პაატა მოისწრაფიშვილი

შეუძლებელი არაფერია

ერთ მთვარიან ღამეს, როცა ყველას და ყველაფერს ეძინა, კეთილმა ჯადოქარმა ცხოველებს დიდი ხნის სურვილები აუსრულა: სპილოს ხორთუმის მისცა, ჟირაფს - გრძელი კისერი, ზღარბს - ეკლიანი ქურქი, მაიმუნს - გრძელი ხელები, კუნგურუს მუცელზე ჩანთა დაჰკიდა, ფარშევანგს ულამაზესი ბოლო მისცა, ბულბულს  - მომაჯადოვებელი ხმა; მერე პაპირუსის გრძელ გრაგნილს თვალი საბოლოოდ გადაავლო. - ნეტავ ხომ არავინ გამომრჩა? - თქვა და სიას თითი ჩააყოლა. - ლომი... მემგონი უკმაყოფილო არ უნდა იყოს; ნიანგი... გასაგებია; წერო... აქაც ყველაფერი რიგზეა; არჩვი, დათვი, ვეშაპი, მელია, ჭრიჭინა... არა, დღეს ბევრი ვიშრომე, - დაამთქნარა, ჭაღარა წვერზე ხელი მოისვა და დასაძინებლად გაემზადა. უცებ კარზე კაკუნი გაისმა:

- ვინ არის?

- მე ვარ. -  ოთხაში პატარა მწერი შემოფრინდა.

- რა გაგჭირვებია, ჩემო კარგო? - შეეკითხა ჯადოქარი.

- კეთილო ჯადოქარო, - უთხრა მწერა, - ერთი სურვილი მაქვს და იქნებ შემისრულო. პატარა ჩირაღდანი მინდა მქონდეს გულში, ღამით რომ ვანათებდე...

- ჩირაღდანი? - გაუკვირდა ჯადოქარს, - რად გინდა?

- როგორ თუ რად მინდა... ზოგი ოცნებობს, მაღლა იფრინოს, ზოგს მიწაზე ხოხვა მოსწონს, ზოგს - სირბილი ან ცურვა. არიან ისეთებიც, იამზე ოცნებობენ, რაც შეიძლება მეტი ჭამონ. მე კი მინდა, გზას ვუნათებდე ყველას... შეუძლებელია ამის მიღწევა?

- მთავარია, ძალიან გინდოდეს, თორემ შეუძლებელი არაფერია. - გაეღიმა ჯადოქარს, - ოღონდ იცოდე, ძნელია! გაუძლებ? არ შეგეშინდება? - გამომცდელად შეხედა მერე.

- ყველაფერს ავიტან, ოღონდ ასრულდეს ჩემი ოცნება.

- თუ ასეა, - სანთელი აანთო ჯადოქარმა, - შედი ცეცხლში.

- ახლავე, - თქვა მწერმა და ტანისამოსი გაიხადა.

- რატომ იხდი? - გაუკვირდა ჯადოქარს.

- უფრო მალე დავიწვები. - უპასუხა მწერმა.

გაეღიმა ჯადოქარს, მაგრამ ეს ღიმილი ვაჟკაცობით მოხიბლული, სიამაყით აღვსილი, თვალებგაბრწყინებული კაცის ღიმილი იყო.

- არ დაწვა, მოეფერე და გაათბე, - გადაულაპარაკა ცეცხლს, რომელმაც მწერს პატარა ალი აუნთო გულში.

დღესაც ზაფხულის ბნელ ღამეში, უსათუოდ წააწყდებით, ჩემო შვილებო, მოკაშკაშე მწერებს ჭალებში, ტყეებში, მინდვრებში... ეს იმ გულადი მწერის შთამომავლები არიან - ციცინათელები.