(შემოკლებით)
გალაკტიონი ამ რამდენიმე ათეული წლის წინათ გავიცანი. ჩვენი გაცნობა დაემთხვა ჩემს პირველ ჩასვლას ქუთაისში, მაისის ულამაზეს თვეში.
მაშინდელი ქუთაისი მიყრუებულ, პროვინციულ ქალაქს წარმოადგენდა. საფიჩხიასა და საღორიას მიდამოებში გაუთავებელი ღრეობა იყო, ბალახვანთან გაუთავებლად ჭყვიტინებდა ერემია ქუთათელაძის განთქმული გარმონი, რიყეზე, ჭაბუკებში, ქართული ჭიდაობა იყო გაჩაღებული, თეთრი ხიდიდან და რესტორან „იალტის“ სახურავიდან სხვადსხვა „ფასონებით“ ხტენოდნენ რიონში ბიჭები, ხონის გადასახვევზე სამტრედიისაკენ, წყალტუბოსკენ, ხონისკენ მიჰქროდნენ ეტლები. ასათიანის ჭალაში, ქართულ სუფრაზე საგანგებოდ ცოცხლდებოდა შოთა რუსთაველი და აკაკი, ომახიან „მრავალჟამიერს“ მოჰყვებოდა პრასი და ლობიო, წვრილ-წვრილი მჭადები და ცივი, სვირული ღვინო, მცვრიანი მწვადები და შუაზე გაკაფული, ან თხილის შამფურზე მთლიანად შემწვარი „ტუხუს გოჭი“...
მაგრამ ეს სხვათაშორის. მივდიოდი ქუთაისში და ვფიქრობდი გალაკტიონზე! ძლიერ მაინტერესებდა მისი გაცნობა...
ქუთაისში ჩასვლისას, სადგურზე დამხვდა მხცოვანი მწერალი ია ეკალაძე, გალაკტიონის სათაყვანებელი აღმზრდელი.
ია დიდი სიყვარულითა და სტუმართმოყვარეობით გამიძღვა წინ.
საღამოს გალაკტიონი გავიცანი. მეც და იაც მიგვიპატიჟა ჯაჭვის ხიდის თავზე, დიანოზ კობერიძის სახელგანთქმულ რესტორანში. გულუხვად გვიმასპინძლდებოდა გალაკტიონი. მაშინ ის ფერმკრთალი ყმაწვილი იყო, ღრმა, მეოცნებე, უძირო თვალებით. შავი გრუზა თმებით, ევროპულად პირგაპარსული, მაგრამ არცთუ ისე ენაწყლიანი მოსაუბრე.
რამოდენიმე ბოთლის შემდეგ მასპინძელს ვთხოვე ქეიფი დამთავრებულად ჩაეთვალა და ჩემთვის ეჩვენებინათ ბაგრატის დიდებული ტაძრის ნანგრევები, ან გელათი.
გალაკტიონმა გაიცინა:
- როგორ, ჩემო დავით! პირველად ბრძანდებით ქუთაისში?
მე პასუხად თავი დავხარე და მწვანილი გავწიწკნე კბილით.
- საოცარია, ამდენი ქვეყნები მოიარე და ქუთაისში არ ყოფილხარ?!
ნელ-ნელა გავუდექით გზას გელათისაკენ.
გალაკტიონს ვინ არ იცნობდა?!
ერთი წაუსტვინა და ისე მომეჩვენა, თითქოს წინ გაფრინდა კიდეც.
თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ ორცხენიანი ეტლი გაჩნდა.
მეეტლემ ქუდი მოიხადა და მაღლა აიშვირა.
იჯდა ასე, კოფოზე, აშვერილი ქუდით.
- აბა, გოგია ჩემო! ნელი სვლით გელათისაკენ.
- გახლავართ ოცდახუთი ცხენოსნით, - მიუგო მეეტლემ - გოგია კარანაძემ და ქუდი დაიხურა.
ეტლი გასცდა ქუთაისის დაბრეცილ, ორსართულიან სასტუმროს - „გრანდ ოტელს“.
- ესაა ქუთაისი - პატარა პარიზი, - მითხრა გალაკტიონმა.
მე გამეღიმა:
- ეიფელის კოშკი აკლია.
გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო:
- აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი?
მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა.
- ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა.
- სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“.
- ეს რა კიოსკებია?
- ო, ეს კი ლაღიძის წყლების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ.
ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია.
მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი.
გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე.
- აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, - მითხრა გალაკტიონმა.
მე თვალები დავაჭყიტე:
- რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?!
გალაკტიონს საშინლად ეწყინა:
- მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?..
- არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ...
- რა მაგრამ... მითხარი! - შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები.
- რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია.
- არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც.
რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება!
გელათის კარი ღია დაგვხვდა. ვიდრე შიგნით შევიდოდით, ბერი მოგვეეგება, მათე კერესელიძე.
ის ჩემი ნაცნობი გამოდგა, თბილისიდან. მაშინ საერო კაცი იყო და სტამბის შემოსავლით ცხოვრობდა. ძირითადად სახარებებს ბეჭდავდა. იმთავითვე დიდი მორწმუნე იყო. მთელი საქართველოს კუთხეები საკუთარი ფეხით შემოიარა, თან დაჰყავდა მუსიკის მცოდნე დირიჟორი ფილიმონ ქორიძე და თავის საფასურით ნოტებზე გადაჰქონდა საგალობლები: „შენ ხარ ვენახი“, „შენ გიგალობ“, „ღირს არს ჭეშმარიტად“ და მრავალი სხვა.
სხვათა შორის, მათე კერესელიძე სწორედ ის ბერი გახლდათ, შემდეგ წლებში რომ მოჰკლეს ყაჩაღებმა, ჯვრის მონასტერში.
მესტამბე და ახლანდელი ბერი დიდი სიხარულით შემოგვეგება. გალაკტიონი ვერ შეიცნო და შეცბა თითქოს.
- ნუ გეშინია, ეს ხომ ჩვენი სახელოვანი პოეტია, გალაკტიონი!
ამ სახელის გაგონებაზე მათე შეკრთა და უაღრესი პატივისცემითა და მოწიწებით აღივსო.
რა საოცრებაა ჩვენი კორიფეების* სახელები! ახსენეთ შოთა, აკაკი, ილია, ვაჟა, ბესიკი და...
- გალაკტიონიო?!
გალაკტიონმა ხელი გაუწოდა. ბერმა გაიხარა.
- მე წამიკითხავს თქვენი ლექსები. ძალიან კარგია, შედევრებია!
გელათში შევედით.
- ბედნიერი ვარ, რომ გალაკტიონი გავიცანი! - თქვა ბერმა და წინ გაგვიძღვა.
- მობრძანდით, აი აქეთ, გეთაყვა. თქვენს წინაშეა გელათის მონასტრის მთავარი ტაძარი... არქეოლოგიური გათხრები ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ თამარის სანატრელი სამარე მაინც მოინახება. ლეგენდა ადასტურებს, რომ თამარმა გიორგი ლაშას უანდერძა, როცა მოვკვდები, იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში გადამიტანეთო...
გალაკტიონი სრულიად გამოგვეთიშა. იგი ხარბად შეჰყურებდა გელათის გუმბათს, მის დიად აღნაგობას, მის მშვენიერ თაღებს, კაბადონებს, მის მოზაიკურ მხატვრობას.
- ჟამგარდაუვალი დარაჯია გელათი!
მეუბნება გალაკტიონი, ოცნებაში ჩაძირული, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
- მოდი ვიმღეროთ, ჩემო დავით.
- ვიმღეროთ. რა ვიმღეროთ?
- „შენ ხარ ვენახი“.
დავთანხმდი. მე, როგორც მღვდლის ვაჟმა, ზედმიწევნით ვიცოდი თითქმის ყველა საგალობელი. მე პირველს ვამბობდი, მასპინძელი მეორეს, გელათის გუმბათი ზარივით რეკდა. გალაკტიონი შეეცადა ბანი ეთქვა, მაგრამ პირზე ხელი მივაფარე.
- ნუ, შენი ჭირიმე, გალაკტიონ, სხვა დროს ვიმღეროთ.
მიმიხვდა.
- ჩემო დათა, ილიაც არ მღეროდა, მაგრამ სუფრის პირველი თამადა იყო.
- ილია როცა თამადად იდგა, ილია წინამძღვრიშვილის ჭინკა მოწაფეები ავსებდნენ სიმღერებით ილიას ნაკლს.
გალაკტიონი არ დამეთანხმა.
- აბა ერთი ილიას გულშიც ჩაგეხედათ მაშინ, რა სიმფონია გუგუნებდა. ილიაობაზე ილიას არ უმღერია, მაგრამ „განდეგილზე“ კი ფიქრობდა.
ასე გავიცანი გალაკტიონი. საღამოთი თბილისისაკენ მიმაფრენდა მატარებელი.
მივემგზავრებოდი და თან მიმყვებოდა გალაკტიონის სითბო, როგორც მგზნებარე პოეტის, მოქალაქისა და დიდი მეგობრის...
* კორიფე - მეცნიერების ან ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე