ზაურ ბოლქვაძე

შენ უნდა მოუარო

მთა - თოვლიანი, მაღალი,
ყვავილიანი ველი,
მზის ოქროგადანაყარი
წალკოტი სანატრელი.

- რა არის ასე ზღაპრული,
ტურფა და მოელვარე?
- ეს შენი საქართველოა,
შენი სამშობლო მხარე.

ხან არწივების ყივილი,
ხან ბულბულების სტვენა,
წამალი ყველა ტკივილის,
სიტკბო და აღმაფრენა.

- რა არის ასე დიადი,
ძვირფასი, მშვენიერი?
- ეს შენი დედა ენაა,
ენა ქართველი ერის.

მომავლის სხივი ნათელი,
იმედი გმირი ხალხის,
ფიქრი ყოველი ქართველის,
სინათლე ყველა სახლის.

- ვინ არის ეს ბედნიერი,
სიცოცხლესაც რომ გვიჯობს?
- შენ ხარ, პატარა ქართველო,
კოხტა გოგოვ და ბიჭო!

მზე ცაზე შენით ბრწყინდება,
მამული შენით ხარობს,
ლამაზ მიწას და ტკბილ ენას
შენ უნდა მოუარო!