ძველი თბილისი
ვით ძველი მცხეთა,
ძველი არმაზი
და ძველი ჰანგი
იავნანასი,
მიყვარს ჩუქურთმა ძველი თბილისის,
ტკბილი დუდუკი და მუხამბაზი;
ძველი უბნების ვიწრო შუკები,
გული რომელთაც ვეღარ დაშორდა,
ქუჩაბანდები, სად უზრუნველად
დანავარდობდა ჩემი ბავშვობა;
ლურჯ აივანზე ჭრელი ფარდაგი,
თეთრ ფანჯარაზე ცისფერი ფარდა,
ყარაჩოღელის ძველი მოტივი,
არღნის ტირილი და სერენადა,
მკვდრეთით აღმდგარო,
განახლებულო,
ისევ დაგნათის
სხივი თბილი მზის,
ძველო თბილისო,
სულის თილისმავ,
ხარ ცხელი გული
ახალ თბილისის.