ივანე მჭედლიშვილი, გაზეთ „დროების“ ბათუმელი კორესპონდენტი

ალექსანდრე ყაზბეგი ბათუმში

რაც დრო გადიოდა, იმდენად შინაური კაცი ხდებოდა (ბათუმში) ჩემს ოჯახში სანდრო. ასე ვცხოვრობდით თითქმის სამი თვე.

ერთ დღეს, სადილის ჭამის დროს, შევატყვე მეტისმეტი მოწყენილობა, თუმცა ჩვეულებრივი მწარე ღიმილი იმის ტუჩებს არ სცილდებოდა, ვკითხე:

- სანდრო, კიდევ რას მოღრუბლულხარ, შენს მთიულეთში ხომ არ დაფრინავ?

- ჰოო, - მითხრა და ისევ ჩაღუნა თავი.

- კაცო, ხმა ამოიღე, მოწყენით ვის რას უშველი. ღმერთმანი ხანდახან სასაცილო ხარ, ისეთი უცნაური ხასიათი გაქვს-მეთქი! - ცოტა წყენის კილოთი ვუთხარი.

- ჰო, სასაცილო ვართ, არა მარტო მე, ყველანი სასაცილონი ვართ, რომ ვეღარაფერს ვერავის ვშველით! - ეს თქვა და მომაწოდა ერთი გაზეთი, რომელშიც უწმაწურის სიტყვებით იხსენიებდნენ ქართველებს და ქართულ ენას.

მინდოდა გამხიარულებულიყო და სიცილით ვუთხარი:

- მართალსა წერენ, ახლა რა ფასი აქვს თუნდ შენს სამშობლოს, თუნდ შენს ენას, ან ეროვნებას?

- რა ფასი აქვს? - იკითხა განსვენებულმა აღელვებულად და მომაცქერდა.

- ჰო, რა ფასი აქვს აბა ახლა? - გავუმეორე კითჴვა, რომ გამომეფხიზლებინა.

- იცი, რადა ღირს, ან რა ფასი აქვს? ფასი და ღირებულებაც ორნაირი აქვს: თუ გაყიდვა გინდა, ფასი ოქრო და ვერცხლია, თუ ყიდვა გინდა, სისხლია. ან შენთვის რა საჭიროა, ამისი ფასი და ღირებულება იცოდეო! - მითხრა გაკაპასებულმა და სუფრიდან წამოდგა. ბევრი ხვეწნა და ბოდიში დამჭირდა, სუფრაზე ისე დავსვი, ვუთხარი, გეხუმრე, შენი გართობა მინდოდა-მეთქი.

მეორე დღეს მოინდომა სადილზე, ან მუსაიფის დროს ოჯახობაში ერთმანეთთან უცხო ენაზე ნურავინ ილაპარაკებსო. სიტყვაში შაურის გადახდა თვითონვე იკისრა.

ერთხელ სადილად ერთი უცხო, მაგრამ ქართველი კაცი შემოგვესწრო. ეს კაცი უცხო ენაზე ელაპარაკებოდა ყველას, მაგრამ ამ ენის უცოდინარობის გამო სიტყების დაბოლოებას ამახინჯებდა. სანდრო დიდხანს ჩუმად იყო. ბოლოს გამოაცხადა, გადაწყვეტილი გვაქვს და ჯარიმას ვახდევინებთ ყველას, ვინც სხვა ენაზე ილაპარაკებსო, და სტუმარს ხუმრობით სთხოვა ამნაირ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. სტუმარს ეს ეუცხოვა, თითქმის ეწყინა, ამოიღო მანეთი, სანდროს მიაწოდა და უთხრა:

- იანგარიშეთ და ხურდა დამიბრუნეთ, რაც მერგება ჯარიმის გამორცხვის შემდეგო.

სანდრომ მიუგო:

- არა, ბატონო, თქვენ ჯარიმა კი არა, დიდი ჯილდოც გერგებათ, ისე დაამახინჯეთ და ჯვარზე აცვით ის ენა, რომლის ლაპარაკისთვის ჩვენ ჯარიმას ვახდევინებთ, რომ არ ვიცი, რანაირად გითხრათ მადლობაო.

ეს სიტყვები იმნაირი შხამიანი ენით და კილოთი იყო ნათქვამი, ყველანი გავჩუმდით.