ქეთევან ჭილაშვილი

ნადირობა

ძია გიგომ პატარა შიოს დიდედას ხელით სათამაშო თოფი გაუგზავნა.

- ახლაც არ წამიყვანს მამა სანადიროდ? - ხტუნაობდა შიო, და თოფს ხან ერთ მხარეზე მოიგდებდა, ხან მეორეზე.

- დიდედ, შენ გგონია მგელს ვერ მოვკლავ? ერთი ბუჰ, და აი, ასე გადაკოტრიალდება! აი, მიყურე! - კაბის კალთა დასწია შიომ დიდედას და იატაკზე გადაკოტრიალდა!

- ჰო, შვილო, გულადი უნდა იყო, მაშ... - წააქეზა დიდედამ.

ტრაბახა შიო ახლა სარკის წინ გამოიჭიმა. აქეთ შეტრიალდა, იქით შეტრიალდა, ერთხელ კიდევ შეისწორა მხარზე თოფი და ეზოში გავიდა. ეზოში ციცინოს ღობის ძირში წამოესკუპებინა სათამაშოები: სპილო, მელა, დათუნა... თვითონ კი არსად ჩანდა.

შიომ არც აცია, არც აცხელა, ეზო უღრან ტყედ წარმოიდგინა და...

- ბუჰ! - გადაკოტრიალდა დათუნა.

- ბუჰ! - გადაკოტრიალდა სპილო.

- ბუჰ! - გადაკოტრიალდა მელა. მონადირემ „ნანადირევი“ კანაფზე აასხა, სპილოს ხორთუმში გამოაბა, მელას - კუდში, დათუნიას - კისერში და ზურგზე გადაიკიდა.

- სად მიგაქვს ჩემი სათამაშოები? - წივილ-კივილი ატეხა წყაროდან მობრუნებულმა ციცინომ და სველ-სველი ჩაფუნა დერეფანში მიდგა.

- რა სათამაშოები? ნანადირევია, - თავი გამოიდო შიომ.

- დახოცე? - ტირილი მორთო გოგონამ.

შიოს უნდოდა ეთქვა, სათამაშოები ცოცხლები როდი არიანო, მაგრამ ენას კბილი დააჭირა, მაშინ რაღა მონადირე იქნებოდა.