პოემიდან |
სადღეგრძელო |
თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი;
კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი,
მკლავით ძლიერით ქართლელი,
ვით ციხე-ბურჯი მაგარი,
ოსი ფეხ-მარდი, მთიული
ბრძოლაში შეუპოვარი!მესხი სწავლითა ქებული,
გმირი იმერი ზრდილობით
და მშვილდოსნობით აფხაზი,
გურული, მეგრი მკვირცხლობით...გმირნო, მამულის მადიდნო,
თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად
წარმოსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით
მოხუცს ცრემლ-მოედინება,
მხნეობით აღტაცებული
ჭაბუკი ხმალსა მისწვდება!სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი - გულადი, პურადი,
მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს
მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი,
მოყვარე თავის მიწისა!..