იბერის ლექსი
ოდეს მამაცი იბერი,
ცისა და ქვეყნის ასაკის,
ლაღი და თვალებცისფერი,
მცხეთის მახლობლად დავსახლდი;
წელს ხმალი მება ხალიბის,
ხელში გუთანი მეჭირა,
ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი,
ვარსკვლავების ქვეშ მეძინა.
ნათელ თუ წყვდიად ღამეში
უღრანში ვჩეხდი ახოებს,
ხარი მყავდა და კამეჩი,
ვეძებდი საბალახოებს.მივდექ, დასისხლულ თითებით
მცხეთას ავაგე ტაძარი,
გაღმამთას ჯვარი შევაბი,
არმაზს ვაფრქვიე ნაცარი...
ოდითგან თრობის მომგონი
და მოყვარული სინათლის,
ურჩი არაბის, მონგოლის,
პარტახში ვაზებს ვწინდავდი.
ვახარე შავფხა თავთუხი,
კაჟით მოვხატე კევრები,
რთვლობას ვაჟურად დავდუღდი,
ტკბილით დავავსე ქვევრები...და აი, რასაც ვნატრობდი:
ღვინო და პური მახობლის,
მოდით, მსურველო დათრობის,
სიყვარულის და ლაღობის.
მოდით, ჰქუხს ქვევრი თავღია,
თაღარში ბორგავს მაჭარი,
ვაჰ, თუ მოვტყუვდი, ჭმახია
ნამცვრევი და ნაჭაჭარი!მოგაწვდით, არ დაგაძალებთ,
გულს ნაპერწკალი აღინთეთ,
თუ გეწამებათ, აცალეთ -
დავაჟკაცდეს და დაღვინდეს!
თუ თქვენმა გულმა შეირგო
ნაჟური ჩემი ვაზების,
უმალ ალავერდს გადმოვალ
საალავერდო თასებით!1946