(შემოკლებით)
1882 წლის 25 ენკენისთვეს დილის მატარებლით აკაკი იმერეთიდან ჩამოვიდა ტფილისს, ჩამოხდა სასტუმრო „ივერიაში“ და დაიკავა მე-4 ნომერი. მეც იქვე მე-5 ნომერში ვიდექი. ჩემს გვერდით იდგნენ ჩემი ნათესავები.
იმ ღამეს თორმეტ საათამდე ყველანი აკაკისთან ვიყავით და ვტკბებოდით მისი მოსწრებული, მჭევრმეტყველური საუბრით. შემდეგ ჩვენს ოთახებში წავედით მოსასვენებლად.
მე ლოგინზე წამოვწექი და ხოზე მარმოლის პოლიტიკურ რომანს ვკითხულობდი. აქ აღწერილია ჩვენი ერისათვის დაჩაგრულ-დამონებული ერის თავგამოდებული და მედგარი ბრძოლა და წიგნმა ისე გამიტაცა, ძილი დამიფრთხო. სამი საათი გახდა. ყველას ეძინა. უცებ ფაჩუნი მომესმა. დავუგდე ყური, მაგრამ ისევ სიჩუმე ჩამოდგა. ორი წამის შემდეგ ისევ მომესმა ფაჩუნი, თითქოს ვიღაცა მოაბიჯებდა. ვიფიქრე, კატა არის-მეთქი, რადგან წინა კარი გაკეტილი იყო და იქ მუდამ მეკარე იდგა, ეზოში კი არავის შეეძლო შემოსვლა. ისევ მივდე ბალიშზე თავი, მაგრამ მალე კვლავ შემომესმა ფეხის ხმა, შემდეგ კარის ჭრიალიც. გავვარდი გარეთ და უცებ დავინახე, რომ აკაკის ოთახში ვიღაც შევიდა. მეც უკან მივყევი. ღია კარიდან შემოსულ შუქზე დავინახე, რომ აკაკის საწოლთან ავაზაკს გაპრიალებული ბებუთი შეემართა. ის იყო, მშვიდად მძინარე პოეტისათვის გულში უნდა ჩაეკრა, რომ მივვარდი, მარცხენა ხელი ვტაცე საყელოში და სახეში მარჯვენა მუშტი ჩავარტყი, შემდეგ მარჯვენა მაჯაში ჩავავლე ხელი და შევძახე: დააგდე ხანჯალი, თორემ გაგათავე-მეთქი. ავაზაკმა ხელი უშვა იარაღს, რომელმაც აკაკის ლოგინთან წკრიალი მოიღო.
მგოსანი შეკრთა...
ავაზაკი იმწამსვე გამოვათრიე გარეთ. ხმაურზე სასტუმროს ბინადარნი გამოცვივდნენ და ვეცით ავაზაკს. იგი უცებ გავათრიეთ მოსამსახურეების განაპირა ოთახში.
- შემიბრალეთ, ნუ მომკლავთ... სიმართლეს გეტყვით... წაიღეთ ეს ხუთი ათთუმნიანი, რომლებიც იმ კაცის მოსაკლავად მომცეს... ყველაფერი წაიღეთ, მხოლოდ ნუ მომკლავთ... ნუ დამახრჩობთ...
- არა, მაგ ფულს საიქიოში გავატანთ. თქვი, ჩქარა, ვინ გამოგგზავნა? ვინ მოგისყიდა? რათა? რისთვის?! - ვუყვიროდით მკვლელს.
- რას სჩადიხართ, მართლა არ მოკლათ ეგ კაცი! - მოგვესმა უცებ უკნიდან აკაკის მწუხარე, აკანკალებული ხმა.
შევკრთით. მგოსნის ფერმკრთალმა სახემ ჩვენც დაგვაფიქრა. ვუთხარით, თქვენი მოკვლა უნდოდა-თქო. მან მოგვიგო:
- დიახ! მე უნდა მოვეკალი, ხანჯალიც ჩემს საწოლთან გდია, მაგრამ მაინც გთხოვთ, გაათავისუფლოთ, ნურც სცემთ და ნურც პოლიციას გადასცემთ!
ავაზაკმა დაიჩოქა აკაკის წინ და ტირილით უთხრა:
- ბატონო! მე თქვენ არ გიცნობდით. თქვენი თავი მხოლოდ ვაგზალში მაჩვენეს. თქვენთან ხომ თავის დღეში საქმე არ მქონია. ღმერთმა ჰკითხოს იმათ, რომელთაც შემაცდინეს და აი, ამ ხუთი ათთუმნიანით ჭკუა და ნამუსი დამაკარგვინეს.
- ჩაიდე ეგ ფული და წადი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! - უთხრა წყნარად მგოსანმა.
ავაზაკი მთლად დაიბნა, მოეხვია მუხლზე აკაკის და ქვითინი მორთო. აკაკი ამშვიდებდა. ჩვენ ავაზაკს აკაკის თხოვნით ხელი შევუშვით, მაგრამ მოვთხოვეთ, სრული სიმართლე ეღიარებინა.
- მე ს.ვ. ვარ, - თქვა ავაზაკმა. - ვინც მე ამ ბატონის მოსაკლავად გამომაგზავნა, არც ერთს არ ვიცნობ. არც მათი ბინადრობა ვიცი, არც მათი სახელი და გვარი.
ავაზაკი გარეგნობით ავლაბრის კინტოს ჰგავდა, ყარაჩოღული სამოსი ეცვა.
აკაკის მოთხოვნით მას გატეხილი თავი და თვალ-წარბი შევუხვიეთ, წინკარი გავუღჱთ და გავუშვით.
ცა მოწმნდილი იყო და განთიადის შუქი უკვე მოტანებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
„აკაკის საიუბილეო კრებული“, 1908
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№12, 1996