ილია ჭავჭავაძის ტყის ფართობი სოფელ საგურამოში 114 დესეტინას შეადგენდა. მწერლის ზრუნვის საგანი იყო, ტყის დაცვას სისტემატური ყურადღება მიქცეოდა. ტყის მოვლა-პატრონობის შესახევ მას არაერთხელ უსაუბრია გლეხებთან და გაუფრთხილებია, დაეცვათ ბუნების ეს სასარგებლო და შემამკობელი ნაწილი, განსაკუთრებით გაფრთხილებოდნენ ძვირფასი ჯიშის მცენარეებსა და ნორჩ ნერგებს. როგორც ილიას თანამედროვე საგურამოელი გლეხები იგონებენ, ი. ჭავჭავაძე ურჩევდა გლეხებს, გაფრთხილებოდნენ ტყის ძვირფას ბინადართ: ირემს, შველს, ხოხობს... და არა მარტო დაეცვათ ისინი, არამედ ეზრუნათ მათი მომრავლებისათვის.
გლეხებს ისიც კარგად ახსოვთ, თუ როგორ მიუახლოვდებოდა საღამოობით ილიას სახლს ლამაზი შტოიანი რქებით ერთი მოზრდილი ირემი. მაშინვე ძაღლები ყეფას ატეხდნენ ხოლმე. ილია აფრთხილებდა მოურავსა და სხვა მოსამსახურეებს, რომ ძაღლები ეზოს გარეთ არ გაეშვათ, თვითონ იდგა სახეგაცისკროვნებული და სიყვარულით უმზერდა ირემს. ისიც თითქოს გრძნობდა გულისხმიერი კაცის ყურადღებას, მედიდურად გადახედავდა ილიას და მასთან ახლო მდგომ ადამიანებს, მერე რქებს შეაქანებდა, მოტრიალდებოდა, ტყის სიღრმეში შევიდოდა და გაუჩინარდებოდა.
სამსახურებრივი და საზოგადოებრივი შრომის შემდეგ დაღალული ილია ტყეში გავლით ისვენებდა, თავის მოურავთან ერთად ყურადღებით ათვალიერებდა ზედაზნის მთის კალთაზე გადაქოჩრილ მცენარეებს და თუკი სადმე გამეჩხერებულ ადგილს შეამჩნევდა, მოურავს ავალებდა, რომ ის ადგილი ახალი ნერგებით შეევსო. მწერალს განსაკუთრებით უყვარდა მუხა და კაკალი, სთხოვდა გლეხებს, რომ ეს მცენარეები არ მოეჭრათ, არ დაეზიანებინათ.
როგორც ილიას გლეხებისთვის უთქვამს, ახალგაზრდობის დროს ნადირობით გატაცებული ყოფილა, მაგრამ არასდროს ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ მას თუნდაც წინ შეფეთებული ირემი, შველი ან ჯიხვი მოეკლა. ამ ცხოველების გამრავლებას ხელი უნდა შევუწყოთო, მათზე იარაღის აღმართვა ცოდვააო.
როგორც ილიას თანამედროვეთა მოგონებებიდან ვგებულობთ, მწერალი ნადირობისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა: ორლულიან სანადირო თოფს, რომელიც ყოველთვის მშრალ ადგილზე სუფთად ჰქონდა შენახული, სანადიროდ წასვლის წინ ხელახლა შეამოწმებდა, ჩიცვამდა ქალამნებს, წვივებზე მოირგებდა გამაშებს (ილიას ნაქონი გამაშები და სანადირო თოფის პატრონები ახლაც ინახება საგურამოს სახლ-მუზეუმში), ლაზათიანად გაიკეთებდა პატრონტაშს*, გაიყოლებდა მეძებარ ძაღლებს და გაუდგებოდა ტყისკენ გზას.
ილია ჭავჭავაძის ნადირობის პატარა ეპიზოდი გაიხსენა წიწამურელმა გლეხმა ქიტა კახუაშვილმა:
„ერთ დღეს ბატონი ილია სანადოროდ ყოფილიყო ტყეში. საღამო ხანს, ჯერ კიდევ მზე არ იყო ჩასული, რომ ჩვენი სოფლის თავში, წიწამურის ხევთან, სადაც პატარა წყარო მოჩუხჩუხებდა, მოულოდნელად შევეფეთე მას. ილია კარგად მიცნობდა, ახლობლურად მომიკითხა და მერე წყაროსთან ახლოს ქვაზე ჩამოჯდა.
- ბატონო ილია, როგორც გეტყობათ, სანადიროდ ყოფილხართ, ამ ერთი საათის წინ თოფის ხმაც შემომესმა ტყიდან, - ვკითხე მოკრძალებით და მერე დავუმატე, - ალბათ ვერაფერი მოკალით და მაგაზე გული არ დაგწყდეთ-მეთქი.
ილიას ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და მიპასუხა: დიახ, სანადიროდ ვიყავი, თოფიც მე გავისროლე, მაგრამ მიზანში არ ამიცდენია.
- მაშ, სად არის თქვენი ნანადირევი? - ვკითხე მას და ჩემდაუნებურად მის ცარიელ ჩანთანას დავაცქერდი.
- ნანადირევი ტყეში დავტოვე, - მითჴრა მას და ხელით მანიშნა ნახევარი ვერსის მანძილზე დაშორებული ორი, თითქმის თანაბარი მუხის ხეზე და მითხრა: ნე დღეს მგელი მოვკალი, ის წუნკალი გამოვასალმე სიცოცხლეს, წინ გადამირბინა, ირემს მისდევდა და აი, რომ არ მომეკლა, ირემს დაუბნელებდა მზესაო“.
*პატრონტაში - სავაზნე ჩანთა