(გაგრძელება)
გათავდა ეგზამენები. წავიდა მაქსინოვიჩი. მიწყნარდ-მოწყნარდა ყოველიფერი და მეც პირველი საჩუქრით გადამიყვანეს მეორე კლასში. სულ სხვა თვალით მიყურებდნენ ამხანაგებიცა და უფროსებიც. ამას მე კარგად ვხედავდი და ვცდილობდი, რომ არ შევრცხვენილიყავ. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა, ისე მონდომებით ვსწავლობდი და იმ შრომასთან და ცოტა ნიჭთანაც, რომ უკეთესი პატრონობა მქონოდა და უფრო სწორ გზაზე ვმდგარიყავ, კარგი რამ გამოვიდოდი, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ იმ დროს პედაგოგია მეტად დაბალ ხარისხზე იდგა. ბავშვებს კაჭკაჭებსავით სწრთვნიდნენ და არა ადამიანის შვილებად! ყოველი საგანი უნდა მხოლოდ ეზეპირებიათ მოსწავლეებს, და, აზრი ესმოდათ თუ არა, ამას არავინ ჰკითხავდა. ერთი რუსის შვილი იყო - ვოლკოვი - და იმას საღმრთო წერილიდან გაკვეთილი ჰკითხეს. საბრალომ ზეპირად არ იცოდა, მაგრამ თავისი სიტყვით შვენივრად ახსნა. მასწავლებელმა უგდო, უგდო ყური და გაიცინა: - შენი სიტყვებით რომ ბრძანებ, განა სწუნობ მაგის დამწერის სიტყვებს?! გაუჯავრდა და გააგდო, ცუდი ნიშანიც დაუსვა. მერე მეორედ გაიყვანა, როდესაც გაეზეპირებია და სულმოუბრუნებლად, სულ სხვაპასხუპით უთხრა, თუმცა კი არ ესმოდა, რას ამბობდა. მოუწონა: „აი როგორ უნდა დაისწავლოო!“ და კარგი ნიშანიც დაუსვა. ასე იქცეოდნენ ყველა მაშინდელი მასწავლებლები. მხოლოდ მათ რიცხვში ერთადერთი, გვარად ტროე, სულ სხვა იყო! მაქსიმოვიჩის მეთოდი შემოიღო: საზეპიროს ცოტას გვაძლევდა, სულ რამდენიმე პწკარს, მაგრამ მაგიერად, არა თუ აზრი, ყველა სიტყვის მნიშვნელობა უნდა გვცოდნოდა და აგვეხსნა. მის კლასში ყველა - დიდი და პატარა - თანასწორად სმენად იყო გადაქცეული. ბუზი რომ გაფრენილიყო, გაიგებდა კაცი. მაშინ იცოდნენ და დღესაც კიდევ, მასწავლებლები რიგ-რიგად ჰკითხვენ მოსწავლეებს, ასე რომ მოწაფემ იცის, როდის მოუწევს რიგი და იმ დღისათვის უკეთ ემზადება, ვიდრე სხვიმის, და მის სწავლაში თანასწორობა აღარ არის. ტროეს კლასში კი ყველა მზად უნდა ყოფილიყო. ერთს რომ ჰკითხავდა, უცებ, მოულოდნელად სხვას რომელიმეს „განაგრძეო“ - მიუბრუნდებოდა. აგრეთვე არ იცოდა ძველი და ახალი გაკვეთილი: მოულოდნელად ძველიდანაც გვკითხავდა ხოლმე. თითოეულ სკამს მიუჩინა თითო უფროსი შეგირდი. ისინი ჰკითხავდნენ ყოველდღე გაკვეთილს მოსწავლეებს და ნიშნებს უსვამდნენ. იმ უფროსებისათვის მერე მე უნდა მეკითხა და დამესვა ნიშნები. ზოგიერთი მათი შეგირდებიც უნდა შემემოწმებინა და ის ნიშნები მიმერთმია მასწავლებლისათვის. რომ შემოვიდოდა, ისიც გადაათვალიერებდა და დასამოწმებლად გამოიხმობდა ზოგიერთებს. ერთი გაბაშვილი იყო ჩვენს კლასში, რომელიც სოფლიდან დადიოდა ჩვენს კლასში და დაწყებას, რასაკვირველია, ვეღარ მოასწრებდა ხოლმე. ამისთვის აჩოქებდნენ ხოლმე იმ საწყალს კუთხეში კლასების გათავებამდე. ასე რომ ფეხზე მდგარი ის სწავლის დროს ძვირად დაგვინახავს. ერთხელ დარჩენილიყო სადღაც და ქუთაისში ნათესავებში გაეთია ღამე. სამოსწავლო წიგნიც ეშოვნა (მაშინ არამცთუ გარეშე წიგნი, სახელმძღვანელო წიგნებიც ცოტა იყო, სულ რამოდენიმე და ერთი მეორისაგან ვნათხოვრობდით) და გაკვეთილი კარგად დაესწავლა. ადრე მოვიდა, მაგრამ, რადგანაც დაჩვეული იყო, დაიჩოქა და ამისთვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. მის უფროს შეგირდს მისთვის კარგი ნიშანი დაესვა, მე შევამოწმე და მართალი გამოდგა. ტროემ რომ საზოგადოდ ყველას ნიშნები გადაათვალიერა, გაბაშვილის ოთხასც მოჰკრა თვალი. ალბათ გაუკვირდა და გამოუძახა. ჰკითხა და მისთანა თქვენს მტერს! ერთი სიტყვაც ვერ მიუგო, გადააქნია თავი და გამიხმო:
- ეს ნიშანი შენ დაუსვიო? - მკითხა.
- დიახ, მე-მეთქი, - ვუპასუხე.
- მერე რათა, რომ არაფერი იცის?
- მე რომ ვკითხე - იცოდა.
- იცოდა?! ასე მალე, ორ წუთში როგორ დაავიწყდებოდა? აქ რაღაც სხვა ამბავია! - ბრძანა მრისხანედ. - შევიტყობ, რაც არის, მაგრამ ჯერ არ მცალია. გაბაშვილო, წადი და იქვე დაიჩოქე, სადაც იყავი და შენც, წერეთელო, მიდი მაგასთან და გვერდში ამოუდექი, სანამ ჩემი კლასი არ გათავდეს! მერე ორივეს ერთად დაგამოწმებთ. - თუმცა ყველაზე მეტი ჩვენ ტროესი გვეშინოდა, მაგრამ მისგან დასჯილი არ გვინახავს, და ახლა: როგორ გამიბედეს მოტყუებაო, ზომას გადავიდა.
- შე შეჩვენებულო, რა ჰქენი ეგა, აკი იცოდი? - დავეკითხე ჩუმად, კუთხეში რომ გავედით.
- ახლაც ვიცი, - მიპასუხა ტირილით.
- მაშ, რატომ არ მოახსენე!
- ფეხზე რომ ვიდექი, ვერ მოვახერხე. ეს რამდენი ხანია - სულ დაჩოქილი ვსწავლობ და პასუხსაც ისე ვაძლევ. აი, თუ არ ვიცი! - მოჰყვა ზეპირად. - რომ ავდგე, დამებნევა! - მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყურა - რას ჩურჩულებთო? - მე გავედი და მოვახსენე ყველაფერი. გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა. კარგად მიუგო, რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კლასს თავი დაანება და გასწია კანცელარიისკენ. იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის? მაგრამ იმ დღიდან კი გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს.
ერთხელ, სწავლა რომ გათავდა და შეგვასვენეს, მე, რადგანაც დილას არა მეჭამა რა, შევირბინე შინ. ვიგდე ახალუხის ჯიბეში ცხელი მჭადის კოკორი და მივაშურე ისე კლასს: არ დამაგვიანდეს-მეთქი. ტროეს გაკვეთილი იწყებოდა. ფეხად შეესწრო ჩემთვის და ხუთი მოწაფე კიდეც გამოეხმო და გაემწკრივებინა. შევყავ თავი თუ არა, მომაყვირა: - შენ, აქ მობრძანდი და დადექ ამათთანაო! მივედი და გავჩერდი. ცხელი მჭადი მომედვა ბარძაყზე და მეცხუნა. მე შმაშური დავიწყე, ხელი მოვუსვი, ასე რომ ავტოკდი. მასწავლებელმა შემნიშნა და მკითხა: რა გემართებაო? დაფარვა აღარ შეიძლებოდა... ამოაყოფინეს ჯიბიდან მჭადს თავი... შეგირდებმა გადიხარხარეს. მასწავლებელმა ულვაშებში ჩაიცინა, გამომართვა მჭადი და წინ სტოლზე დაიდვა. მე სირცხვილის ოფლი გადამსკდა. დაგვიწყო გაკვეთილების კითხვა. ამ დროს, ჩემდა საუბედუროდ, ინსპექტორი შემოვიდა. მაშინ კი ამიკანკალდა მუხლები. ეს ისეთი შეუბრალებელი ვინმე იყო, რომ ყმაწვილის „გაროზგვას“ არა ეჩია რა. სულ უბრალო მიზეზი საკმაო იყო, რომ ოთხში ამოეღო. ერთხელ ერთსა და იმავე დროს ორი ბავშვი „გაროზგა“: ერთი იმიტომ, რომ თმა წამოგზრდიაო და მეორეც იმიტომ, რომ მეტად ძირში მოგიჭრიაო! ვიფიქრე: „ეს მჭადი მე ხეირს არ დამაყრის-მეთქი!..“ მართლაც, მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა: - ამ მჭადს რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!.. ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე, წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანაო. - რათ მოგიტანიაო?! მკითხა მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა: ახლავ გაიგებთო და მკითხა: ეს რა არისო? მჭადი-მეთქი, - ვუპასუხე კნავილით.
- რისგან კეთდება?
- სიმინდისაგან.
- როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს მკითხავდა და ბოლოს სთქვა: კარგიო! ხვალ ნუ გადავიწყდება ბრინჯის მოტანაო; ხვალ იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა: აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად. მასწავლებელმა მაბეზღარი მოწაფე გაიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. - ეს რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასებში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი, გაჩერდი მაგრე კლასის გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი მიპატიებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი: რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!
