იაკობ გოგებაშვილი

(1840-1912)

იაკობ გოგებაშვილი მეტად დიდი მოღვაწე გახლდათ, მაგრამ ასევე მეტად თავმდაბალი. აი, ამის მაგალითი:

1900 წლის 19 აპრილს დილით მსახურმა სხვა გაზეთებთან ერთად მას გაზეთ „ივერიის“ ახალი ნომერი შეუტანა. „ივერია“ იტყობინებოდა: ბ-ნ იაკობ გოგებაშვილს ქართველი საზოგადოებრიობა ლიტერატურული და პედაგოგიური მოღვაწეობის 25 წლის აღსანიშნავად სადილს უმართავს. დრო ცალკე იქნება გამოცხადებულიო.

იაკობი აღშფოთდა (იგი ამ დროს 60 წელს იყო მიტანებული) და საყვედურით სავსე წერილი მისწერა „ივერიას“, რომელშიც წერდა: „ჯერ ქართველმა საზოგადოებამ გადაიხადოს ის დიდი ვალი, რომელიც მას აწევს კისერზე, შესახებ ჩვენი მთავარი მოღვაწეებისა, რომელთაც ჩემზე უზომოდ მეტი გაუკეთებიათ. ჯერ იალბუზსა და მყინვარს ღირსეული იუბილეები გაუმართონ...“ იაკობი ილიასა და აკაკის გულისხმობდა.

ათი წლის შემდეგ ქართველმა საზოგადოებრიობამ ისევ დააპირა იაკობისათვის იუბილე გადაეხადა (იაკობი უკვე 70 წლისა იყო), მაგრამ მწერალმა ახლაც უარი განაცხადა. აი, რამდენიმე ამონარიდი ამ წერილისა: „ათი წლის წინათ იწყეს წერა ჩემის 25 წლის იუბილეს გადახდის თაობაზე. კატეგორიული უარი განვაცხადე...

მას უკან ერთ იალბუზს ქართველმა საზოგადოებამ დიდებული იუბილე გაუმართა, მაგრამ მეორე იალბუზს ქართველმა ხელმა ღვთაებრივი შუბლი გაუგმირა ტყვიით.

ჩაუკვიდრით ამ უკანასკნელს საზარელს ფაქტს. გაიხსენეთ ჩემი საშინელი უარის მოტივი, საბუთი და თქვენთვის ცხადი შეიქმნება, რომ ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია ფსიქიურად და ზნეობრივად დავთანხმდე იუბილეს გამართვაზე“.

გამოყენებული წყარო:
„სახალხო გაზეთი“
1910წ. 18 ივნისი