პარმენ ზაქარაია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

გოგლა

გოგლას სიყვარულით ეძახდნენ ჩვენს სასიქადულო პოეტს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი ლეონიძეს. აქ მინდა გიამბოთ მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ყურადსაღები უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ვინც ნებისმიერ დროსა და ვითარებაში უნდა ფიქრობდეს თავისი ხალხის ხვალინდელ დღეზე.

წინა საუკუნის 60-იან წლებში გადაწყდა გვეზეიმა თბილისის 1500 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით მრავალი რამის გაკეთება დაიგეგმა, მათ შორის, ძველი თბილისის ნაგებობათა აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები უნდა ჩატარებოდა თბილისის ანჩისხატის ტაძარსაც. ეს ტაძარი VI საუკუნისაა, მდებარეობს შავთელის ქუჩაზე და მტკვრის სანაპიროდანაც კარგად ჩანს.

მე, როგორც სპეციალისტს, მთხოვეს, კონსულტანტი ვყოფილიყავი ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დროს. ერთხელ, ღამის პირველ საათზე ვიღაცამ დამირეკა და მკაცრად მითხრა: „თქვენ ანჩისხატის ტაძრის კედლებიდან იმ ფრესკებსა ფხეკთ, რომლებსაც ტატო უყურებდაო?“ უცნობმა კიდევ რაღაც მითხრა და ბუბუნა ხმაზე ვიცანი, რომ იგი გიორგი ლეონიძე იყო.

თურმე გოგლასათვის ამბავი მიეტანათ, რომ ანჩისხატის შიდა კედლებიდან ძველთაძველი მხატვრობის ნარჩენებს ვფხეკდი, იმ ტაძრის მხატვრობისა, სადაც ტატო (ნიკოლოზ ბარათაშვილი) მოინათლა, მხატვრობისა, რომელსაც ჩვენი დიდი პოეტი უყურებდა ხოლმე, მხატვრობისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს.

ბატონი გიორგი დავარწმუნე, ამის მსგავსი არაფერი ხდება, ხვალ მობრძანდით და თქვენი თვალით იხილეთ-მეთქი ყველაფერი. მეორე დღეს დათქმულ დროზე მოვიდა. შევიყვანე ტაძარში. თვითონ ნახა, რომ ფრესკები ხელუხლებელი იყო და გაიხარა, მე ბოდიში მომიხადა.

ჭორი ფრესკების ჩამოფხეკის შესახებ ალბათ სხვებსაც უთხრეს, მაგრამ სინამდვილის გარკვევა არავის უფიქრია, არც შეწუხებულა ბატონი გოგლას გარდა.

ერთხელ გოგლამ შემომჩივლა, ჩემს სოფელში, პატარძეულში, ძველი კოშკი დგას, ინგრევა, ცოდოა მისიგანადგურება, იქნებ რესტავრაციაში დამეხმაროო.

ეს გახლდათ XVIII საუკუნის კოშკი. კოშკი მართლაც აღსადგენი იყო, მაგრამ მისთვის მაინცდამაინც არ ეცალათ. დავპირდი, ყოველ ღონეს ვიხმარ-მეთქი. მართლაც, კოშკი რესტავრაციის გეგმაში შევატანინე სათანადო უწყებას, კოშკის რესტავრაციის პროექტის შედგენა კი თვითონ ვიკისრე. რესტავრაცია დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა და დღეს პატარძეულს განახლებული ისტორიული ძეგლი ამშვენებს. ასე გადარჩა გოგლას თაოსნობით განადგურებას კიდევ ერთი ნაღვაწი ჩვენი წინაპრებისა.