შეხვედრა ლომისის ხევთან

ილიას ყოფილი მწყემსი, ვლადიმერ გრიგოლის ძე ქავთარაძე იგონებდა:

„ეს მოხდა 1890 წელს.

ჩვენი სოფლის ბიჭები სამხედრო გზასთან ახლოს ცხვარს ვმწყემსავდით. თან პატარა პარკებით შინიდან თხილი გვქონდა წამოღებული, რომ მგზავნრებისთვის მიგვეყიდა.

ერთ დღესაც, როცა ბიჭები ცხვარს ვაძოვებდით, ქვაღორღიან გზაზე შორიდანვე ეტლის ხმაური შემოგვესმა და ჩვენც მაშინვე გზის სანაპიროზე გავჩნდით თხილით.

ეტლი ჩვენთან ახლოს გაჩერდა ჩრდილში.მასში ოთხი მგზავრი იჯდა, ერთი ქალი და სამი მამაკაცი. სანდომიანი სახის სრული კაცი დაბლა ჩამოვიდა, მოგვესალმა ბიჭებს და სადაურობა გვკითხა.

- აქაურები ვართ, ქავთარაანელები, ჩვენი სოფელი ახლოსაა, აქ ცხვარს ვმწყემსავთ და თან შინიდან წამოღებულ თხილსაც ვყიდით, - ვუპასუხე მას მოკრძალებულად და თავი დავხარე.

- ბიჭებო, წერა-კითხვა თუ იცითო?“ - გვითხრა მან და აგვხედ-დაგვხედა.

რაკი სხვებმა ხმა არ ამოიღეს, ისევ მე ვუპასუხე:

- არა, არ ვიცით. აქ, ჩვენთან სკოლა არ არის და აბა სად ვისწავლიდით-მეთქი.

- უცოდინრობა სიბნელეა, ბიჭებო, აი, თქვენს მშობლებს უთხარით და თუ დაგთანხმდებიან, წინამძღვრიანთკარის სკოლაში წაგიყვანთ, იქ წერა-კითჴვასაც ისწავლით და ხელობასაც... მერე მე მომიბრუნდა, გამიღიმა, როგორც ჩანდა, ჩემი სითამამე მოეწონა და გვარი მკითხა.

- მე ლადო ვარ, ქავთარაძე.

- ლადო კი არა, ვლადიმერი, - შემისწორა მან. ჩემგან თხილი იყიდა, ეტლში ქალს მიაწოდა და ისევ მე მომიბრუნდა:

- ვლადიმერ, მშობლები ხომ გყავს?

- დედა მყავს, მამით კი ობოლი ვარ...

- იცი, რა გითხრა, ვლადიმერ, დღეს რომ შინ წახვალ, დედას უთხარი, ილია ჭავჭავაძე შემხვდა და მითხრა, საგურამოში მასთან მივიდე და შენ რას იტყვი-თქო. ჰოდა, თუ დედა დაგთანხმდა, მალე ჩემთან წაგიყვან.

- კარგი-მეთქი, - ვუპასუხე და თნაც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მერე ის გამოგვეთხოვა; ბიჭებო, კარგად იყავითო, - გვითჴრა, ეტლში თავის ადგილზე დაჯდა და მეეტლემაც მაშინვე დაძრა ცხენები.

* * *

ლომისის ხევთან შეხვედრის შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ჩვენს სოფელს ერთი უცხო ცხენოსანი ეწვია და გვიკითხა. მეზობლებმა მოასწავლეს ჩვენი სახლი და ბედად, ეზოში დედაჩემი დახვდა. მე იმ დროს ბოსტანში ვსაქმიანობდი და მათი საუბარი კარგად მესმოდა.

- მე ბატონმა ილია ჭავჭავაძემ გამომგზავნა და დამავალა, მოგელაპარაკოო. თანახმა ხართ თუ არა, რომ თქვენი ბიჭი საგურამოში მასთან წავიყვანოო, - უთხრა სტუმარმა.

- აბა რა გითხრათ, ერთი ქვრივოხერი დედაკაცი ვარ, მიჭირს ცხოვრება და რაღა თქმა უნდა, მეძნელება მაგის მოცილება.

- ჰო, თუ თანახმა არა ხართ, ძალას არ დაგატანთ, როგორც თქვენ გინდათ, ისე მოიქეცით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთო, - უთხრა მან და წასვლა დააპირა.

