ხალხური
* * *
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.* * *
არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა.* * *
ეკლის ადგილზე ამოსვლა
ეკლისა არის წესია
მოხუცი მომკის იმასვე,
რაც სიყრმით დაუთესია.* * *
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი, არც თავის დედასა.
* * *წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.
* * *
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?