ეს ჩვენი საყვარელი მოძღვარი მხოლოდ ოთხ კლასამდე ასწავლიდა; უფროს კლასებში ნება აღარ ჰქონდა, რადგანაც უმაღლესი სასწავლებელი არ ჰქონდა გათავებული. თუკი რამ ვისწავლეთ რუსული, მის ხელში; და მის შემდეგ კი, იმ უფროს კლასებში, მეოთხედან დაწყებული, თუ რამ დაგვაკლდა, თვარა არა შეგვიძენია რა. მეოთხე კლასი მეტად ძნელი კლასი იყო: სულ ახალ-ახალი საგნები და მასწავლებლები: ისტორია, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლათინური, სჯულის-კანონი, მეურნეობა, მინერალოგია და სხვადასხვა - სულ ერთად მოგვაყარეს! - თავ-ტანის რომ აღარა გაგვეგებოდა რა, გავუსვით ზეპირობას ხელი, და, როგორც იქნა, კიდევ იოლად გავდიოდით, თუმცა სრულიად არ გვესმოდა რა იმ საგნების. სხვისი რა მოგახსენო და მე კი ასე ვიყავი, თუმცა პირველ მოწაფედაც კი ვირიცხებოდი და ოქროს ფიცარზე ვეწერე. ამ მაღალ კლასში, როცა არ იყოს, დავთარი შემეშალა. ერთი ვიღაც რუსული ენის მასწავლებელი დაგვინიშნეს, გვარად საპეგა. იმისთანა ახირებული კაცი ძვირი იყო! სულ ჯავრობდა რაღაცაზე, ცხვირი ჩამოუტიროდა და სხვაც რომ ვინმე დაენახა მომცინარი, გადაირეოდა. მე კი ჩემდა საუბედუროდ, ისეთი მომცინარი სახე მქონდა, რომ ტირილის დროსაც კი მეღიმებოდა! ამითვალწუნა ამ კაცმა და საშველი აღარ მომცა. წინა სკამიდან სულ უკანასკნელზე გადამსვა: „თვალში ნუ მეჩხირებიო!“ ერთხელ რაღაც კაი გუნებაზე იყო, გამიყვანა და მკითხა გაკვეთილი. კარგად მივუგე. მომიწონა: „ცოდნით კარგად იციო, მაგრამ რა მიზეზია, რომ სულ იღიმები? ნუ იცინი პირუტყვივითო!“ მე მეგონა, მცდის-მეთქი და ვუპასუხე: „პირუტყვები არ იღიმებიან და არც იცინიან-მეთქი“. ეს რომ ვუთხარი, ისარნაკრავივით წამოხტა, მტაცა ხელი საყელოში და გამიძახა გარეთ.
უკანა სკამზე რომ ვიჯექი, მოწაფეები მოიბრუნებდნენ ხელს და ზურგს უკნიდან მომაბზეკდნენ ხოლმე თითს. წარმოიდგინეთ ორმოცი და ორმოცდაათი თითი ჩემკენ მოშვერილი, მაშინვე დამეთანხმებით, რომ სიცილი ძნელი შესაკავებელი იყო. მეც უეცრად გადავიხარხარებდი ხოლმე. მიზეზს ვერ ვამხელდი, და ის კი მიატოვებდა გაკვეთილებს და დაიწყებდა ხოლმე ერთ ამბავს. მოწაფეებსაც ის უნდოდათ. ბოლოს ამიკრძალა მის კლასში შესვლა და რჩევაში ითხოვა: ან მე აღარ ვიქნები, ან ის მოწაფე გააგდეთო. მის გარდა ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, პირველ მოწაფედაც მთვლიდნენ და არ დაეთანხმენ. მიმიხმეს და მკითხეს: რა მიზეზია, რომ ასე გაგიჯავრებია ეს მასწავლებელიო? მე ტირილი დავიწყე და იქვე სიტყვის გათავებამდე გავიღიმე. დირექტორი წამოდგა და წავიდა საპეგას კლასში, რომ სხვებისათვისაც გამოეკითხა და შეეტყო ნამდვილი მიზეზი. ჩემდა ბედად მისთანა გარემოებას შეესწრო, რომ ხელი მომიმართა. ერთი მოწაფე იყო ჩვენს კლასში კ...ლ... სამაგალითო რამ, აჩქარება არ უყვარდა. საპეგა კი, როცა გაკვეთილს ჰკითხავდა ვისმე, ამბობდა: ნუ ფიქრობ, ისე მითხარიო. ის გაუყვანია დაფაზე, რაღაც დაუწერინებია და ახსნას უცდის. კ...ლ... ფიქრობს, რომ კარგად მიუგოს. სულწასული პედაგოგი მიეპარა უკნიდან და ცხვირ-პირი დაფაზე მიახლევინა: „რას უცდიო?