(გაგრძელება)
ჰაჯი ჩალაბმა ხელახლა გააჩაღა ბრძოლა. ამ ჟამად თავდასხმიდა და ხმალდახმალ ბრძოლის მაგივრად, მან მიმართა თოფებს. ორივე მხრიდან ქართველებს დაუშინეს ტყვია, მაგრამ ეს თოფის სროლა თითქმის არავითარ ვნებას არ აყენებდა მათ. ესენი ამოეფარნენ ხეებს, კლდეთა, ბუჩქებსა და ისხდნენ იქ უვნებლად: ზოგი მათგანი ჭრილბას იხვევდა, ზოგნი თოფ-დამბაჩებს სტენავდნენ, ხოლო საერთოდ ყველანი, კარგა ძალზე დაღლილ-დაქანცულნი, ისვენებდნენ და მომავლის ბრძოლისათვის ემზადებოდნენ.
სწორედ გასაოცარი იყო ამ ხალხის სულის მდგომარეობა! ცხადათა სჩანდა, რომ ყოველი მათაგნი კარგად ხედავდა აწინდელი ვითარების სიძნელე-გაჭირვებასა; მაგრამ, ამავე დროს, თვით მძიმედ დაჭრილთა სახეზედაც კი მზის გულივით ბრწყინავდა ვაჟკაცური მხნეობა და გაბედულობა, იმედი და სასოება. მათ შორის ხშირად ისმოდა ხუმრობა, მხიარული ღიღინი, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, რომელსაც მოსდევდა ხოლმე გულიანი სიცილ-ხარხარი. ხანდისხან ერთი რომელიმე მხიარულად შემოსძახებდა რაიმე საგმირო სიმღერას, ამას მაშინვე მოჰყვებოდა მოძახილი, ბანი და მთელს ხეობას, მთასა და ბარს მოედებოდა დიდებული ხმა, ნათლად გამომხატველი შეურყეველის მამაცობისა და ძლიერი სულის სიმტკიცისა. ამისთანა დროს დაუძინებელი მტერიც კი წყნარდებოდა და, სულგაკმენდილი, ყურს უგდებდა ამ გმირთა გრიალს, მამულის სადიდებელ ჭექა-ქუხილს.
მეფე ერეკლე ისევ წეღანდელ მაღლობზე სჩანდა, უზარმაზარი მუხის ქვეშ უნაგირი დაედოთ და მასზე იყო ჩამომჯდარი. მარცხენა ხელით თოფი ეჭირა, მარჯვენაზე ნიკაპი დაეყრდნო და ღრმა ფიქრებს მისცემოდა. ზაქარია და ოთარი ცოტა მოშორებით იდგნენ და დაბალის ხმით რაღაცაზედაც ლაპარაკობდნენ... ერეკლე უცებ წამოხტა, გადადგა ორიოდე ნაბიჯი წინ და დაიძახა:
- ზაქარია, მოდი ჩქარა აქა! ამ მხრიდან ტყეში ვიღაც მოდის!.. მოკეთეა, თუ მტერია, აბა ერთი ნახე.
- აქედან მტერი ვერ მოვა, ბატონო!.. - მოახსენა ანდრონიკაშვილმა, - მანდ ტყეში ფშავ-ხევსურები დგანან... ოსი ხეთაგური იქნება... - მართლაც და სწორედ ამ დროს მოისმა ხეთაგურისა და ყარაულების ლაპარაკი. მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა თვით ხეთაგურიც. ერეკლემ სიამოვნებით გადახედა ხვითქში გაცურებულ ახლად მოსულს და უთხრა:
- მარჯვედ გივლია, გმადლობ! აბა რას იტყვი, ხეთაგურო?
უკანასკნელმა თავის დამტვრეულის ქართულით იწყო ლაპარაკი და აღმოჩნდა შემდეგი: ჰაჯი ჩალაბს მოეშორებინა თავის ჯარისთვის სამასი მხედარი და გაეგზავნა აღმოსავლეთისკენ, რათა შემოევლო იმ მთისთვის, რომელიც მდებარეობდა ქართველების მარცხენა მხარეს, შემდეგ შეერთებოდა ხეობაში მყოფ ლეკებს და ამნაირად მოესპო ერეკლესთვის უკან დაბრუნების საშუალება. გარდა ამისა, აღმოჩნდა ისიც, რომ ჰაჯი ჩალაბი ყოველ წამს ელოდა დაღესტნიდან დიდძალ ლეკების მოშველებას. ეტყობა, ჩვენი წინ წატყუება უნდათო, გზის აქეთ და იქით საფრებს აკეთებენო.
