გიორგი ჩიქობავა
რამდენჯერ მინახავს, გალაკტიონის კაბინეტში ფანჯრის დარაბა მიხურული იყო და ბნელით მოცულ ოთახს საწერ მაგიდაზე დადგმული ერთი ან ორი სტეარინის სანთელი ანათებდა. შთაგონებული პოეტი წინწახრილი იჯდა და გამალებით წერდა. სანთლის მოლიცლიცე შუქი მის მაღალ შუბლს მკრთალ ნათელს ჰფენდა და ერთგვარ რომანტიკულ რიდედ ებურებოდა იქაურობას.
ეგ თავისი საკვირველი საქციელი პოეტმა ასე ამიხსნა:
- სანთლის შუქი მყუდროებასა და სიმშვიდეს მგვრის - მხოლოდ ვიწრო არეს ანათებს ჩემს ირგვლივ და ამიტომ მარტო საწერ ქაღალდს ვხედავ და მთელი ყურადღება მასზე გადამაქვსო...
გალაკტიონი წყნეთში სახლს აშენებდა. ერთხელ მშენებლობის კანტორაში ფეხით მივედით და საქმეთა მმართველს უთხრა:
- მე ტაბიძე ვარ.
- გიცნობთ, ბატონო, დაბრძანდით! - სკამები მოგვართვა ქალიშვილმა.
- ერთი რამ მინდა გთხოვოთ. წყნეთში სახლს ვიშენებ...
- ვიცი, როგორაა მშენებლობის საქმე?
- კარგად, მაგრამ... მინდა ცოტათი შეცვალოღ პროექტი გზისა, რომელიც ჩემი სახლის წინ უნდა გაიყვანოთ.
- ???
- იქ ლამაზი ხეებია, ძველი, დაბურული ხუჭუჭა ხეები. თუ გზას პროექტის მიხედვით გაიყვანეთ, ხეები განადგურდება. არ შეიძლება, ჩემი ხათრით იმ გზამ ოდნავ რკალი გააკეთოს, რომ ხეები გადარჩეს?
ქალიშვილი შეპირდა, ყოველ ღონეს ვიხმარო.
გალაკტიონს ყველაფერი სძულდა ვულგარული - ლაყბობაც, სიმღერაც, ტანისამოსიც.
ერთხელ მის კაბინეტში ახალგაზრდა კაცი შევიდა და ბარათი გადასცა. სანამ პოეტი უპასუხებდა, ჭაბუკი ჩამოჯდა, ბრიოლინით გასლექილ თმაზე ვერცხლის ბეჭდიანი თითები მოითათუნა და ფეხი ფეხზე გადაიდო. სამაჯურის სიგანის შარვლის ტოტებიდან ჭყეტელა ფერის წინდები მოუჩანდა, მკერდი ჩაეღეღა...
გალაკტიონმა როცა სტუმარი ჩვეული თავაზიანობით გააცილა, ჯერ ჩაიცინა, მერე ჩაფიქრდა და თქვა:
- მძულს, როცა კაცი უშნოდ იკლაკნება. ბეჭედი... დეკოლტე... ფუ, რა ვაჟკაცის საქმეა!
გალაკტიონმა ერთხელ მიამბო, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მას და გიორგი ქუჩიშვილს ფოთის მუშებმა შეხვედრა მოუწყვეს. მათ დაათვალიერეს ფოთი და პალიასტომის ტბა. ღამის გასათევად ერთი მუშის ბინაზე მიიწვიეს.
გალაკტიონს ძილი არ ეკარებოდა. გიორგიმ რამდენჯერმე უთხრა, სინათლე ჩააქრე და დაიძინეო, მაგრამ ამაოდ, პოეტი გაეტაცა ფიქრებს: ქართველ პოეტებს მომაკვდავი გედის თემაზე, მგონი, არაფერი დაუწერიათ... სიცოცხლეში გედი მხოლოდ ერთხელ მღერის... ისიც სიკვდილის წინ... მხოლოდ მაშინ ებადება თავისი სიმშვენიერისა და სილაღის განცდა... იშვიათი მოვლენაა ბუნებაში!.. უნდა ითქვას ეს პოეტური სიტყვითო.
ჰოდა, ამ ფიქრებით შეპყრობილმა მგოსანმა იმ ღამეს ჩაამწკრივა კიდევაც თოთხმეტმარცვლიანი ტაეპები.
- არ დაიძინებ, კაცო? - ერთი პირი ძილის მოთავების შემდეგ უკმაყოფილოდ შეეკითხა გიორგი ქუჩიშვილი.
- მაცალე, თუ ძმა ხარ! - ჩაიბუტბუტა გალაკტიონმა და ლექსის გაჩალხვას შეუდგა.
შემდეგ ლექსის წყობა და რიტმი იგივე დარჩა, მაგრამ შინაარსი გადასხვაფერდა. შეიცვალა მოტივიც. პოეტის წარმოსახვაში გასხივოსნდა თბილისისა და მთაწმინდის პროფილები, ცისფერი ლანდები, მტკვრისა და მეტეხის თეთრი ელვარება, აკაკის ლანდი, ბარათაშვილის „ობლად სიარული“...
გიორგი ჩიქობავა „გალაკტიონის ახლო“