ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

აკაკი - ჩვენი სულმნათი მგოსანი

ჩემს მახსოვრობაში წარუხოცელად აღიბეჭდა 1887 წელი. საგაზაფხულო დღესასწაულზე კეკლუცად დართული სოფლის ვერლ-მინდვრები მივატოვე და თბილისს ვეწვიე. რაღაც უჩვეულო წინათგრძნობა მახარებდა. რად მივეჩქარებოდი თბილისს, ან რა მახარებდა?!

თბილისში ერთი მოხუცი ნათესავი მყავდა, ელიზბარ ერისთავის მეუღლე, ამატა ბაზილევსკაია. მეტად სათნო და მოსიყვარულე ადამიანი იყო.

- ტასო, დუშეჩკა! რა კარგ ფეხზე მოხვედი, - შემეგება იგი აღტაცებით, - აკაკია ჩვენთან სტუმრად!

სიხარულმა იქვე გამაქვავა:

- აკაკი?!

- დიაღ, ჩვენი აკაკი!..

ფიქრი აღარც კი მაცალა, მომხვია ხელი და სასტუმრო ოთახში შემიყვანა, სადაც გამაცნო ჩვენი სულმნათი მგოსანი.

- ბატონო აკაკი, ეს ჩემი ძმისწულია. სოფელში საკუთარი სკოლა გახსნა. ბავშვებს თქვენი ლექსები შეასწავლა.

აკაკიმ საყვარლად გამომიწოდა ხელი.

მას ჩემი პატარა ბიძაშვილი უჯდა მუხლზე. იმ კუდრაჭას არც უფიქრია მუხლიდან ჩამოსვლა.

განა კითხვა უნდა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა აკაკი? მის მშვენიერ ლექსებს თან ახლდა აკაკის სადა საქციელი, მისი სადა კილო, კვიმატობა. გრძნეული იყო, გრძნეული!.. ახლა მისი თვალ-წარბი? გაშლილი შუბლი? ერთი თვალის შევლება საკმარისი იყო, რომ მასში გეცნოთ მგოსანი, საზოგადოების გამომაცოცხლებელი, ქართველი ხალხის სიამაყე!..

აკაკიმ წამაქეზა:

- მომწონს თქვენი გადაწყვეტილება. რომელ სოფელში ხართ?

- პაპაჩემის სოფელში, ფცაში.

- ა, ვიცი, ვიცი, ზაალსაც ვიცნობ... ვყოფილვარ თქვენს სოფელში, მაგრამ დიდი ხანია მას შემდეგ. იქნებ გნახოთ და ახლოს გავიცნო თქვენი სკოლა...

მეუხერხულებოდა, რომ ბუმბერაზი ადამიანი „თქვენობით“ მელაპარაკებოდა.

- აბა, ეცადეთ, გაგვახაროთ, კარგი ბავშვები აღგვიზარდე!

ის დღე წარუხოცელად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. დრომ განვლო. ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ აკაკის ნათელი სახე ისევ თვალწინ მიდგას, თითქოს ეხლაც ხელს მიწვდის, ალერსიანად მამხნევებს, მაქეზებს, რომ ბავშვები აღვზარდო... ბედმა და გარემოებამ წილად მარგუნა, შემდეგში დიდების აღზრდაზედ მეზრუნდა ჩემი ნაწერებით.

* * *

მას შემდეგ სულ აკაკის მოლოდინში ვიყავი. გული დამწყდა, რომ იმ წელსაც და მომავალშიაც იმედი არ გამიმართლდა. ხელი ჩავიქნიე: ბუმბერაზი ადამიანი ჩვენი სოფლის სანახავად ათასჯერ ხომ არ მოიცლის, ერთხელ უნახავს, ესეც საკმარისია. ის აღარ მოვა, არა...

მართალია, ბავშვებთან სწავლაში ვიყავი გართული, მაგრამ კალამი არასოდეს არ დამიგდია. თავისუფალ დროს, მეცადინეობის შემდეგ, სულ კლასიკოსების კითხვას და წერას ვანდომებდი.

