ყველაზე ლამაზი

ერთი არის დედამიწა,
ქვეყანა კი ათასია;
ზოგ მხარეში ოქრო ჭარბობს,
ზოგან ბევრი ალმასია.
ზოგან მუდამ მზე ანათებს,
ეძახიან მხარეს მზიანს;
ზოგს კი ხშირი თოვლი ფარავს,
თეთრი კაბით ლამაზია.
ზოგს ამშვენებს ტრამალები
და ზოგს კიდევ მთაგრეხილი,
თავს იწონებს ზოგი პურით,
ზოგი - ვაზით და ხეხილით.
ერთი არის დედამიწა,
ქვეყანა კი ათასია.
ყველა მხარე, ყველა კუთხე
მდიდარი და ლამაზია.
მაგრამ სადაც დაიბადე,
გიმღეროდა დედა ნანას -
წინაპრების გულთა ზიარს,
სამშობლოა ის ქვეყანა
და ყველაზე ლამაზია.