- მამაჩემზე, ან ერევნის და განჯის ხანებზე ხომ არარფერი გაგიგონია? - ჰკითხა ერეკლემ ხეთაგურსა.
- ბატონ თეიმურაზზე და ერევნის ხანზე არაფერი, - უპასუხა ოსმა, - მაგრამ განჯის ხანის ხსენებას კი ყური მოვკარ... ერთი ცხენოსანი თათარი მოიჭრა და რაღაც ქაღალდი მიართვა ჰაჯი ჩალაბს. ამ ბარათის წაკითჴვამ დიდათ გაახარა იგი და რამდენჯერმე ხმამაღლა წარმოსთქვა განჯის ხანის ქება-დიდება.
- მსწრაფლ შესხედით ცხენებზე, - დაიძახა მეფემ, - ოთარ, შენ უკან მოჰყევი რაზმსა... თუ, ვინიცობაა, მტერი მოგვეწია, შენ უნდა გასცე პასუხი. ზაქარია, ჩვენ უნდა გავუძღვეთ წინ ჯარსა, მტერი უნდა გავარღვიოთ და საჩვენოსკენ გავქანდეთ. იმედი მაქვს, რომ სინამ ლეკის რაზმი ამ მთას მოუვლის, ან ჰაჯი ჩალაბს, ახალი ჯარი მოეშველება, ჩვენ უკვე სამშვიდობოში ვიქნებით გასული.
ბრძანება მეფისა საჩქაროზე იქნა აღსრულებული. ერეკლე დაუდგა თავში რაზმსა. მას უკან მოუდგნენ ზაქარია, მაჩაბელი, რამდენიმე თუში. დაიძრა ჯარი და ხმაგაკმენდილი დინჯის ნაბიჯით დაადგა იმავე გზას, რომელზედაც გამოიარა ამ ხუთიოდე საათის წინად. ლეკებმა, რაღა თქმა უნდა, მალე შენიშნეს მათკენ მიმავალი ქართველები. ასტეხეს ღრიანცელი, საჩქაროზე მოიყარეს გზაზე თავი და იწყეს თოფის სროლა. გავარდა მეფის თოფიც, რომელსაც იმავე წამს ხმა მისცეს მთელი რაზმის თოფებმა... შემდეგ ერეკლე ცხენზე მოტრიალდა. პირი ქართველებისაკენ ჰქნა და მჭექარი ხმით შესძახა:
- ხმალი, ხმალი ამ წუნკლებს!
ამ ხმას მაშინეთვე მოჰყვა მუქარითა და მრისხანებით სავსე გრგვინვა. როგორც გრიგალი ქარიშხლისა, ისე გაჰქანდა რაზმი ქართველებისა. რისხვა ღვთისა დაატყდათ მაშინ გზაზე მდგომარე ლეკებს: ორასზე მეტი გამოსალმა სამუდამოდ წუთისოფელს. თავზარდაცემულნი გარბოდნენ აქეთ-იქით და მხოლოდ ის გადარჩა უვნებლად ამ საზარელ კაცთ ნიაღვარს, რომელმაც დროზე მოასწრო გზიდან გადახტომა!..
ნიავ-ქარივით მიჰქროდა ქართველთა რაზმი. გადიოდა დრო, ოფლის ხვითქში სცურავდნენ ცხენები, მხედარნი გრძნობდნენ დაღალვას, მაგრამ ცხენების თავის დაჭერა, ერთ წამს მაინც მათი შეჩერება და შესვენება ფიქრადაც არავის მოსდიოდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს ქართველებმა თავისუფლად, როდესაც მშვიდობით გამოსცდნენ იმ ხევს, რომლითაც ჰაჯი ჩალაბის მოხსენებული სამასი კაცი უნდა გამოსულიყო გზაზე. გაიარეს ცოტა რამ მანძილი და მალე სრულიად გავიდნენ სახიფათო ხეობიდან. რაზმი ნელ-ნელა დაეშვა იმ ფერდობზე, რომელზედაც დილას ამოარა. წინ მიმავალმა ერეკლემ პირველმა გადახედა ამ მაღლობიდან შირაქის თვალ-გადაუწვდენელ მინდორს. მსწრაფლ შეაჩერა ცხენი და აღელვებით წამოიძახა:
- ღმერთო ჩემო, ამას რას ვხედავ!.. ეს რა ამბავია?!.
