ტირიფონის ველით მოვდიოდი...
შემომაღამდა. მისწყდა ადამიანის ხმა, ფოთლებიც კი იძინებდნენ. უმთვარო ღამეების დრო იყო. არც ვარსკვლავები გაჰკარებოდნენ ცას, მაგრამ რაღაც შუქი მაინც ლურჯად ანათებდა სივრცეს. ჩემს წინ იშლებოდნენ მთებისა და ხეხილთა ლამაზი სილუეტები, რომლებიც ისე მოჩანდნენ, თითქოს ისინი ბუნების დიად ფუნჯს ზედ ცაზე დაუხატავსო.
დროდადრო ჩურჩულივით ისმოდა ლიახვის დენა. ეალერსებოდა მიწას, რომელშიც იწვა და მინანაობდა.
ვუახლოვდები ქართლის გულს. კარგად გამოჩნდა გორის ციხე. ის აღმართულა პატარა ქალაქის თავზე და თითქოს ესაუბრება მას. ასე მგონია, გორის ციხე ჩემსკენ მოემართება. აი, მომიახლოვდა კიდეც, გაიზარდა და გოლიათივით წამომადგა თავზე.
სინათლეებმა გული გამინათეს. შემოვუარე ციხეს, ვშორდები კიდეც, მაგრამ ახლა უკვე ისე ვგრძნობ, თითქოს იგი მომყვება უკან. მესმის მისი მძიმე ნაბიჯები... მოგონებათა ბორკილები შემომახვია. რამდენი სიცოცხლე გადაურჩენია მის კედლებს, რამდენი მოხუცი, ქალი და ბავშვი შეუფარებია მის გალავანს. თვითოეულ მის ქვას უბრძოლია სამშობლოსათვის. თავისი ვალი მოუხდია ქვეყნის წინაშე.
უმთვარო ღამეში განათებულია სივრცე, ბრწყინავს ქალაქი - ქართლის გული. თვითოეული სახლი თბილად და მშვიდად სუნთქვს. მის ღრმა იდუმალებაში მოისმის ეს სიმშვიდე და ბედნიერება...
აი, მასპინძელმა გააღო კარი, გააღო გულიც და შუბლგახსნილი შემიძღვა შინ. ოთახში ხუთი ბიჭი დარბის. მეექვსე, ჩვილი, აკვანში წევს. აკვანზე ნიჟარის კაკლები ჰკიდია. პაწია შეჰყურებს ამ კაკლებს და კრიალა თვალთა სხივებით ეთამაშება.
როგორც ჩვენმა მამებმა იცოდნენ - სადღეგრძელოები დავლიეთ, წრფელი და სიყვარულით სავსე. ძილინებისა ვუსურვეთ ერთმანეთს და მშვიდმა ღამემ მშვიდი ძილით მოგვასვენა.
შუაღამის გადასულს აკვნის ნელმა რწევამ გამაღვიძა, დედის ტკბილი ღიღინიც მომესმა. მღეროდა ნანას, აძინებდა ძილში შემკრთალს. ის ხუთი ვაჟიც ამ აკვანში გაზრდილა, ამ ტკბილ ხმაში დავაჟკაცებულა.
ირწეოდა აკვანი, ისმოდა მშობლის ტკბილი ნანინა, მე კი ფიქრების სასთუმალზე ვიწექი:
- ქებათა ქება იმის მარჯვენას, ვინც აკვანს ჩარხავს. ნიავივით მსუბუქ იფნის ხეს თლის იგი და კმაყოფილების ღიმილში ტკბილად ღიღინებს. ეს საამური მისი ღიღინი წმინდა ნაკადულივით მოდუდუნებს გულიდან, საშვილიშვილო საქმეს ახარებს, აკეთებს აკვანს ლამაზს, ბედნიერს, ათობით თაობა რომ გამოზარდოს, საუკუნეს რომ გაუძლოს.
მომავალში იცქირება მეაკვნე. ახლად დაბადებულ ადამიანს სიცოცხლის სარეცელს უმზადებს, ჩვილი ბავშვის ჩვილ სარეცელს, სადაც პირველად უნდა შეიგრძნოს მან ცხოვრება, შემბოჭავი არტახების სიმძიმე, რასაც უადვილებს მშობლის ტკბილი ხმა. საყვარელი მკერდი და დედის გულიდან ამომსკდარი მარადიული სიმღერა - „იავ-ნანა“! რამდენ მშობელს აკვანთან თეთრად გაუთენებია, აკვანზე დაყრდნობილს, იავ-ნანას მღერაში, მხოლოდ გარიჟრაჟზე ჩასძინებია. რამდენ მშობელს ცრემლით დაუნამავს ჩვილის თბილი სასთუმალი, მაგრამ ამავე დროს რამდენ მშობელს სიხარული და ბედნიერება უხილავს აკვანში, უხილავს ბავშვის სიცოცხლით სავსე თვალები, უმწიკვლო ღიმილი და კისკისი, პატარა თითების მკერდზე ფათური და მტრედისებური ღუღუნი დედის ძუძუთი დატკბობის დროს...