- არა, მოიცადეთ, მოიცადეთ, - შეაჩერა დედამ, - ლომისის ხევთან ილია ჭავჭავაძესთან შეხვედრა და მისი ნათქვამი ჩემმა ლადომაც მითხრა და...

- მერე და, რა გადაწყვიტეთ?

- მე თავიდანვე უარი ვთქვი, მერე ჩემი ნათესავ-მეზობლები მოვიდნენ აქა და ვითათბირეთ. იმათ მითხრეს, ბატონი ილია ღვთისნიერი კაცია, შენს ლადოსაც კაცად აქცევს, გაუშვი საგურამოშიო. ამის გარდა, ჩემი ცხონებული ქმრის ნათქვამიც მახსოვს, ჭავჭავაძისთანა სამართლიანი ადამიანი ქვეყანაზე ნაკლებად იქნებაო...

- მერე თქვენ დათანხმდით? - ჰკითხა სტუმარმა და გაიღიმა.

- ჰო, დამითანხმეს... წაიყვანეთ ჩემი ლადო, ოღონდ გემუდარებით, ნუ დამანატრულებთ მის თავს, ხანდისხან მაინც მომიყვანეთ ხოლმე, ენაცვალოს დედა!

- მაგაზე თანახმა ვარ და მჯერა, რომ არც ბატონი ილია იქნება ამის წინააღმდეგი.

დედამ მაშინვე დამიძახა და მეც იქ გავჩნდი. სტუმარმა შინაურულად ჩამომართვა ხელი და მომიკითხა.

დედამ სახელდახელოდ პური გვაჭამა, მერე ხელჩანთა მომიმზადა და ეზოში გამოვედით. ჩემს წასაყვანად სტუმარს მეორე ცხენიც მოეყვანა. გამოთხოვების დროს დედა გადამეხვია და გზა დამილოცა, კარგად მოიქეცი, შვილო, ბატონი ილია არ გააჯავრო, ის ღირსეული ადამიანიაო.

* * *

საღამო ხანს საგურამოში მივედით. ჩემმა თანამგზავრმა მაშჲნვე ბებერი კაკლის ხის ქვეშ ილიასთან წარმადგინა და იმანაც, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ვყოფილიყავი, ახლობლურად მიმიღო და მომიკითხა. მერე შინაურულად მხარზე ხელი შემახო და მითხრა: შვილო, შენ აქ არაფერი გაგიჭირდება და დედასაც არ მოგანატრულებ, დროდადრო მასთან გაგიშვებო. მერე აივანზე მდგომ თავის მეუღლეს დაუძახა და ისიც მაშინვე ჩვენთან მოვიდა.

- აი, ოლიკო, ეს ის ბიჭია, ლომისის ხევთან რომ გავიცანიო.

- ღმერთმა გაახაროსო, - თქვა მან და გაღიმებულმა ხელი ჩამომართო. მცირე პაუზის შემდეგ მიუბრუნდა მოურავს და უბრძანა: ეს ბიჭი კარგად ავახშმე და დასაძინებელი ადგილიც მიუჩინეო.

მეორე დილით, საუზმის შემდეგ, მოურავმა ახალი ტანსაცმელი მომიტანა და მაშინვე ჩავიცვი. ილიამ მხარზე ხელი შემახო და მითხრა: შენ, როგორც მთიელ ბიჭს, საქონელს ჩაგაბარებ, ვიცი, მისი მოვლა-პატრონობა არ გაგიძნელდებაო.

- თანახმა ვარ-მეთქი, ვუპასუხე და მაშინვე საქონელთან გავედი. სულ მალე შრომისმოყვარეობისათვის ილიამ შემაქო, ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარო, - მითხრა.

მახსოვს, ერთ საღამოს, საქონელი რომ დავაბინავე, ქალბატონმა დამიძახა; ვლადიმერ, ცოტა ხანს ჩემთან მოდიო.

- ჰო, ახლავე მოვდივარ-მეთქი, - აჩქარებული ნაბიჯით მისკენ წავედი. ილია იქვე, ახლოს იდგა და ჩემს პასუხზე იღიმებოდა. სანამ ქალბატონთან მივიდოდი, მან შემაჩერა და მითხრა: აი, გახსოვდეს, ჩემო ვლადიმერ, როცა უფროსი დაგიძახებს, უნდა უპასუხო: ახლავე გეახლები-თქო. ახლა ქალბატონმა რომ დაგიძახა, უნდა გეპასუხა: ძვირფასო ქალბატონო, ახლავე გეახლებითო. პირველ ხანებში მეძნელებოდა ასეთი პასუხი, მაგრამ მერე თანდათან მივეჩვიე. იმ საღამოს ქალბატონს რომ ვეახელი, მითხრა: ჩემო ვლადიმერ, დაისვენე, ივახშმე და მერე ჩემთან მოდი, უნდა გამეცადინოო. მეც, რასაკვირველია, მაშინვე დავთანხმდი.

საერთოდ, ბატონსა და ქალბატონს წესად ჰქონდათ შემოღებული, როცა კი საგურამოში იყვნენ, უნდა შეეკრიბათ მსახურები და ჩვენთან ესაუბრათ საქართველოს ისტორიულ წარსულზე. ამის გარდა ისინი ახალგაზრდებს გვასწავლიდნენ ქართულ და რუსულ წერა-კითხვას. საერთოდ, კვირაობით ილია გვამეცადინებდა, ხუთშაბათობით კი - ქალბატონი.

ბატონი ილია გლეხებთან ახლობლურ დამოკიდებულებაში იყო, შინაურულად ელაპარაკებოდა და ისინიც მასთან საუბრის დროს უხერხულობას არ გრძნობდნენ. ილია პურის საჭმელად ისე არ დაჯდებოდა, თუ წინასწარ მსახურებს არ დააპურებდა.

მაგონდება, კერ კიდევ მისი მსახური ვიყავი, რომ ერთ დღეს ბატონთან საგურამოელი ქვრივი ქალი მივიდა, რომელსაც თურმე რაღაც გადასახადი ჰქონდა და ინდაურებით ხელში გაჩერდა ილიასთან. ბატონს ჯანგატეხილი ქალი შეებრალა და მოურავს უბრძანა, ეს ინდაურები უკან გაატანე და მერე რამდენსაც მოერევა, პროდუქტი წაიღოსო.

ქვრივმა მადლობა მოახსენა ილიას და გახარებული გამოეთხოვა.

საგურამოში მუშაობის ერთი თვის შემდეგ ორი დღით დედასთან გამიშვა და საჩუქრებიც გამატანა. მას სხვა დროსაც გავუშვივარ.

საგურამოში მუშობის პერიოდში სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. მახსოვს, ბატონმა ილიამ მითხრა: სამხედრო ვადებულების მოხდა ყველა ვაჟკაცის ვალიაო და მერე დაუმატა: აქ, ჩვენთან რომ რუსული წერა-კითხვა ისწავლე, იქ, რუსეთში გამოგადგებაო და მართლაც, ასე მოხდა.

როცა სამხედრო ვალდებულება პირნათლად მოვიხადე და სამშობლოში დავბრუნდი, მინდოდა პირველ რიგში მენახა დედა და მერე საგურამოში გავმგზავრებულიყავი, მაგრამ თბილისში ჩამოსვლისთანავე სამწუხარო ამბავი დამახვედრეს, ილია ჭავჭავაშე ვერაგულად მოჰკლესო. ამ ამბავმა თავზარი დამცა და აღმაშფოთა. იმ დღეს, როცა ილია უნდა დაეკრძალათ, თბილისში ვიყავი, დაკრძალვაზე ისეთი ხალხმრავლობა იყო, რომ ცხედართან ახლო მისვლა ვერ შევძელი.

მთაწმინდის ეკლესიის ერთ კუთხესთან აცრემლებული შევჩერდი და მერე ხალხშიც გავერიე. იქ ნინოწმინდის სასწავლებლის პედაგოგი ხალხს მიმართავდა:

- ჩვენ დავკარგეთ დიდი მოამაგე, დიდი მამულიშვილი. გავა დრო და უფრო მეტად ვიგრძნობთ ილია ჭავჭავაძის პიროვნების დიდ დანაკლისსაო.

იმ დღის შემდეგ ჩემს პატარა მთიულურ ქოხში ერთი ჭიქა სასმელი არ დაილევა ისე, რომ დიდი ილიას ნათელი ხსოვნა არ აღვნიშნოთ, სიყვარულით არ მოვიხსენიოთ ის სულმნათი მოამაგე.