ილია ჭავჭავაძე დიდ ყურაღებას აქცევდა ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული იყო სამსახურებრივი, სამწერლო და საზოგადოებრივი საქმეებით, თვითონ მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებდა ძველისძველ ტაძრებსა და დარბაზებს, სხვებსაც მოუწოდებდა, გაფრთხილებოდნენ მამა-პაპისგან დანატოვარ განძს.
ილიას თანამედროვე საგურამოელმა მოხუცმა გიგოლა ლაბაურმა ასეთი შემთხვევა გაიხსენა:
„ერთ დღეს ბატონმა ილიამ ზედაზნის ეკლესიაში თავისი მეგობარო გერმანელი კაცი, არტურ ლაისტი, ამოიყვანა და იქ დამხდურ გლეხებს გაგვაცნო. ჩვენ ხის ძირში სუფრა გვქონდა გაშლილი. ახალმოსულები ბიძაჩემმა მოიწვია. ილია თავის თანმხლებთან ერთად მოვიდა, მერე ეკლესიის მოპირდაპირე კედლისკენ გაიხედა და იქ რომ უსუფთაობა შენიშნა, სახე მოეღრუბლა, თქვა: ეტყობა, აქ სხვა სტუმრებიც ყოფილან, ცეცხლი დაუნთიათ, უქეიფიათ და ნასუფრალი კი იქვე დაუყრიათო.
ბიძაჩემმა, რომელიც სხვებთან შედარებით გაბედული იყო, გულახდილად მოახსენა: ჰო, ბატონო, ჩვენ რომ აქ დავსხედით, მანდ ვიღაც უცხო სტუმრები იყვნენ, იქეიფეს, მერე აიშალნენ და წავიდნენო.
- მერე და, თუ იმათ იმდენი მოფიქრება არ ჰქონდათ, რომ ნასუფრალი შორს გადაეყარათ, თქვენ სად იყავით, რატომ არ შეახსენეთ, რომ აქ, ამ წმინდა ადგილზე, სისუფთავის დაცვა იყო საჭირო.
ილია თავის სტუმართან ერთად ეკლესიაში შევიდა და სანამ ისინი იქიდან გამოვიდოდნენ, ჩვენ სასწრაფოდ გადავასუფთავეთ კედლის გასწვრივ ეზო და ისევ სუფრას მივუსხედით.
ახალმოსულები ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, ბიძაჩემმა კვლავ სუფრასთან მოიწვია ისინი, თანაც ფეხზე წამოდგა და ჯამით სავსე ღვინო შესთავაზა. სანამ ილია სასმელს დალევდა, ნაცნობი ადგილისკენ გაიხედა, გაიღიმა; ესიამოვნა, რომ გლეხებს მისი წადილი შეესრულებინათ, მერე შინაურულად დაგვლოცა იქ მყოფები და ჯამი გამოცალა“.
ცნობილი ქართველი რეჟისორის პავლე ფრანგიშვილის მამა, იაკობი, კალატოზების უსტაბაში ყოფილა. ერთხელ იაკობს, როგორც განთქმულ ხელოსანს, დაავალეს, სვეტიცხოვლის შეკეთებაზე ემუშავა და იმანაც არ იუარა, წავიდა მცხეთაში, თან რამდენიმე ხელქვეითი ბიჭიც გაიყოლია.
იაკობმა გულმოდგინედ იმუშავა და, სანამ მცხეთიდან გაემგზავრებოდა, ილიამ სპეციალურად მოინახულა ახლადშეკეთებული ტაძარი. იაკობის ნახელავი მოეწონა, შეაქო და პატივისცემის ნიშნად თამარ მეფისა და გიორგი სააკაძის პორტრეტებით დაასაჩუქრა. დიდი ილიას ნაჩუქარს, როგორც ძვირფას რელიქვიას, იაკობი მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.