მე ვიცი, როდესაც მეაკვნე აკვანს ჩარხავს, პატარა ჩაქუჩს ნაზად ურტყამს ფიცრებს, ფრთხილად რანდავს სარწეველ საგოგავებს, რადგან მას თვალწინ უდგანან პატარები, უმწეონი. მას ასე ჰგონია, ბავშვიც კი წევსო შიგ, თითქოს ეშინია არ მოახვედროს ჩაქუჩი, არ შეახოს შალაშინი, არ ავნოს ყრმას.
რა არ გადაუტანია ჩვენს აკვანს?! ჩვილი ბავშვიც კი მსხვერპლად შესწირვია მამულს. მშობლის თვალთა წინ სიცოცხლის მტერს - ამაოხრებელ ურდოებს, აკვანი ბავშვიანად ცეცხლში ჩაუდგიათ და ცამდე ავარდნილ ალში დაუწვიათ. ყრმა და აკვანი ერთად ჩაფერფლილა, მაგრამ ქართველ მეაკვნეს კვლავ გამოუჩარხავს ჩვილთა სარეცელი, მსუბუქი, ლამაზი და ძვირფასი აკვანი, რადგან მას სწამდა, რომ არ შეწყდებოდა სიცოცხლის ნაკადული, რომ პატარა ჩანჩქერები მაინც წამოვიდოდნენ სალი კლდის მკერდზე, ძლევამოსილი მუხის ტოტებქვეშ. მან იცოდა, რომ აკვანს დამრწევი მუდამ ეყოლებოდა - მშობელი დედა, სიცოცხლის მარადისი...
და მშობელიც მღეროდა ნანას, იავ-ნანას, ნატრობდა შვილის გაზრდას, დავაჟკაცებას, სახელოვნებას. და მშობელი ამ ნანაში უმღეროდა ჩვილს, რასაც განიცდიდა თვითონ და თავისი სამშობლო - უბედურება იყო მაშინ თუ ბედნიერება, მუხთალი უკუღმართობა თუ დიდებით სავსე დრო.
- მეაკვნევ, ჩემო შორეულო წინაპარო, ქართველო მეაკვნევ, შენ გამოჩარხე რუსთაველის აკვანი! ბედნიერი იყოს ის აკვანი! კარგი ხელი გქონია, ჩემო შორეულო წინაპარო, ბედნიერი ხელი!..
რუსთაველის მშობელი დედა აკვანზე დაყრდნობილი მღეროდა ნანას, ის ისევე, როგორც ყოველი ქართველი დედა, გულდან ამომსკდარ იავ-ნანას უმღეროდა ჩვილს, არწევდა მას, ათენებდა ღამეებს და ქვეყნის დიდებას მღეროდა ამ ნანაში. ეს დიდება იმან ჩაუქსოვა რუსთაველს გულში, გონებაში და მარადიული სიცოცხლე მიანიჭა მას...
- დიდება შენ, მეაკვნევ, ქებათა ქება შენს მარჯვენას!.. ნეტავი ოცნებით მაინც წარმომესახოს შენი სახე, დიდო ოსტატო, უცნაურო ხელოვანო, რუსთაველის აკვნის შემოქმედო!.. ახალგაზრდა იყავი თუ დარბაისელი, ვერცხლი გილამაზებდა მადლიან სახეს, თუ გიშერი გიმშვენებდა, დუხჭირი ცხოვრებით დაღარული თუ ნათელი შუბლი გიმაღლებდა გონებას. რა ცეცხლი დუღდა შენს გულში, რა სიმღერა ათრთოლებდა შენს ბაგეებს აკვნის გამოჩარხვის დროს?!
ფიქრების სასთუმალზე ვიწექი... მეზობელ ოთახიდან კვლავ მოისმოდა აკვნის რწევისა და ნანინას ტკბილი ბგერები... მე ვთვლემდი და მეგონა, თითქოს ირწეოდა ქართლის გული, ირწეოდა მთელი საქართველო, როგორც ვეებერთელა აკვანი, რომელმაც აღზარდა მრავალი დიდი ადამიანი...