აწკრიალდა სკოლის ზარი
კვლავ მზისფერი
სექტემბერი
შემოვიდა სხივთა ფრქვევით...
სიხარულით,
სიყვარულით,
აწკრიალდა სკოლის ზარი.
ღია არის
სინათლის და
სიბრძნის კარი!
ტკბილზე-ტკბილი
„დედაენა“
უხმობს, ელის
ახალ იმედს.
ვერ ეტევათ გულში ლხენა
პაწაწინებს.
ტკბილზე-ტკბილი
ოცნებებით
იჩქარიან მოზარდები.
აქ იწყება
შრომის,
გარჯის
დიდი გზები.
დაებედოთ სწავლის ნატვრით
„ხუთიანთა“ წყება-წყება.
აღმზრდელის და
სკოლის მადლი
არასოდეს გვავიწყდება.
სიხარულით,
სიყვარულით,
რეკავს ზარი:
მობრძანდითო,
ღია არის
სინათლისა და სიბრძნის კარი!