ჩურჩხელა
- ერთი, ორი, სამი, ოთხი: - ითვლიდა საფეხურებს ტასო და კიბეზე ადიოდა.
- ოცი! - ხმამაღლა შესძახა გოგონამ და წინდის ქსოვით გართულ ბებიასთან მიცუნცულდა.
- ბებიკო, ერთი ჩურჩხელა მომეცი!
- ვისადილებთ და მერე! – უპასუხა ბებიამ.
- განა მე მინდა, მაშოს შევპირდი! – იცრუა ტასომ.
ბებია დაეჭვდა, მაგრამ არ შეიმჩნია, საქსოვი ტახტზე დადო და საკუჭნაოდან შვილიშვილს ჩურჩხელა გამოუტანა.
ტასიკომ ორივე ხელით ჩაბღუჯა ჩურჩხელა და კიბე ახლა ზევიდან ქვევით ჩაითვალა: ოცი, ცხრამეტი, თვრამეტი...
„მაშოს ვეტყვი, ვითომ მართლა შეპირებული ვიყავი, ჩურჩხელას შუაზე გავიყოფთ“. - ფიქრობდა ტასო, გული კი ეთანაღრებოდა: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, იდგა, იდგა, მერე სწრაფად შემოტრიალდა, ბებიასთან მიირბინა და ჩურჩხელა უკან გაუწოდა.
- ხვალ შევპირდები მაშოს ჩურჩხელას და მაშინ მომეცი...
ბებიამ გულში ჩაიხუტა კარგი შვილიშვილი.