(თამარ ოქროშიძე თანამშრომელი იყო ლიტერატურული მუზეუმისა,
რომლის
დამაარსებელი და დირექტორიც ბრძანდებოდა გიორგი ლეონიძე)
გოგლასთან შევედი კაბინეტში. წერდა. ჩემს შესვლაზე კალამი დადო. ლექსი „ქართველ ოსტატებს“ დავწერეო, მითხრა და ძველი საქართველოს მეჩუქურთმეებისადმი, მწერლებისა და მხატვრებისადმი მიძღვნილი ლექსი წამიკითხა. შემდეგ მარცხენა უჯრა გამოსწია, ქაღალდების გროვაში რაღაც მოძებნა, თქვა: ორი ათასი წლის წინათ სამარხში რომ სალამური ნახეს, იმაზე დავწერე ლექსი, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებიაო.
დიდ ფურცლებზე თითო სტრიქონი ჰქონდა დაწერილი, ზოგან ორი-სამი.
- მერე წავაწყდები ამ სტრიქონებს, ჩანაფიქრი მომაგონდება და ვწერო, - მიხსნის პოეტი.
დღეს მთელი დღე წერდა.
- რა უნდა დავწერო ასეთ პირობებში, - ხუმრობს, - დავიწყებ წერას, კარი გაიღება, ხუთჯერ ნეიმანი შემოვა, ექვსჯერ კვალიაშვილი, ათჯერ ოქროშიძე და ასე გიფუჭდება ლექსის წერის განწყობილებაო.
ასე აფორიაქებული იშვიათად მინახავს გოგლა. გუშინ უსიამოვნება შეხვედრია.
- საღამოს ისეთ გუნებაზე ვიყავი, ვერის ხიდზე მიმავალმა მტკვარში გადავარდნაც კი ვიფიქრე, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი ირგვლივ, - მიამბო პოეტმა.
- ხიდზე გალაკტიონი შემხვდა პალტომოხურული, შემამჩნია, ცუდ გუნებაზე რომ ვიყავი, მითხრა, გოგლა, ცხოვრებას არ უნდა აჰყვე, თორემ გაგაგიჟებს, გამაგრდიო! ამ სიტყვებზე ცრემლი მომერია, მაგრამ გალაკტიონს არ შეუმჩნევია. მერე გამომყვა. გალაკტიონს პირველად შევხვდი ასე სასაუბროდ.
ყორღანოვის ქუჩის დასაწყისში გალაკტიონს გიორგი ლეონიძისათვის უთქვამს: მოდი, გოგლა, ეკლესიაში შევიდეთო და ლურჯი მონასტრისაკენ გადაუხვევიათ...
გიორგი ლეონიძესა და გიორგი აბზიანიძესთან ერთად ცნობილ ქართველ ტექნიკურ ინტელიგენტებთან - ინჟინრებთან და მეცნიერებთან ვარ, საუბარი სამეცნიერო ხარისხების მიღებას შეეხო. ლიტერატურის მოყვარულმა ერთმა ინჟინერმა ფილოლოგთა თემები დაიწუნა, გაჰკენწლა ვასილ ბარნოვი.
ძალიან მეწყინა. შევუტიე მოსაუბრეს, მაგრამ იგი თავისას იმეორებდა. შემდეგ პოეზიას მისწვდა - უკვე დასრულდა პოეზიის ბატონობა, ახლა ჩვენი საუკუნე დგებაო.
გიორგი ჩუმად იყო, დინჯად ისმენდა საუბარს. ბოლოს წამოდგა და თქვა:
- მართალია, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანი მიუწვდომელს წვდება, რა თქმა უნდა, ტექნიკის საუკუნეა, მაგრამ ხომ გინახავთ მწვანე, ხასხასა ბალახი ქვაში ამოსული, გაოცებულხართ, ამ უსუსურმა ბალახმა კლდე როგორ გააპოო. პოეზია ამ ბალახივით არის, ქვას ხვრეტს, კლდეს აპობს და მაინც თავს იჩენს. წარმოვიდგინოთ, მთელი მსოფლიო ასფალტმა დაჰფარა. პოეზია ამ ასფალტს ამოტეხს და ამოვა, რომ ასფალტითა და რკინა-ბეტონით გახევებული გული გაანედლოს, ადამიანს სულიერი საზრდო მიჰმადლოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „ციცინათელა“
№6, 1996