მთელი ველი შირაქისა, სადამდისინაც კი ადამიანის თვალი გასწვდებოდა, მოფენილი იყო საქართველოს ჯარითა. ეს ჯარი გაყოფილიყო ორად: ხანების ჯარი გარბოდა სამხრეთისაკენ, ხოლო ქართველებისა ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ. გაფანტული ჯარი თავზარდაცემულ, ნადირისგან დამფრთხალ-გადარეულ ცხვრის ფარას წააგავდა. შორს იყვნენ, მაგრამ შეშინებული ხმაურობა, ღრიანცელი ხანდისხან გარკვევით მოჰქონდა ქარსა. ეს არევდარეული ღრიანცელი სიტყვებზედ უფრო ცხადათ ხატავდა გაქცეული ხალხის სულისა და გულის შემაძრწუნებელ მდგომარეობას. მთელი რაზმი ქართველებისა გაქვავებულივით იდგა რამდენსამე წამს ერთ ადგილზე. აღშფოთებულის გულით და ბრაზმორეულის განცვიფრებით ხან გაქცეულ თათრებს გასცქეროდა, ხან ქართველებსა.
- რა მომხდარა?.. რა მოსვლიათ, ნეტა? - ნაღვლიანის გაჯავრებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქართველები.
ერეკლემ ცხენი მიატრიალა გზის პირად გაჭიმულ, დაბურულ ტყისაკენ და სულგანაბულმა ყური მიაპყრო იქით. პატარა ხანს უკან დაიძახა:
- შედით ვინმე ტყეში... აქ ახლო რაღაც ხმაურობა ისმის... ქართველები უნდა იყვნენ. - რამდენიმე ცხენოსანი მაშინათვე შეცვივდნენ ტყეში. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდნენ უკან და თან ორი ქართველი ჯარისკაცი მოიყვანეს.
- ვინ ხართ თქვენ? ჰკითხა მათ ერეკლემ დანახვის უმალვე.
- ბატონ თეიმურაზის ჯარში გახლდით, შენი ჭირიმე... და როცა ჩვენი ჯარი უკან გაიქცა, ჩვენ ამ ტყეში დავიმალენით, თათრებმა დაგვარწმუნეს, რომ მეფე ერეკლე და ყველანი, ვინც კი იმასთან იყვნენ, სულ ერთიან ლეკებმა ამოჟლიტესო, ახლა ამ ტყისთვის მოუვლიათ, გზა უნდა შეგვიკრან და ჩვენც ისევე საქმე უნდა დაგვმართონ, როგორც ერეკლესაო. ბევრი არწმუნა ბატონმა თეიმურაზმა, ეგ ყველა ტყუილიაო... ბევრი ეხვეწა თათრებს, ქართველებსაც... ჯავრობდა, პირიდან ცეცხლს ჰყრიდა, მაგრამ საქმეს მაინც ვერა უშველა-რა... ჯარი შეშინდა, შენი ჭირიმე, და როცა თათრები გაიქცნენ, მეფემ ვეღარც ქართველები შეიმაგრა: ისიც გაიტაცეს და გაჰქანდნენ საჩვენოსაკენ...
- ბატონო, - მოახსენა მეფეს ოთარ ამილახვარმა, - ლეკები გამოჩნდნენ. - ამ სიტყვების გაგონებაზე ერეკლემ მსწრაფლ შეწყვიტა ლაპარაკი, ცხენი გაატრიალა უკან და გადახედა მომავალ ლეკებს.
- ბლომად არიან, - წარმოსთქვა მან დაფიქრებით, - ტრიალ მინდორში მათთან ამ ჟამად ვერას გავაწყობთ... მეტი გზა არ არი, უნდა მოვერიდნეთ. ზაქარია, შენ გაღმა მხარეს უნდა მიეშველო... ეჭვი არ უნდა, ლეკები იქაურ სოფლებს დაერევიან. ეხლავე გაჰქუსლე. ხვალ, მზის ამოსვლისას, მეც იქ გავჩნდები. ოთარ, შენ უნდა თელავისაკენ გაფრინდე: მამაჩემი იქით იქნება სადმე; წამოიყვანეთ, რაც ჯარი ახლდეს, ან რის შეკრებაც ხელათ მოასწროთ და ხვალ დილაზე უსათუოდ ყვარლისკენ წამოდით, მე კი აქედან სიღნაღში, ან ბაკურციხეს წავალ...
ზაქარია და ოთარი მაშინვე გაუდგნენ გზას, ორმოცამდე ჯარისკაცი გაჰყვა მათ უკან. დარჩენილებს მიუბრუნდა ერეკლე და უბრძანა:
- ვისაც ცხენები გივარგათ, გამომყევით უკან; ვისაც არა, ამ ტყეში შედით და ეცადეთ, რომ ხვალ დილაზე ყვარელში მოიყაროთ თავი.
ამ სიტყვების შემდეგ შემოჰკრა ცხენს ქუსლი. მას გაჰყვა უკან ორმოცამდე კაცი, დანარჩენები შევიდნენ ტყეში.
