ჯერ შრომა, მერე ხტომა
სწავლობს გიგლა ტიტინა,
მზემ შემოუჭყიტინა:
- გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
გამო, შეითამაშე,
არვინ ეტყვის მამაშენს!
- არა, მზეო, მზექალავ,
ჯერ გავათავო სწავლა!..
გიგლამ დაიწყო წერა,
ჩიტმა დაიწყო მღერა:
- გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
გამო, შეითამაშე,
არვინ ეტყვის მამაშენს!
- არა, ჩიტო ბზეწვიავ,
მე ოსტატი მეწვია...
შენ თუ მორჩი მღერასა,
მაშ მეც მოვრჩე წერასა!..
გიგლა სწავლობს გაკვეთილს,
არ უყურებს ბაღში ხილს...
ბაღიდან ალუბალი
ცდილობს მოსტაცოს თვალი,
- გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
გამო, შეითამაშე,
არვინ ეტყვის მამაშენს!
მორჩა სწავლას ბაღანა,
სწავლამ ის არ დაღალა...
გამოვიდა გარეთა,
შესძახა მოყვარეთა:
- ვინ მეძახდა წეღანა?
აქ მობრძანდით ერთხანა!..
მზე უცინის გიგლასა,
ჩიტი უგალობს მასა,
ალუბალი დარცხვენით
აწვდის დიდ კუნწულასა...