ვაჟა-ფშაველა

წმინდა ნინო

(ვუძღვნი ქართველ ქალთა საზოგადოებას)

სასახელოა ჩვენთვისა
დედათმთავარის დღეობა,
იმის წყალობით განმტკიცდა
ქართლში ახალი ზნეობა.
ვცანით იესო ქრისტესი
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა
და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების
სიდიდე, მძლეთამძლეობა.
ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა.
იკურთხოს მისი სახელი,
იკურთხოს ნინოს მხნეობა.
ცამ მოანიჭოს ჩვენს ქალებს
სიდიდე ნინოს სულისა,
რომ შეძლონ ქვეყნის აღდგენა,
განკურნვა იმის წყლულისა;
ობლისა მოვლა, გამდლობა,
მოხელვა დაკარგულისა.
არ დაეკარგოს ამაგი,
ვინაც სამშობლოს უვლისა.
იკურთხოს დედათა ღვაწლი,
მადლი სწყალობდეს უფლისა!