ერეკლეს წმინდა არაბული ჯიშის ცხენი ჰყავდა, იგი ძღვნად იყო გამოგზავნილი სპარსეთის მბრძანებლის, გამოჩენილის ნადირ-შაჰისაგან. ნიავსავით მიჰქროდა, როცა იგი ტარებით მიდიოდა, ხოლო ჭენება მისი ჰგავდა შავარდნის ფრენასა. იყო ამასთანავე დაუღალავი, ფრთხილი და ადამიანსავით გონიერი. დალოცვილმა პირუტყვმა თითქო იგრძნო თავის დიდებული პატრონის სახიფათო მდგომარეობა... ერთი ამაყად დაიჭიხვინა და მერმე მოსწყდა დედამიწას: როგორც ელვა, ისე გაჰქანდა ტრიალ მინდორზე. მის ფეხების მოძრაობას თვალს ვერ მოჰკრამდა ადამიანი; ამის გამო შორიდან ისე სჩანდა, თითქო რაღაც ზღაპრული ცხოველი დედამიწის პირად ჰაერში მიცურავსო. ამისთანა ცხენის პატრონს, რაღა თქმა უნდა, ვერავინ მიჰყვებოდა. ამალა მალე ჩამორჩა მეფეს და ბოლოს ეს უკანასკნელი სრულიად მიეფარა მხლებელთა თვალსა. ცხენმა ნახევარ საათამდე ირბინა ამნაირად, მაგრამ შემდეგ კი ნელ-ნელა უკლო ჭენებასა. უცებ შეჩერდა, ერთი ღონივრად გააკანკალა, გაციებულსავით შეაჟრჟოლა, მთვრალი კაცივით წატორტმანდა და გადიღუნა გვერდზე წასაქცევათ. ერეკლემ ძლივს მოასწრო მიწაზე გადმოხტომა. პატიოსანმა პირუტყვმა ერთი კი ამოიხვნეშა და მსწრაფლ დალია სული. პატრონმა მწუხარებით აავლ-ჩაავლო თვალი ცხენსა და მალე შენიშნა, რომ მუცელში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღვირი მიაგდო უსულო ცხენსა და შეშფოთებით მიმოიხედა. ამ დროს მან შენიშნა ერთი ქიზიყელი თავადიშვილი, რომელიც იქვე ახლო მიაჭენებდა ცხენსა. მეფე გადაუდგა წინ და შესძახა:
- თავადო, მე ცხენი მომიკვდა და უნდა შენი ცხენი დამითმო. - თავადიშვილი მსწრაფლ მიიჭრა მეფესთან და მოახსენა:
- მობრძანდით, ბატონო, შემომიჯექით უკან და ორივენი გავიქცეთ.
- ღმერთმა შენც შეგაჩვენოს და ვინც შენ უკან შემოგიჯდეს, ისიცა! დამეკარგე აქედან!..
- ბატონო, აი ცხენი!.. შებრძანდით, შენი ჭირიმე, და უშველეთ თავს, - მოესმა ერეკლეს მეორე მხრიდან.
მეფე საჩქაროზე შეხტა ამ ცხენზე და შემდეგ მიუბრუნდა მის პატრონს:
- აბა, ჩქარა შემომიჯექ შენც უკან.
- არა, შენი ჭირიმე, ცხენი ვერ შეძლებს ორი კაცის ჭენებასა.
- ბევრს ნუღარ ლაპარაკობ!.. აგერ ისმის ლეკების ღრიანცელი... ჩქარა შემომიჯექ, თორემ მოგკვლენ...
თუნდაც რომ მომკლან, არა უშავს-რა, შენი ჭირიმე!.. ჩემისთანებს ქართველი დედა წელიწადში ათასსა შობავს... თქვენ გადირჩინეთ თავი, ბატონო... ერეკლე ბატონიშვილს ძნელათღა გაზრდის ქართველი ძუძუ.
მოისმა ლეკების ხმაურობა... დახანება აღარ შეიძლებოდა. მეფემ შემოჰკრა ცხენს მათრახი, მაგრამ იმავე წამს შეაჩერა და შემოსძახა ცხენის პატრონსა.
- მითხარი: ვინა ხარ? სადაური ხარ?..
- ქვემო მაჩხაანელი გლეხი, გაბრიელა ბოსტაშვილი გახლავარ, შენი ჭირიმე!..
