დავით კასრაძე

ბუმბერაზი პოეტი

აკაკის სახე არა თუ მრავალჯერ მინახავს, დიდებულ მგოსანს პირადად ვიცნობდი კიდეც.

ერთხელ (1915 წ.) ქუთაისში ი. გრიშაშვილმა სალიტერატურო საღამო გამართა და მეც მიმიწვია, სადაც წავიკითხე ლექცია - „მშვენიერება ხელოვნებაში“.

მეორე დღეს თბილისისაკენ ვბრუნდებოდი.

ქუთაისის მატარებლის ბაქანი. ჩოხოსანი თავადაზნაურობა. ფაფარმოხდილი მელოტი დარბაისლები. შლეიფიანი კაბები. მარაოები. მომხიბლავი ღიმილი. სადგურის მორიგე. პოლიციელთა ხმლების ვერცხლისფერი კაშკაში. ორთქმავლის ქშენა.

ჩემი ყურადღება ერთმა ცარიელმა ვაგონმა მიიპყრო, რომელსაც ბაქანზე მყოფი ხალხი ისე შეჰყურებდა, როგორც მლოცველები ტაძარს. ვაგონის სარკმელში თმადათოვლილი დიდებული მოხუცის ოლიმპიურ მზერას მოვკარი თვალი. მან ხელით მოიჩრდილა და ღრმა, უძირო, ჭკვიანი თვალებით ბაქანი მიმოათვალიერა. ის-ის იყო თავის მორიდება დავაპირე, რომ აკაკიმ შემნიშნა და სარკმლიდან ხელი დამიქნია - ამოდიო. სიამაყის გრძნობამ ამითრთოლა გული. ამ ბედნიერებას როგორ დავკარგავდი! ჩოხოსანმა თავადებმა ზრდილობიანი თავის დაკვრით დამითმეს გზა და მეც ვაგონში აღმოვჩნდი.

ვაგონი სრულიად ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი კუპე ეჭირა აკაკის თანმხლები პირებით. მთელი ვაგონი სასიქადულო პოეტს ეკუთვნოდა. ქართველ ერს იმდენად უყვარდა აკაკი, რომ საკუთარი მხრებით ატარებდნენ.

ეს იყო ჩემს სიცოცხლეში დაუვიწყარი შეხვედრა; ტკბილი, ბრძნული საუბარი თმადათოვლილ მოხუცთან, რომლის მღერადი ხმა სმენიდან არ მშორდება დღემდე...