“ შეშინებულსა და გაბრუებულ მოწაფეს ცხვირში სისხლი წასკდა, და სწორედ ამ დროს შეესწრო დირექტორიც. საპეგა მეორე დღეს თვალით აღარ გვინახავს, მის მაგიერ მეორე დაგვინიშნეს - პანიზოვსკი. მაგრამ ბევრით უკეთესი ვეღარც ის იყო, უკეთესი კი არა, ხმას არ იღებდა, სულ წითლდებოდა. კოშანსკის რიტორებას მოიტანდა ხოლმე და ისე უხმოდ, თითით გვაჩვენებდა: აქედან-აქამდის გაიზეპირეთო, და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას. იმას „ქალ-ბიჭას“ ვეძახოდით, დავცინოდით, მაგრამ ის თვალს გვარიდებდა. არაფერი გარეშე წიგნი არ იყო, რომ წაგვეკითხა; და რომ კიდეც გვეშოვა სადმე, წაკითხვის ნებას არ მოგვცემდნენ: „რაც კარგი რამეა - რიტორებაშია დაბეჭდილი, ის გეყოფათო“. ერთხელ ერთმა თამამმა მოწაფემ ჰკითხა: „რაც აქ არ არის მოყვანილი ამ წიგნში, მის მეტი პუშკინს არა დაუწერია რაო?“ „ეგ რა შენი საქმეაო?“ - მიუგო მასწავლებელმა. ყმაწვილი არ მოეშვა და კიდევ ჰკითხა: „პუშკინი უკეთესი მწერალია თუ გერცენიო?“ წამოვარდა ზეზე შეშინებული, დაიცვა თითები ყურებში და გააბა ყვირილი: „აქ არ ვყოფილვარ, არა გამიგონია რა, არცა გითქვამს რაო“... და ამგვარად გავიდა კარში.
არანაკლებ ახირებული იყო ლათინურის მასწავლებელიც - ძალიან კარგი, მშვიდობიანი და ბეჯითი მასწავლებელი; ბუზის ეშინოდა და, მახარობელას რომ ბზუილი დაეწყო, იმას გული უწუხდა. ეს რომ იცოდნენ მოწაფეებმა, თუ რომელიმე მათგანმა გაკვეთილი არ იცოდა, მოიყვანდა უცბად მახარობელას და ჩუმად გაუშვებდა კლასში; მასწავლებელი დაფრთხებოდა, მოსწავლეები წამოვარდენოდნენ ზეზე, ზოგი სტოლზე შეხტებოდა, ზოგი ამ ბუზს დაუწყებდა ვითომდა კლასიდან გამოდენას; ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან მეორეში და ამასობაში კლასიც თავდებოდა.
ცხადია, რომ ამგვარ პირობებში ჩაყენებული მოზარდი თაობა ვერას გამოიტანდა ბევრს გიმნაზიიდან, რომ ამ საზარელს ბნელში ერთი ნათელიც არ გამოგვჩენოდა. ის იყო პოლონელი როდზიევიჩი, რომელიც ჯერ პროფესორად ყოფილიყო, მაგრამ ლოთობის გულისათვის დაეთხოვათ და სტავროპოლში ეშოვა ინსპექტორობა. მერე იქიდანაც გაეგდოთ და ჩვენში გადმოიმყვანეს მათემატიკის მასწავლებლად. ეს ლოთი მასწავლებელი ყურადღებასაც არ აქცევდა თავის საგნებს, არც ალგებრას, არც გეომეტრიას, არც ტრიგონომეტრიას და არც ფიზიკას; ჩვენს ნებაზე მოაგდო მათი სწავლა და ჩვენც, როცა გაგვიძნელდებოდა გაგება რამესი, მაშინ დავეკითხებოდით და მშვენივრადაც აგვიხსნიდა ხოლმე. საკვირველია, რომ მისი საგანი ყველაზე უკეთ ვიცოდით. რაღაი, შეგვატყო, რომ გონებადახშული და განუვითარებელი არიანო, სულ სხვა რამეებზე გვესაუბრებოდა და ცდილობდა ჩვენს გამოფხიზლებას. იმ ხანებში გამოაცხადეს, რომ ვისაც უნდა რუსეთში წასვლა და უმაღლეს სასწავლებელში შესვლა, იმან ლათინური უნდა ისწავლოს და, ვისაც მხოლოდ გინმაზიის გათავება უნდა, იმან სჯულის-კანონი შეისწავლოს და, თუ პირველ შეგირდად გამოვა, ჩინსაც მიიღებსო. ჩინს