დიდი კაცის ვახშობა მოტანებული იქნებოდა, როდესაც ქვემო მაჩხაანში ერთი ცხენოსანი შევიდა. ამ დროს, რაღა თქმა უნდა, მთელ სოფელს უნდა სძინებოდა, მაგრამ იმ ღამეს, როგორც მოხსენებული სოფლის, ისე მთელი ქიზიყის სამოურაოს მცხოვრებელთა შორის ძილი ფიქრადაც არავის მოსდიოდა. თეიმურაზის გამოქცეულმა ჯარმა მთელს კახეთს და, მომეტებულად, ქიზიყს შემაძრწუნებელი ამბავი მოჰფინა. ქაცი თუ ქალი, მოქალაქენი თუ სოფლელები ამ ამბავმა ერთიან ფეხზე დააყენა. ბევრი იხიზნებოდა, მაგრამ ამაზედ უფრო მომეტებული თოფიარაღში ჯდებოდა. გამარჯვებულ მტერს ყოველ წამს მოელოდა და მას მამა-პაპურ დახვედრას უპირებდა. წინამძღვრების არჩევა და ამის გამო ბევრი ყაყანი და ლაპარაკი ამისთანა დროს სრულიად საჭირო არ იყო. საქმის მოთავედ იგი ხდებოდა, რომელსაც გამოცდილება წინ მიუძღოდა, ვაჟკაცური სული და მამულის სიყვარული ნათელსა ჰფენდა და სხვებისაგან არჩევდა. მაგრამ ხშირად ესეთი რჩეულნიც კი მოქმედების დროს გვერდზე დგებოდნენ და სხვების განკარგულებას ემორჩილებოდნენ. ბევრჯერ გარემოება საზოგადო ასპარეზზედ ისეთებს წამოაყენებდა, რომელნიც მანამდისინ არაფრით განირჩეოდნენ მეზობლისაგან. ბედნიერია ის ერი, რომელსაც სამოქმედო სარბიელი წინ უდევს, ყოველის მხრივ კარგაღებული! ამისთანა ერს თავში ჩაკვრას ვერავინ გაუბედავს: გმირები მას არ გამოელევიან არას დროს!
- გაბრიელა ბოსტაშვილი სად ცხოვრობს? - იკითხა უცნობმა ცხენოსანმა სოფელში შემოსვლისთანავე. საჩქაროდ უჩვენეს ერთი გლეხის ქვიტკირის სახლი... ცხენოსანი მივიდა ამ სახლთან და კარებში მდგომ თეთრწვერა ბერიკაცს სალამი მისცა:
- გამარჯვება, ბერიკაცო, გამარჯვება შენ.
ბერიკაცმა შეხედა მოსულს: გაარჩია, რომ ის უბრალო კაცთაგანი არ იყო... თავი დაუკრა და უპასუხა:
- გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა!
- გაბრიელა ბოსტაშვილი აქა ცხოვრობს?
- დიახ, შენი ჭირიმე, აქა ცხოვრობს. ის გაბრიელა ჩემი ბიჭია.
- მაშ, ამაღამ შენი სტუმარი უნდა ვიყვე. - და მხედარი გადმოხტა ცხენიდან.
- მობრძანდი, მობრძანდი, შენი ჭირიმე!.. - ხელი სტაცა აღვირს, იქვე სახლის უკან მიაბა ცხენი და თითონ გაუძღვა სტუმარს სახლში. კერის წინ სკამი დაუდგა და ზედ დაბრძანება სთხოვა. როდესაც სანათის შუქზე მოხუცმა ხელახლა შეხედა სტუმარს, რამდენსამე წამს თვალი ვეღარ მოაშორა. რაღაც ფიქრები აეშალა თავში: თითქო სადღაც და ოდესღაც ენახა ეს კაცი, მაგრამ სიბერისაგან დასუსტებული მეხსიერება ღალატობდა და ამის გამო ვეღარ მოეგონა-რა. სტუმარმა შენიშნა მოხუცის მდგომარეობა, გაუღიმა და ჰკითხა:
- ერთი ეს მითხარი, ბერიკაცო, გაბრიელა, შენი ბიჭი, ამჟამად სად არის?
- ეხლა, ამ წამში სად არის ჩემი ბიჭი, სწორე მოგახსენო, არ ვიცი, იქნება ზეცაშიც არის ეხლა ისა! ამ ორი დღის წინათ კი სალაშქროდ გაჰყვა ჩვენს მოურავს, ზაქარიასა. ანბობენ: მეფეები დამარცხდნენ და იმ რჯულძაღლმა ლეკებმა დიდძალი ქართველობა ამოხოცესო... ანბობენ... კიდევ ვინ იცის, რეებს არ ანბობენ!
- მაინც რას ამბობენ?
- ღმერთმა დასწყევლოს წუწკი და ბოროტი კაცის დაუყენებელი ენა! ანბობენ, ვითომც ბატონი ერეკლე...
