გივი მიქაძე

ჩემი სიზმარი

სიზმარი ვნახე ისეთი,
რომ მტერსაც აატირებდა.
ჩემმა სიზმარმა ჩემს თავზე
ტირილ-გოდებით იმეფა.

რუსთველი იყო დახრილი,
თვალთაგან ცრემლი სდიოდა.
თურმე ჩვენს ბედზე წმინდანი
გულდათუთქული ტიროდა.

მეორე ანდერძს გვიწერდა,
ცრემლმორეული ოხრავდა,
ვაჟკაცი კაცი ქართველზე
პატარასავით მოთქვამდა.

შარავანდედით მოსილი
გვეუბნებოდა იმასო:
არ დავიწყება მოყვრისა
აროდეს გიზამთ ზიანსო,
ვგმობო კაცს აუგიანსო,
ცრუსა და ღალატიანსო.

ერთად იდექით, ქართველნო,
თქვენს მტერს აჯობეთ ტიალსო,
ეჰ, რა სჯობია ჩვენს მიწას
განათებულს და მზიანსო!

იდგა მგოსანი მუხლმოყრით,
ევედრებოდა ღმერთსაო.
მისი ცრემლების ნაკადი
მოჰგავდა მდინარესაო.

ევედრებოდა უფალსა:
დღე მიეც ქართველთ მზიანი,
ცოდვების მოსატევებლად
დრო ჯერ არაა გვიანი.

არა დაუთმო ქართველი
აბობოქრებულ რიონსო,
ჯერ ხომ არ გამოლევია
მრევლი შენს ტაძარ-სიონსო!

იმედით და სასოებით
ხალხი შენს სახელს ახსენებს,
ნუ გაიმეტებ, ნუ დასჯი,
ჩემს სისხლსა და ხორცს - ქართველებს!

1994