მაშინ დიდი მომხიბლავი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ყველა ჩემმა ამხანაგებმა, თუმცა ზოგი მათგანი ვერც წავიდოდა რუსეთში სიღარიბის გამო, ლათინური ირჩიეს. ერთმა მათგანმა მხოლოდ და მეორემ მე სჯულის-კანონის შესწავლა მოვინდომეთ, ჩინის სურვილით წარტაცებულებმა. იმ ხანებში რუსული ენის მასწავლებელმა გვიბრძანა: აიღეთ, რაც გინდათ, და თქვენდა თავად თხზულება დასწერეთ, მაგრამ დიალოგებად კიო. მე ავიღე და დავწერე ერთი ახირებული რამ. მასწავლებელმა რომ წაიკითხა, ინსპექტორს გადასცა და მას საპეადგოგიო რჩევაში წარედგინა და ეთქვა: „ამის დამწერი, თუ ახლავე არ აილაგმა, არ ივარგებსო!“ რჩევაზე როდზიევიჩს გამოედვა თავი: მაგის დამწერი კარგი ვინმე გამოვა და, გაწყრომა კი არა, მოფერება ეჭირვებაო. მე ვთხოულობ, რომ იმას ძალა დაატანოთ - ლათინური შეისწავლოს და მაღალ სასწავლებელში სადმე შევიდესო, მჭერმეტყველებამ გაიტაცა, გადაიყოლია ზოგიერთები სხვებიც და დირექტორმაც ბანი მისცა. შემიხმეს მეც.
- ეს შენი დაწერილიაო? - მკითხა დირექტორმა.
- დიახ, ვუპასუხე ცოტა შემკრთალმა.
- მერე როგორ გაბედე, რომ მთავრობის მოსამსახურე პირებს ასე ცუდად იხსენიებ?
- ის გადამდგარი ჩინოვნიკია.
- სულ ერთია, უპატიურად შეხება მაინც არ შეიძლება! ის დამსახურებული იქნებოდა და პენსიაც ექნებოდა, - დაუმატა მრისხანედ ინსპექტორმა. - წაიღე და გადაასწორე სხვანაირად.
- თუ მხოლოდ ეგ არის წუნი, ეგ ადვილია: წავშლი სიტყვას „გადამდგარი“ და დავწერ „გამოგდებულს“. გამოგდებული, თუ კარგი ყოფილიყო, ისევ სამსახურში იქნებოდა. - დირექტორმა გაიცინა და გამიშვა. იმ დღიდან მეც ლათინურზე გადავედი. ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარა როდზიევიჩმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. საკვირველი იყო მისი საქმე: ისე გაჟღენთილი ჰქონდა გვამი არყით, რომ ხანდახან, კიდეც რომ არ დაელია, ისე თავისთავად მოუვლიდა სიმთვრალე. ერთხელ მოუარა გაკვეთილების დროს და მოწაფეს, რომელიც დაფასთან იდგა და გეომეტრიულ სახეებსა ხატავდა, - მიაყვირა: „აბა, ჩამოუარე ლეკურიო!“ და ტაშის კვრა დაიწყო. გაშეშდა მოწაფე. ჩვენც შევწუხდით, მაგრამ იმან მაინც თავისი არ დაიშალა: „როგორ თუ შენ ნაციონალური ცეკვა გეზიზღებაო?! არ იცი, რომ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვაში მისი გული და სული იხატება? აი, ლეკურიც ხომ ქართულია, ცოცხალი რამ არისო!“ დაუკრა ვითომ თვითონ ლეკური, მერე გადავიდა მაზურკაზე: „აი ესეც ჩვენი გამოგონილი თამაში და შეუპოვარი მაზურკაო! და ახლა ესეც ნახეთ, რასა ხატავსო“ და დაუარა „ტრეპაკა“, უწმაწური გინებით შეკაზმული. ბოლოს შეჩერდა, დაავლო ქუდს ხელი და გავარდა კარში. ჩვენ ღმერთს მადლი შევწირეთ, რომ არც დირექტორი, არც ინსპექტორი და არც სხვა ვინმე არ შემოგვსწრებია. ისე შეგვებრალა, რომ არ ვიცოდით, გვეცინა თუ გვეტირა! მესამე დღეს ძალიან დარცხვენილი შემოვიდა. დიდხანს ხმას არ იღებდა და ბოლოს დაიწყო:
