ქეთევან ჭილაშვილი

თინას პატარა დაიკო

- რა ლამაზი თოჯინაა! – აღტაცებული ნუნუ დაიკოს ახლოს მიუჯდა.

- ჰო, ლამაზია, ამ წითელი ქაღალდის კაბას რომ ჩავაცმევ, კიდევ უფრო გალამაზდება, - მიუგი თინამ და მაკრატელი მოიმარჯვა.

- მაჩუქე რა! – შეევედრა ნუნუ.

- როგორ გაჩუქო? სკოლაში თოჯინების თეატრს ვაწყობთ, იმისთვის ვამზადებ, - დაუყვავა თინამ პატარა დაიკოს და თოჯინა პიანინოზე დადო.

ნუნუმ გაიგულა თუ არა თინა, ტახტზე პატარა სკამი დადგა, ზედ აფოფხდა და თოჯინა გულში ჩაიკრა, მერე აივანზე გაისეირნა, მკლავზე „ჩაძინებული“ მუთაქაზე მოასვენა და თვითონაც გვერდით მიუწვა.

- დედიკო, ქაღალდის თოჯინა რა იქნა? – მოიკითხა თინამ.

- აკი პიანინოზე დადე! – მოაგონა დედამ.

- აღარ არის! – აწუწუნდა გოგონა, მაგრამ თვალი მოჰკრა თუ არა ტახტზე შედგულ პატარა სკამს, მაშინვე ყველაფერს მიხვდა. ბუზღუნით გავიდა მეორე ოთხაში, უცებ ხმა გაკმინდა. თოჯინასთან ჩახუტებულ ნუნუს ტკბილად ეძინა.

თინა ფეხაკრეფით გამობრუნდა უკან, ხელახლა გადმოალაგა ქაღალდი, წებო, მაკრატელი და გამოსაჭრელად უფრო დიდი თოჯინა დახატა.