ერთხელ წერის დროს თავს წამომადგა ჩემი სიყრმის მეგობარი დათა ბაგრატიონი და მითხრა:

- ტასო! აკაკი ჩამოვიდა ჩვენთან. ვიცი, ყველაზე მეტად შენ გაგეხარდება მისი ნახვა. აბა, წავიდეთ... აიკიდე გუდა-ნაბადი...

მეც უცბად ავენთე. მაგრამ იმავწუთს ერთმა აზრმა გამიელვა თავში და შევჩერდი:

- დათა, შენ წადი... მე ეხლავე მოვალ...

- რატომ არ გინდა ეხლავე წამოხვიდე?

- ჩემი მოწაფეები უნდა ვაჩვენო. მან დარიგება მომცა, როგორ ან რა მესწავლებინა ბავშვებისათვის. უნდა გამოვცადო ჩემი თავი, როგორი მასწავლებელი ვარ.

დათას მოეწონა ჩემი აზრი და გაფრინდა.

მე სასწრაფოდ შევკრიბე ბავშვები და ვუთხარი ვისთანაც მიმყავდა. შემდეგ კი მე და ჩემი კოხტად დართული ბავშვები, ყვავილების თაიგულებით ხელში, ბაგრატიონთა კარისაკენ გავეშურეთ.

პროვინციის რჩეულ საზოგადოებას მოეყარა თავი, საუზმეს შესდგომოდნენ. აკაკის ჩვეულებრივ ბავშვები შემოჰხვეოდნენ. აკაკი ხუმრობდა, თავისი მოსწრებული სიტყვებით და ნაკვესებით საზოგადო ზეიმსა ჰქმნიდა.

ჩემმა რაზმმა ყველას ყურადღება მიიპყრო. ბავშვები ფარული სიხარულით მორცხვად ჩამწკრივდნენ აკაკის წინ. აკაკიმ თვითონ გამოიყვანა ბავშვები მორცხვობის მდგომარეობიდან, გაუცინა, ყველას სათითაოდ ხელი ჩამოართვა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. ბავშვები მოთამამდნენ.

- ლექსებიც იცით? - შეეკითხა აკაკი.

- დიახ, ვიცით...

- მეც ვიცი, - სთქვა მან და დაიწყო:

„ცა ფირუზ, ხმელთ ზურმუხტო
ჩემო...“

აქ აკაკიმ განგებ წაიბორძიკა, გაიღიმა და სთქვა:

- დამავიწყდა... მოიცათ... მომაგონეთ...

ბავშვები ჯერ გაოცდნენ, ამისთანა კარგი ლექსი როგორ უნდა დაავიწყდეს ისეთ დიდ მგოსანს, როგორიც აკაკი ბრძანდებაო. შემდეგ მორცხვად სიტყვა მიაწოდეს. შემდეგ მოუმატეს. ბოლოს აღტაცებული სიცილით თვითონ ბოლომდის წაიკითხეს.

საზოგადო აღტაცებამ იფეთქა. აკაკიმ ბავშვები სულ სათითაოდ გადაჰკოცნა. ეს იყო და ეს. ბავშვები თითქოს ერთმანეთს შეეჯიბრნენ, რომ დიდებული მგოსნისათვის ეჩვენებინათ, რამდენი საუცხოო ლექსი იცოდნენ...

აკაკის გამოთხოვებაც საზეიმო იყო. მან თავისი ლოცვა-კურთხევა კვლავ ხელის ჩამორთმევით დაიწყო. თვითოეულს ჰკოცნიდა, უსურვებდა კარგ მომავალს, სწავლას და კიდევ სწავლას.

ქათინაურები მეც ბევრი მივიღე. წამაქეზა, როგორც საუცხოო მასწავლებელი. ბოლოს დასძინა:

- ჩემს პატივცემულ ცოლისდას - შენს საყვარელ ძალუა ამატას არა ერთხელ ჩამოუგდია ჩემთან საუბარი შენს ირგვლივ, მაგრამ დღევანდლამდე არ მეგონა და ვერც მოვიფიქრებდი, თუ შენი წრის ახალგაზრდა ქალი ასე გულითადად მოეკიდებოდა ბავშვების აღზრდის საქმეს... ბავშვები, ჩემო ტასო, ყველაფერია! ბავშვი - ეს ჩვენი მომავალის საწინდარია! იარე ამ გზით და გამარჯვებული იქნებიო.