ალექსანდრე აბაშელი
უცნაური ამბავი
თბილისის ღამეს შიში სწვივია:
ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, -
ავჭალას ცეცხლი შემოხვევია,
ანთებულ რკინის ისმის ხმაური.დაირღვა ძილი და მყუდროება,
მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს;
ნაძვის სვეტები თეთრ ურდობად
შემოესია თბილისის ქუჩებს.და დაირაზმა შიშველ სვეტების
რკინის ფეხებზე შემდგარი ჯარი,
დატყვევებული ცეცხლის წვეთები
რომ დაარიგოს მეტის სიჩქარით.ის ავჭალიდან სინათლეს ელის
და მთელი ღამე არ დაიძინებს;
შუშის კბილებით უჭირავს ქსელი,
სადაც მორჩილი ელვა იდინებს.როცა სვეტები გადაიქცევა
ათასი მთვარის ეშაფოტებად,
სნეული ჩრდილი ცად აიწევა,
იმატებს ღამის გაბოროტება,ვერას გახდება - ბევრიც იბრძოლოს,
და რომ ინათებს დილა სისხამი,
წავა და სადმე ქალაქის ბოლოს
თავს ჩამოიხრობს თბილისის ღამე.1926