- რაო? ლეკებმა მოჰკლესო?..
- ეჰ, შე დალოცვილო, როგორ იქნება? ეგ რა ბრძანებაა! - გაჯავრებით დაიძახა მოხუცმა.
- შე თვითონ დალოცვილო, რას ჯავრობ? ვეღარ გეშველა-რა და, ახლა მაინცა სთქვი, რას ამბობენ?
- აი იმას ანბობენ, რაც ეხლა შენა თქვი, მაგრამ ტყუილია, მიჰქარავენ.
- სწორეთ, სწორეთ მიუქარავს, ვისაც ეგ უთქვამს... მეფე ერეკლე დღეს ბინდისას ბაკურციხეს ბრძანდებოდა. იქიდან კაცები გაგზავნა, რომ ყველა ამ ახლო-მახლო სოფლებიდან ამაღამვე ჯარი მოგროვილიყო სიღნაღში.
ბერიკაცი სწორედ გადარეულს დაემსგავსა. ერთი კი შეჰყვირა: ოი, შენ ენას ვენაცვალეო, და შემდეგ იწყო სიცილი, ტირილი, დარბაზში სირბილი, პატარა ბიჭივით ხტუნაობა. მერმე მიირბინა სახლის ბნელ კუნჭულში, ვიღაცას დასტაცა ხელი და იწყო ხმამაღლა ყვირილი:
- თინათინ, თინათინ, დედაკაცო, ბატონი ერეკლე ცოცხალიაო, ცოცხალი!
- ვინა თქვა ეგ ამბავი, გიორგი, ვინა? - მოისმა მისუსტებული ხმა.
- ადე, ადე შე საცოდავო! აი აქა ბრძანდება ის კაცი, ვინც მითხრა.
ამ სიტყვებზე დარბაზის ბნელი კუნჭულიდან ბერიკაცმა გამოიყვანა ჯანგატეხილი, გამხდარ-გაყვითლებული დედაკაცი. ამან თავის ღრმად ჩაცვივნული თვალები მიაშტერა სტუმარს, პატარა ხანს უცქირა და მერმე მხიარულად უთხრა ქმარსა:
- გიორგი, ამ კაცს სახეზე ეტყობა, რომ ტყუილს არ იტყვის. მაშ, მართალი იქნება, რაც უთქვამს... მადლობა უფალს... აბა, ერთი ჰკითხე: ჩვენი გაბრიელასი ხომ არა იცის-რა?
სტუმარი საჩქაროზე წამოდგა ფეხზე. მივიდა მოხუც ცოლ-ქმართან და ალერსიანი, დედაშვილური კილოთი უთხრა თინათინს:
- როგორ არა, მოხუცო, როგორ არა!.. დღეს საღამო ჟამზე ვნახე შენი გაბრიელა... ცოტა ხანს ვილაპარაკეთ კიდეცა... კარგათ იყო, კარგათ და ძიელ კარგი ბიჭიცა გყოლიათ თქვენ ისა!.. ღმერთმა მოგცეთ იმისი თავი!..
- ოი, შენ მუხლებს ვენაცვალე, ბატონო! უფალმა პატიოსანმა ადიდოს შენი სიყრმე, გაგიძლიეროს ცოლ-შვილი! ეგ გაბრიელა მეოთხეა, შენი ჭირიმე, მეოთხე, სამი ვაჟკაცი შვილი მომიკლეს იმ შეჩვენებულმა ლეკებმა... მე ისა მკლავს და ის მიდაგამს გულ-ღვიძლსა, რომ ორს თავები დამიჭრეს იმ სასიკვდილეებმა, მესამეს - მარჯვენა, იმ მარჯვენა გასახმობებმა.
- საიქიოს, თინათჲნ, ვიღას რათ უნდა ან თავი, ან ხელები, რაც იყო, იყო და გათავდა!.. დაანებე მაგაებს თავი, თორემ ღმერთია შენი თავდები, შენ ეგ „ხელი და თავები“ სწორეთ სამარეს გაგითხრიან, შე საცოდავო! - უთხრა მეუღლეს გიორგიმ.
- როგორ თუ საიქიოს ვის რათ უნდა თავი და ხელები? - ყვედრებით შემოუტია ქმარს დედაბერმა, - რათ იცი, კაცო, ემაგისთანა ღვთის საწყენი ლაპარაკი? თუ კაცმა თავი არ დაუკრა, განა შეიძლება ღვთის დიდება? მარჯვენა ხელით თუ პირჯვარი არ გადაიწერა, განა მოხერხდება უფლის ლოცვა-ვედრება?
