შოთა ნიშნიანიძე

თევდორე

თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი,
- თევდორე!..
- თევდორე!..
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არი სამოთხისა,
- სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა?
ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთში კალმახობდა.
ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი – გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.
თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა, - ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩიტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.
მათ იციან მომავალი, თვითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდე უფლისათვის.
ამიტომაც მსახურებდნენ, წმიდა ბერი სულს ერჩიათ
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.
...ათას ექვსას მეცხრე წელი, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს სცემდა... ჭიხვინებდა, მთიდან გადარბოდა მთაში.
წმიდა ბერი ლოცვად დადგა... ციდან ჩამოესმა რეკა...
თრთიალეთთან მტერი მოდგა... დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

* * *
ქართულ ვენახს,
ქართულ ჯვარს, -
ქვეყნის ოთხივ მხარეს,
როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.
აჰა, მახვილ-შუბებით აზღარბულა სერი,
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.
იწერება სულთანი... იწერება ქადილს
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.
ხმლით აკუწულ ცისარტყელებს და ხოხობა ცისკრებს
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს და მისრეთს...
შენ ხარ ვენახი აჩეხილი.
მესიის სურვილი ამხდარი,
ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი,
მამაო, სანთელი ხარ დამწვარი,
მამაო, ცეცხლი იყავ სვე-კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი...
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი... არაკი...
ლომი ხარ ქართველობას შეწირული
და კრავი – ქრისტეს ზვარაკი.
ეს სისხლია, ღვთის კაცო, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან.
- ოსანა!
- ოსანა!
მოდგნენ ანგელოსები,
ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაშ შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა, მტერს და ორგულს, ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც გახიზნული ჩიტი,
როგორც სული, შენი სული - ფერად გასისხლული შინდი,
გამოება ენად ზარებს, საყდრის დამუნჯებულ ზარებს.
და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.
- თევდორე!..
- თევდორე!..
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
- თევდორე!..
- თევდორე!..
შენისთანა მეკვლე გვინდა,
შენი ერი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.

* * *
მთაში ფანდურს აჟღავლებენ, წვიმს გმირული კაფია,
ცაში ელვით იწერება შენი ეპიტაფია.