარის წინაშე: მწყემსების ბარგს და საკვებს მგზავრობის დროს მე ვატარებ მთაში. სადაც მანქანა და ცხენიც კი ვერ გაივლის, იქ მე დავდივარ და თქვენთვის ქვამარილი ამომაქვს. ხომ ვიცი, რა სიამოვნებით ლოკავთ მარილს, უმარილოდ მთის ბალახიც უგემურიაო.
ნაგაზმა უსმინა, უსმინა თხის, ცხვრის და სახედრის დავას, ვეღარ მოითმინა და შეჰყეფა:
- ჰაი დედასა, მე, მე რომ არც კი მახსენებთ, მე რომ არ გდარაჯობდეთ, მაშინ ნახავდით თქვენს სეირს: ტურა-მგლის ლუკმა გახდებოდით და ბატკნებს არწივი მოგტაცებდათო.
მწყემსებმა უსმინეს, უსმინეს და ბოლოს სარქალმა ანანიამ დარიგებით თქვა:
- ყველა თავის ადგილას საჭირონი და კარგები ხართ. უერთმანეთოდ ყველას გაგვიჭირდებოდა.
თხამ, ცხვარმა, სახედარმა და ნაგაზმა თავი დახარეს და გაჩუმდნენ. მიხვდნენ, რომ პაპა ანანია ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი იყო, ეს ადამიანი უვლიდა და პატრონობდა ყველას.