ბერიკაცმა ამაზე პასუხის მიცემა დააპირა, მაგრამ სტუმარი ჩაერია და ეს საღვთისმეტყველო ბაასი შეაწყვეტინა.
- მე დარწმუნებული ვარ, მოხუცო თინათინ, რომ შენს გაბრიელს ეგ საქმე არ დაემართება. ღმერთი დაიფარავს და ამ ცოტა ხანში უვნებლად დაგიბრუნდება სახლში.
- მიბოძე, ბატონო ხელი... მიბოძე, შენს მზეს ვენაცვალე... - ამ სიტყვებზე დედაბერი მისწვდა სტუმარს და უწყო კოცნა მარჯვენა ხელზე. თანაც ტიროდა და მდუღარე ცრემლით ასველებდა ამ მარჯვენას... სტუმარმა არ გაინთავისუფლა ხელი... მწუხარე დედას თვალი მოარიდა, გვერდზე მიიღო თავი და ცრემლმორეულმა ნაღვლიანად წარმოსთქვა:
- იდიდოს, ღმერთო, შენი მიუწვდომელი მარჯვენა! როდემდის უნდა იღვროდეს ასე ქართველი დედის მდუღარე ცრემლები?
დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სნეული დედაბერ ისევ დაუბრუნდა თავის ლოგინს, მისი ქმარი ვახშმის მზადებას შეუდგა. სტუმარიც სკამზე ჩამოჯდა წეღანდებურათ, ზურგი სახლის ბოძს მიჰყუდა და ჩაფიქრდა. სათნოიანი, ალერსიანი გამოხატულება სახისა შეეცვალა: ამ სახეს ღრმა მწუხარება და ძლიერი ტანჯვა სულისა გადაეფინა. მაგრამ მალე ესეთი მდგომარეობაც სხვა გვარად შეეცვალა: ტანჯვა-ვაების ადგილი ახლა მრისხანებამ დაიჭირა. წარბები შეენასკვა, დიდი თვალები თითქო უფრო გაუდიდდა და შიგ ჯოჯოხეთურმა ალმა აუწყო პრიალი. შავი სქელი წვერ-ულვაში, ცოტა მოზრდილი, მოხრილი ცხვირი, შავგვრემანი სახე, მზისას და ქარისაგან შერუჯული, თვალების მეტყველებას თითქო ბანს აძლევდა, ჯოჯოხეთურ ალში თითქო ნავთს ასხამდა. როდესაც მოხუცმა მასპინძელმა თავი მაღლა აიღო და სტუმარს შეხედა, ძალაუნებურად შიში იგრძნო, უკან დაიწია და აღტაცებით წაიდუდუნა: მთის არწივი შემოფრენილა ჩემს ქოხში და აქედან მთელს დუნიას მუქარას უთვლისო. მერმე თავი ისევ ჩაღუნა და ჩუმად უწყო ლანძღვა-გინება თავის ჩერჩეტ მეხსიერებას, რომელიც ამ ბოლო დროს ასე უხეიროდ ეურჩებოდა პატრონსა.
შუაღამე იქნებოდა მოტანებული, როდესაც უცებ სახლის კარი გაიღო და შემოვიდა შეიარაღებული ვაჟკაცი. ბერიკაცმა საჩქაროზე იცნო იგი; ჭაბუკივით წამოხტა და მშვიდობით დაბრუნებული თავისი ბიჭი მამაშვილურად გადაჰკოცნა. შემდეგ სტუმრისაკენ ხელი გაუშვირა და დაბალის ხმით ჰკითხა:
- გაბო, შვილო, ეს კაცი ვინ არის? თითქო მინახამს სადღაც და, დალახვროს ღმერთმა ეშმაკი, ვეღარ მომიგონია, სადა.
გაბრიელა ბოსტაშვილმა გახედა სტუმარს, რამდენსამე ხანს თვალებდაჭყეტილი, პირდაღებული, სარივით გაშეშებული დარჩა ერთ ადგილას. მერმე თვალებზე მიისვ-მოისვა ხელი, წარსდგა ერთი ნაბიჯი, თავი წინ წახარა და გაოცებით დააშტერდა სტუმარსა. აღელვება მისი ისეთი ძლიერი იყო, რომ სულს ვეღარ იბრუნებდა, გაცივებულსავით მთელი ტანით ცახცახებდა. პირჯვარი გადაიწერა და სასოებით წარმოსთქვა:
- შენი ჭირიმე, დედავ, ამას რას ვხედამ? ეს რა ამბავია ჩვენს საწყალ სახლში!!
