გივი ჭიჭინაძე

სექტემბერი რას მღერის

ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზიარევი
ცოდნის ოქროზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
ასე წკრიალ-წკრიალით,
ასე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდეთ ფრიალით
ფრთაშესხმული ფრიადი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ!