ლაზარე
ნუ გაიგლიჯე გული, მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ.
არ დაადუმო შენი „ლილე“ და
მოვალ, აგინთებ კანდელს...
თუ გინდა ფეთქვით,
ოღონდ დამიხვდი,
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე, ოღონდ მიწამე,
მოვალ იმედად ხვალის!..
შენი ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად...
დიდი ხანია, რომ გენატრება,
მოვალ იმ პირველ კაცად...
შენი გუთნის და შენი აკვანის,
შენი ქართული ოდის,
შენი თბილისის მადლი რომ იცის,
სწორედ ის ბიჭი მოდის!..