შვილის ამგვარმა მდგომარეობამ ბერიკაცი უფრო მეტად გააოცა, ჩოხის კალთაში ხელი სტაცა, ძირს დასწია და ხმამაღლა უთხრა:
- ბიჭო, კაცო, რა მოგივიდა? რა არი?.. რატო არას ამბობ, შე მამაცხონებულო?..
ამ ხმაზე სტუმარი ფიქრიდან გამოერკვა, კარებისკენ გაიხედა, და იმავე წამს მართლა არწივივით წამოფრინდა თავის ადგილიდან, ახალგაზრდა ბოსტაშვილს ხელი მოხვია, მხურვალედ ჩაიკრა გულში და მამაშვილურის გრძნობით წარმოსთქვა:
- მადლობა უფალს! შენ რომ იქ ლეკებს მოეკალი, სამარეშიაც ვეღარ მოისვენებდა ჩემი სვინდისი!
- ბიჭო, შე წყეულო, შე შეჩვენებულო, მითხარი, ვინა ბრძანდება ეს კაცი?
- ბატონი ერეკლე, მამა! მეფე ერეკლე!..
- როგორ თუ ერეკლე?.. ის არი, ისა!.. სწორედ ის არი!.. - შეჰყვირა მოხუცებულმა და თითქმის უგრძნობლად დაეშვა სათაყვანო მეფის წინაშე.
მეორე დღეს, სისხამ დილა ადრიან, სიღნაღიდან ხუთასი შეიარაღებული ცხენოსანი გავიდა. მათ წინ მიუძღოდა მეფე ერეკლე, რომელსაც გვერდში უდგა ცხენზედ ვაჟკაცურად გამოჭიმული აზნაური გაბრიელ ბოსტაშვილი. მთელი ახალგაზრდობა ქვემო და ზემო მაჩხაანისა, ბოდბისა, ნუკრიანისა და სხვა ახლომახლო სოფლებისა, ყველანი სალაშქროდ გამოსულიყვნენ და თავმომწონებით მისდევდნენ უკან თავიანთ მასახელებელ მეზობელს გაბრიელა ბოსტაშვილსა. მეფემ ქუსლი შემოჰკრა ცხენსა და იმავე წამს მთელი რაზმი მრისხანე გრიგალივით გაჰქანდა გაღმა მხრისაკენ. სამი საათის შემდეგ ქართველები თავს დაესხნენ ჰაჯი ჩალაბის გათამამებულ ავაზაკებს, რომელნიც შემოსეოდნენ იქაურ სოფლებს და ბარბაროსულის ბოროტებით იკლებდნენ და აოხრებდნენ. გაჩნდა საშინელი ხელჩართული ბრძოლა. სამი ათასი ლეკი თავგამოდებით მოესია ერეკლეს ხუთას გმირსა, მაგრამ ბედის ვარსკვლავმა უმტყუნა ჰაჯი ჩალაბს! ბრძოლის ვერლზე გაჩნდნენ ჯერ ზაქარია და მერე მეფე თეიმურაზი ქართლის ჯარითა. სამის მხრიდან შემოუტიეს მტერსა, სწრაფლ შემუსრეს ყოველი ღონე მისი და არევდარეული, თავზარდაცემული გაირეკეს წინ. ორიათასექვსასი დაჭრილ-დახოცილი ლეკი დარჩა იმ დღეს ბრძოლის ველზედა, ხოლო თვით ჰაჯი ჩალაბი გადაურჩა ქართველების მრისხანებას. ეგრძნო სიმუხთლე წუთისოფლისა და ბრძოლის გათავებამდე გაქცეულიყო რამდენისამე მხლებელით.
ამ დამარცხების შემდეგ მთელი ხუთი წელიწადი ვეღარა ბედავდნენ ლეკები დაღესტნის მთებიდგან თავის გამოყოფასა, და ამ დროის განმავლობაში მთელი ქართლ-კახეთი სტკბებოდა მშვიდობითა და მოსვენებითა.
იმავე დღეს, მზის ჩასვლისას, საქართველოს ძლევამოსილი ლაშქარი დიდის ამბით დაბრუნდა სიღნაღში. წინ მოუძღოდნენ ორნი მეფენი; ჯარი მღეროდა და ეს სიმღერა ედემის წალკოტად გადაშლილს მთელს ალაზნის ველს ეფინებოდა... გომბორისა და კავკასიის მთის ხეობანი ბანს აძლევდნენ და ჯარი კი მღეროდა:
„მთიდან მოსული ვაჟკაცი
გეზელ ქორივით ჰკიოდა,
თავი ხმლით ჰქონდა ნაჩეხი,
გულიდან სისხლი სდიოდა,
სამოცი ლეკი მოეკლა,
უვაჟკაცობას ჩიოდა“.