თელავში ვიყავი, წარმოდგენებს ვმართავდი. აკაკი ჩამობრძანდა. აკაკის ჩამოსვლა
დღესასწაულად იქცა და კახელობა ღირსეულად დაუხვდა: საღამოები, წარმოდგენები,
დავდგით მისი „თამარ-ცბიერი“, სიტყვები, მისალმებანი, საჩუქრები.
ივლისი იყო და მოაღწია ილიაობამაც. რა თქმა უნდა, აკაკიც მოიწვიეს საღამოზე. 20 ივლისს დილაადრიან ჩავსხედით ეტლში და გავწიეთ ყვარელისაკენ.
ეტლი დაიძრა და აკაკიმაც დაიწყო: რა არ გვიამბო. ოხუნჯობის შემდეგ გადავიდა საზოგადო საკითხებზე და მაშინდელი თავადაზნაურობა და ინტელიგენცია ბევრ რამეში გაამტყუნა: უშნოები არიან, უნიათონიო, და ერთი მაგალითი მოიყვანა თავადაზნაურთა საქციელისა.
საქართველოში რომ ნიკოლოზ I ჩამოვიდა, ყველგან დიდის ამბით მიეგებნენ და განსაკუთრებით კი ქართლ-კახეთის თავადაზნაურობა. ერთ სადილზე ისე გაამხიარულეს, რომ კარგად გამოათვრეს კიდევაცო. მთვრალმა იმპერატორმა განუცხადა მასპინძლებს, რომ „ისე კმაყოფილი ვარ თქვენის დახვედრით, რასაც მთხოვს ჩემი სასიქადულო თავადაზნაურობა, მზად ვარ შევასრულოო“. დიდი მადლობა გადაუხადეს და თვითმპყრობელის ყოვლადშემძლე სიტყვა გულში ჩაიდეს. მეორე დღეს წარუდგა ნიკოლოზს დეპუტაცია და მოახსენა, რომ „ჩვენ ვერ გავბედავდით ამ თხოვნით მოგვემართა, მაგრამ თვენმა მეფურმა სიტყვამ და დაპირებამ გაგვაბედინაო“. ნიკოლოზი აცახცახდა თურმე ამ სიტყვებზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ეგონა თავადაზნაურობა საკუთარ მეფეს მოითხოვს, ავტონომიურ დამოუკიდებლობას მოიწადინებსო, და მზად იყო კიდეცო, რადგან მეფურ სიტყვას ვერ გადაუვიდოდა და სულ თავბედს იწყევლიდა, ეს რა მივქარეო, მაგრამ მოტყუვდა, რადგან თავადაზნაურობამ დიდი ბოდიშით, დიდი მორიდებით სთხოვა: „მარილზე დიდი ბაჟია დადებული და გთხოვთ, შეგვიმსუბუქოთო“. აი, ხომ ხედავთ, ქართველებს თხოვნის შნოც არა გვაქვსო, ნაღვლიანად დაამთავრა აკაკიმ.
ამ ამბებში თურმე უკვე ყვარელს ვიყავით მიახლოვებული. უეცრად ეტლს ოციოდე ცხენოსანი შემოერტყა. პირველ ხანად შევკრთი. იმ არემარეზე იმხანად ყაჩაღობა იყო და მეგონა, თავს დაგვესხნენ, მაგრამ ცხენოსნები ელვის სისწრაფით ცხენებიდან ჩამოხტნენ, ერთი ტანმორჩილი, ჩოხა-ახალუხით გამოწყობილი, თავზე ნაბდის ქუდით, წინ წამოდგა და მშვენიერის მჭექარე ხმით აკაკის მიესალმა.
იმ წამსვე ეტლიდან ჩამოვხტით, მხოლოდ აკაკი ფეხზე წამომდგარი ჩავტოვეთ ეტლში.
საუცხოო სურათი იყო: ეს ჭარმაგი ადამიანი, მაღლიდან გადმომყურე, ეტლში გამართული, მართლა რომ ბიბლიური ფიგურა დიდი პოეტისა, და ქვევით ხალხის წარმომადგენელი დელეგაცია, რომელიც შეფრფინვით შეჰყურებდა საამაყო ადამიანს. ნიავი ოდნავ აქანებდა აკაკის ჭაღარა ფაფარს, გარინდულ ბუნებაში კი სჭექდა პათოსიანი, მაგრამ დროის შესაფერი, მშვენიერის ქართულით ნათქვამი სიტყვა ტანმორჩილი ადამიანისა. მან მოიხსენია სხვათა შორის, რომ სახელოვანი ილიას სოფელი ბედნიერია, როცა ეგებება სასიქადულო აკაკისო, და მჭევრმეტყველურად შეამკო ორი დიდი კაცის სახელი.
შევატყვე აკაკის ცრემლი მოერია და თითქოს სულაც გამოიცვალა. დანაოჭებულ სახეზე თითქო სიხარული გადაეფინა, მაგრამ ოდნავი სევდაც, შეიძლება განუხორციელებელ სურვილთა გამო.
მახსოვს, იქვე საპასუხო სიტყვაში შემდეგიც გაურია: „ჩემი თავიც, ილიას თავიც მხოლოდ აჩრდილია იმ მომავალი გმირებისა, რომლებიც მომავალში თქვენგან გამოვლენო“.