![]() |
არტურ ლაისტი (1852-1927), გერმანელი მწერალი და მკვლევარი, ილიას დიდი მეგობარი იყო. გერმანულად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა პოეტთა ლექსები. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში. |
ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე და გავიცანი 1885 წელს. მაშინ პოეტი მხოლოდ 48 წლისა იყო. კვლავ ძლიერი ჰქონდა გონება, ნიჭი, ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული, მშვენიერების შეცნობისა და მისით აღტაცების უნარი. როცა ილიას დავუახლოვდი, შევიგნე, რაოდენ დიდი სულისა და ნათელი ჭკუის კაცი იყო. არასოდეს ცდილობდა, უცნობ საზოგადოებაში ვინმე თავისი ცოდნითა და გონებით მოეხიბლა. ერთი სიტყვით, არ სურდა, თავი ვინმესთვის მთლიანად გაეცნო. სულ მოკლე ხანში ჩემთვის ნათელი გახდა მისი მდიდარი ბუნება, ჩვენი ერთგული შეუბღალავი მეგობრობა ილიას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გვაერთებდა.
ილიასთან ყოველდღე დავდიოდი. ამიტომაც შემთხვევა მეძლეოდა, გავცნობოდი ყველა მაშინდელ ლიტერატორს და ბევრ სხვასაც. ილია იმ ხანებში გულგრილად ეკიდებოდა თავისი ყოველდღიური ჟურნალის „ივერიის“ გამოცემას, მაგრამ როდესაც „დროების“ დახურვის შემდეგ „ივერია“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა, ილიას ახალგაზრდობამ კვლავ გაიღვიძა, პოეტი სრულიად გამოიცვალა და დიდი მხნეობით შეუდგა ახალი გაზეთის რედაქტორობას...
მე დიდი სურვილი მქონდა, ჩემი თანამემამულე ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა, რომ მე უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ ორივენი გულმოდგინედ შევუდექით ამ საქმეს. იმხანად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ გახლდით. ამიტომ ილია სიტყვასიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად არ ამახინჯებდა არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი პირველი კრებულის დიდი ნაწილი საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე. აქედან ერთი მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქუდი მოჩანს, მეორე მხრით საგურამოს მთებია ამართული.
ნეტარნი არიან ის დღენი!.. ილია სადეკლამაციო* ტონით ლექსებს ლექსებზე მიკითხავდა, დროდადრო თავისი სამშობლოს სილამაზეზე მიმითითებდა. წყნარად, დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში, აღმოსავლეთის იმ ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. ილია ხშირად შეწყვეტდა ხოლმე თარგმნას და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებაზე შეუდგებოდა საუბარს, ან რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი შუაღამემდე მიატანდა, ვიდრე ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა.
მე მალე შემიყვარდა ეს ლამაზი კუთხე საქართველოსი. საგურამო ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი გახდა ამ ქვეყანაზე.
*სადეკლამაციო ტონი - მხატვრული კითხვა, ლიტერატურული ნაწარმოების გამომეტყველებით კითხვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№7, 1996