„ყმაწვილებო! ძველ დროში საბერძნეთში განგებ დაათრობდნენ ხოლმე მონებს და მათ უსაქციელობას თავის შვილებს აყურებინებდნენ, რომ მათთვის თვალდათვალ დაენახვებიათ, თუ რა საძაგლობაა - კაცი რომ დათვრება, გონებას დაჰკარგავს და პირუტყვს დაემსგავსება. გუშინწინ მე დაგანახვეთ თქვენ ამგვარი რამ. ეცადეთ, რომ გაუმაგრდეთ ცხოვრებას, აიტანოთ გასაჭირი და ჩემსავით არ გაგაფუჭოსთ. რა ვარ ახლა მე? განა არა ვგრძნობ, რომ ფიზიკურად დამახინჯებული ვარ? მაგრამ მაინც, მადლობა ღმერთს, ამ ფიზიკურმა დამახინჯებამ სული და გული წმინდად, შეუბღალავად შემინახა“. კლასის გამოსვლამდე სულ ამნაირად გვემუსაიფა და მოგვშორდა. ჩვენ თითქმის ყველა ვტიროდით და იმ დღიდან კიდევ უფრო გვებრალებოდა.
უკანასკნელ კლასში რომ გადავედით, მე ფრანგულის მასწავლებლის მუსიე ტურესის სახლში ვიდექი. ამ მუსიე ტურესს ყმაწვილები „მოსე ტურას“ ეძახდნენ. ერთხელ საღამოს სტუმრად შემოჰყვა როდზიევიჩი; დაჯდნენ ორი მარტო და ჩაის დაუწყეს სმა. სტუმარმა რომი მოითხოვა, თვითონაც დაისხა და მასპინძელსაც დაუსხა. შეჰყვნენ ნელ-ნელა მუსაიფს. შეზარხოშებულმა ფრანგმა რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი. სტუმარმა პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უფრო, რომ იქ იმ ორისა და ჩემს მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შევნიშნეს. იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი, სმენად გადავიქეცი. ბოლოს სთქვა ამოოხვრით როდზიევიჩმა: „ახლა რაღა დროს, ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს ქვეყნისათვის კონრადივით სამსახური გამეწია!..“
ეს რომ ჩამეწვეთა ყურში, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა. ვამბობდი: „რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნება სამხედრო სამსახური? ოდესმე სარდალი გავხდები! რაც ადრე შევიდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს მაინც ხომ, უკანასკნელს კლასში, ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ, - და გამოვალ, არსად არ წავალ-მეთქი“. გადავწყვიტე და გამოვუცხადე მამას ჩემი სურვილი. მამას ძალიან იამა: „შენი ნებაა, შვილო! მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და ოჯახს ვეკიდეო“. მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირვე და დილიდან საღამომდე როდზიევიჩს აღარ ვშორდებოდი. ოთხი თვე დავრჩი, მაგრამ ეს ოთხი თვე უფრო ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვიდრე რვა წელიწადი გიმნაზიაში მყოფობის დროს. დამდეგ მაისს გამოვეთხოვე დედ-მამას, იმერეთს და დავადექი გზას. სრულიად გამოუცდელს ცხოვრებაში, ბევრის არმცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსახურედ.