პატარა ამბები დიდ პოეტზე

წარწერა წიგნზე

ერთხელ აკაკიმ თავისი მეგობრების, ბეჟან და ნიცა წერეთლების ვაჟს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო აჩუქა („კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან“ შედგენილია ა. ქუთათელაძისაგან, რვ. 1. თბ. 1900 წ.).

პოეტმა ასეთი წარწერა გაუკეთა წიგნს:

„ჩემო დათიკო!
ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს,
არ შეუსწავლია და არ ითვალისწინებს,
ის კაცი არ არის...
       შენი ბიძია აკაკი“

ეს წიგნი პოეტის წარწერით, როგორც ძვირფასი რელიქვია*, ამჟამად სხვიტორში, აკაკის მუზეუმშია დაცული.

„ცათა შინა“

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.

ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის სტრიქონებს:

„იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს.“

კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა „ცათა“ გადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს. ცა ერთია და რუსთაველსაც ალბათ „ცასა“ ექნებოდაო, ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“...

საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩა „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

ნათლია

აკაკი ახალი ჩასული იყო სხვიტორში. მოსამსახურე ნატალია მაჭარაშვილი მოისაკლისა. თავის დას, ანას ჰკითხა:

- ნეტა სად არის, მთელი დღე რომ არ ჩანს ჩვენი ნატალია?

- სოფელშია წასული, შვილიშვილის ნათლობა აქვს, ხვალამდე ვერ ჩამოვა, - უპასუხა ანამ.

- უჰ, შე ქალო, თუ ასე იყო, აქამდე ვერ მითხარი? უსათუოდ უნდა წავიდე, მინდა დავესწრო ნათვლას.

- ნათლიად კი უნდოდი, მარა ვეღარ ეღირსა შენს ჩამოსვლას, გადაწყვიტა სხვას მოანათლიოს და შენი სახელი დაარქვას.

- არა, უსათუოდ წავალ, დამიძახეთ დათიკოს (მოსამსახურე იყო).

დათიკოს უხმეს, მოვიდა:

- რას მიბრძანებ, ჩემო ბატონო?

- რას და, თუ კაცი ხარ, სასწრაფოდ გასწი სოფელში ნატალიასთან, უთხარი შენი შვილიშვილის მონათვლა მინდა, მარა სოფელში, ამ აღმართზე ამოსვლა არ შემიძლია, აგერ მაცხოვრის ეკლესიაზე ჩამომგვარეთ ბავშვითქო.

დათიკო გაიქცა სოფელში...

რამდენიმე ხნის შემდეგ აკაკიც გაუდგა გზას ეკლესიისკენ. იქ უკვე უცდიდნენ გლეხები. ნატალია და მისი ქალი დესპინე, - ბავშვის დედა, - სიხარულით ცას ეწეოდნენ: აუხდათ ნატვრა - აკაკი ნათლავდა მათ ბავშვს, ბედნიერები იყვნენ!..

მღვდელი შეუდგა სამზადისს. დიაკვანმა ემბაზი მოიტანა, ნელთბილი წყლით ნახევრამდე აავსო.

- კი მაგრამ, მარტო მე ვარ ნათლია? - იკითხა აკაკიმ, - სხვა ნათლიები სად არიან?

- ჩემო ბატონო, - მოახსენა ნატალიამ, - ნათლიად აგერ ბათლომე ჭიღლაძე გვყავდა შეგულებული, მარა ახლა უარზეა...

- როგორ, ხომ არ უკადრისობს ჩემთან ერთად ბავშვის მონათვლას? - გაიღიმა აკაკიმ.

- რავა გეკადრებათ, ჩემო ბატონო, წამოდგა ბათლომე, - მე რა ღირსი ვარ თქვენთან ერთად ბავშვი დავიკავო ხელში!..

- კაი შე კაცო, რას ამბობ, მოდი, ნუ გერიდება, როგორც ნათლიები, ამიერიდან ჩვენ ძმები ვიქნებით!..

ძლივს დაითანხმა აკაკიმ გაჯიუტებული ბათლომე. ჯერ თავის სახელის დარქმევა უნდოდა, მაგრამ შემდეგ აზრი გამოიცვალა: გიორგი სჯობსო.

...ნაშუადღევი იყო, როცა აკაკი წამოდგა ცაცხვის ჩრდილში გაშლილი ლურჯი სუფრიდან. დამრჩომებს მადლი მოახსენა და პატარა დათიკოს თანხლებით სხვიტორისაკენ გზას გაუდგა.

