ეს ქალაქი ვისია?

მტკვრის გაღმა და გამოღმა
სავსე მზით და ბარაქით,
დგას ქართული ქალაქი,
ჩვენი დედაქალაქი.

მზის სიცილით, ციმციმით
ხვდება ყველა მისიანს,
ჟღურტულებენ მერცხლები:
- ეს ქალაქი ვისია?

მტკვრის ლივლივა ზვირთები
შხეფებს ცისკენ ისვრიან,
კითხულობენ მგზავრები:
- ეს ქალაქი ვისია?

თქვით, ასეთი შეკითხვა
განა საკადრისია?
- ვინც აშენა, ამშვენა,
ეს ქალაქი მისია!