დუტუ მეგრელი

ნანინა

(ვუძღვნი პაწაწა ეკას)

ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..
იქ ზეცა გყავდეს მფარველად,
მოკეთედ აქ ქვეყანაო;
ჩემი ლოცვა და კურთხევა
გდევდეს მარადის თანაო -
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..
გაიზარდე და გაივსე,
ვით თხუთმეტი დღის მთვარეო,
მტერს დაუყენე თვალები,
მოყვარე გაახარეო;
იარე გამარჯვებითა
ყოველთვის ყოველგანაო -
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..

გებრალებოდეს ჩაგრულნი,
შეიტკბე, შეიყვარეო;
არც დაივიწყო არასდროს
შენი სამშობლო მხარეო:
სხვაგან სიცილსა გერჩიოს
ტირილი იმასთანაო - 
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..