დაღმართში ერთგან, ხის ძირას დაისვენა. სერიდან ნიავმა მოუბერა და თან მოიტანა შეზარხოშებული გლეხის სიმღერის ხმა.

ოროველა

აკაკი გაჯავრებული იყო. თბილისიდან სხვიტორში ახლად დაბრუნებულს გაეგო, რომ მოჯამაგირეს, დათია ბოჭოიძეს, „მოურავობა“ დაეწყო და გლეხებისაგან გადასახადი მოეკრიბა.

- შენი ბრალია, ანა, - უსაყვედურა აკაკიმ თავის უფროს დას. -  არ უნდა მიგეცა ნება, ან და, თუ შენს უკუთხავად გააკეთა ეს საქმე, ჩემთვის შეგეტყობინებია, მე მოვუვლიდი მაგას... ნატალია, დამიძახე ერთი დათიას, - გადასძახა აკაკიმ ფანჯრიდან.

- ახლავე, ჩემო ბატონო, - მოისმა ქვევიდან.

ცოტახნის შემდეგ კარები გაიღო და შემკრთალი დათია გამოჩნდა.

შეჭაღარავებული იყო, სქელწარბიანი. შემპარავი გამოხედვა ჰქონდა, ცბიერი ღიმილი უკრთოდა თხელ ტუჩებზე.

მრავალ წელს სასახლეში ნამსახური, მიჩვეული იყო აკაკის დღენიადაგ გარეთ ყოფნას. ოჯახის საქმეს თავის ნებაზე ატრიალებდა. მოხუცი ანა აბა რას გაუგებდა გაქნილ მოსამსახურეს, რამდენი სიმინდი მოიწია, რამდენი ყურძენი დაკრიფა, რამდენი ჩაასხა ქვევრებში? ახლა ესეც არ უკმარია დათიას, გადასახადის აღებაც დაუწყია აკაკის ნაყმევ გლეხებისაგან...

...აკაკიმ მაგრად გაჯორა დათია, თუმცა სავსებით ვერ გაიმეტა წლობით ნამსახური და შეჩვეული მოხუცი. ბოლოს მაინც სილბო შეეტყო მის რისხვას: ნუ შემომიჩნდი, დათია. ნუ შემაძულე ჩემს მშობლიურ ჭერქვეშ მოსვლა! - უთხრა აკაკიმ.

დათია მოჰყვა თავის მართლებას, გასაწყალდა, ცოლშვილი გაიწყვიტა, ხატ-რჯული იფიცა... აკაკი უკვე აღარ უგდებდა ყურს.

პაუზის შემდეგ მან ცერად გადახედა დათიას და საყვედურით აღსავსე, ნელი, შთამაგონებელი ხმით უთხრა: - გლეხი ხარ და გლეხის სიმწარეს ნუ დაივიწყებ. გახსოვდეს, მუშა რომ ოროველათი სამჯერ შემოუთოხნის სიმინდს, ის იმას უნდა დარჩეს, როგორც მისი ოფლით მონაგარი!

ხაჭაპური

ერთ საღამოს აკაკი თავის მეზობელს ა. წერეთელს ესტუმრა საჩხერეში. სტუმრებმა ფართო აივანზე ივახშმეს. საუბარში დრო შეუმჩნევლად გავიდა. ღამით მასპინძლებმა აკაკი შინ აღარ გაუშვეს, ცალკე ოთახში მოასვენეს.

დიასახლისმა ბავშვებს სასტიკად აუკრძალა აკაკის ოთახში შესვლა, რომ პოეტი არ შეეწუხებინათ და მისთვის ძილი არ დაეფრთხოთ.

მაგრამ დილით ერთი ბავშვი მაინც შეიპარა მგოსნის ოთახში. აკაკის უკვე გამოეღვიძნა. მან ბავშვი მოიხმო, მოეფერა, მაგიდიდან ხაჭაპურის ნატეხი აიღო და შესთავაზა.

ბავშვი ნასიამოვნები წავიდა. ცოტახნის შემდეგ ისევ დაბრუნდა და თავისი ძმა მოიყვანა. აკაკიმ იმასაც მიუალერსა და მისცა ხაჭაპური. ბავშვები წავიდნენ. მაგრამ პირველი ბავშვი კვლავ გამოჩნდა კარებში და აკაკის უთხრა: ძია, მე კიდევ ერთი ძმა მყავს! - მართლაც, უკან მას პატარა ბიჭიკო მოჰყვებოდა.

აკაკიმ გულიანად გადაიხარხარა, ის კვლავ გაუმასპინძლდა ბავშვებს.

საუზმის დროს მან სიცილით უამბო მასპინძლებს იმ პროტექციის შესახებ, რომელიც მათმა უფროსმა პირმშომ გაუწია თავის უმცროს ძმებს. მერე სამივე ბავშვი მუხლებზე დაისვა და დიდხანს ართობდა მათ ლექსებით და არაკებით.

მელა

ერთხელ სხვიტორში აკაკის საქათმეში მელა შეპარულიყო. ქათმების კრიახსა და ქოთქოთზე მოსამსახურეები მიცვივდნენ, მელა მიიმწყვდიეს და დაიჭირეს. მოურავმა ივანე ცქიტიშვილმა და მოსამსახურე დათია ბოჭოიძემ მელა დიდის ამბით მიჰგვარეს აკაკის:

- ჰა, ბატონო, ეს შეჩვენებულია, რომ გაგვცალა დედლებისაგან! ჩვენი ქათმებით არის გასუქებული ეს ქურდბაცაცა!..

აკაკიმ ცერად გადახედა გაკოჭილ ნადირს, რომელიც შეშინებულ თვალებს ახამხამებდა და დროგამოშვებით ღრენით აჩენდა წვეტიან კბილებს.

- რა უნდა უყოთ ახლა მაგას? - იკითხა აკაკიმ.

- რა და, უნდა მოვკლათ, ბატონო, - უპასუხა მოურავმა.

- თუ გიყვარდეთ, არ მოკლათ, გაუშვით, - შეეხვეწა ორივეს აკაკი, საოცრად შეებრალა მელა.

- რავა შეიძლება, ბატონო, ამის გაშვება, - მოახსენა ბოჭოიძემ, - სულ გაგვცალა ქათმებისაგან!..

- თქვენ ეგ საქათმე კარგად გააკეთეთ და თუ კიდევ წაიღოს ქათმები, მაშინ კი ნუღარ გაუშვებთ ცოცხალს...

არავითარმა საბუთმა აღარ გასჭრა, არ მოეშვა აკაკი თავის მოურავსა და მოსამსახურეს. რაღას იზამდნენ. მიიყვანეს ღობესთან და გადაახტუნეს მელა.

დაფეთებულმა ნადირმა ტყისკენ მოუსვა.

ჰონორარი

აკაკი თავის ნაწერებს ხშირად აწვდიდა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებას“ რედაქციას. ჟურნალიც, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით ბეჭდავდა საამაყო მგოსნის თხზულებებს.

ერთხელ ხელმოკლეობისა გამო ჟურნალის რედაქტორმა ჰონორარის მიცემა ვერ მოუხერხა აკაკის. მან გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა პოეტის ნაწერების ბეჭდვისაგან, რადგან ფიქრობდა სხვაგან დაბეჭდავს და ჰონორარს მაინც მისცემენო. სწორედ იმ ხანებში აკაკი საჩხერიდან თბილისს დაბრუნდა, „თეატრი და ცხოვრების“ რედაქცია მოინახულა...

- რატომ აღარაფერს მიბეჭდავ, იქნებ აღარ მოგწონს ჩემი ნაწერები, ჰა, იოსებ? - მიჰმართა მან ღიმილით ჟურნალის რედაქტორს.

- აბა, რას ბრძანებთ, ჩემო ბატონო! - უპასუხა შეწუხებულმა იოსებ იმედაშვილმა, - თქვენ თხზულებას წუნს როგორ დავდებ, მაგრამ ჩემი საქმე რომ იცოდეთ...

და მან უამბო აკაკის თავისი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.

აკაკიმ დაუყვავა:

- არა, ფულისათვის ნუ შეწუხდები. შენ იმიტომ გაძლევ ნაწერებს, რომ ამ ერთადერთ ჟურნალს ხალხი ძალიან ეტანება და მინდა ხალხმა იკითხოს. ჰონორარისათვის ნუ მომერიდები, არაფერი მინდა შენგან!..

გამოყენებული ლიტერატურა:
აკაკი, ნაკვესები
„ლიტერატურული გაზეთის“ გამომცემლობა
თბილისი, 1960

 

*რელიქვია (იგივე რელიკვია) - ნივთი, რომელსაც ინახავენ როგორც განსაკუთრებით ძვირფას სახსოვარს.