ირაკლი აბაშიძე

სკოლისაკენ

დღედაღამ იმას ვნატრობდი, -
ჩქარა გამიღეთ კარები,
მეც მოწაფე ვარ, სკოლისკენ
პირველად მივეჩქარები.

შენ სად მიდიხარ, მურიავ!
როდემდის გტუქსო, როდემდის?
ის დრო წავიდა, გეთაყვა,
ყველგან რომ უკან მომდევდი.

სექტემბრის დილა გათენდა,
ბალღებს უხმობენ სკოლები,
მერხებთან ჩარიგებულნი
მელიან ჩემი ტოლები.

ზოგი რამ ცოდნაც მიმყვება -
ჩემი დედიკოს წყალობა:
თვლაც კარგი ვიცი, ანბანიც,
ცოტა ხატვაც და გალობაც.

ხელს არ ვითხუპნი მელნითა,
თავს მირჩევნია წიგნები;
სკოლისკენ მიმეჩქარება...
სულ ხუთოსანი ვიქნები.