შოთა ნიშნიანიძე

* * *

I

ისრით დაკაწრული, სიზმრად გადასული
ციხე ბილიკებით გდია გათასმული,
აი, ზღუდეები ქონგურგაქურდული,
ჩიტთა ბუდეებით ქვებში ჩაჩურთული.
ზემოთ ჩრდილებია, მსგავსი ოფოფების,
შებოჭილებია ხავსით, ობობებით.
ჭერი შეკორძილა ხავსით, ღამურებით,
კედლებს ექორწილა გაუდაბურება.
კიბე აკიბული, ჟამით ათიბული,
ცაში გაკიდული ცხრა კლდე, ცხრაკლიტული.
შიგნით გალავნები თაღებჭაღებური,
წიგნის ტალანები ფანჯრებდაღებული.

II

ჩქარობს, მოქათქათებს რუხი წიაღიდან -
წყარო მოქოთქოთებს კრუხის წიაქითა.
ტინებს ეკონება, მიედუდუნება,
გულზე მეკონება მისი რუდუნება.

III

...წყალში აისარკა ბრძოლის სურათები:
აჰა, მეციხოვნეთ ვუმზერ სულანთებით.
ისმის გოდების ხმა, ყივილს გადართული,
მტვრევა გოდლებისა... ცხენთა თქარათქური...
და დგას ციხისთავი სახეგახევებით,
კვამლი ჰკიდია თუ ჩოხის ნახევები?
ცვივა ფალავნები და ქვის პერანგებად
ციხეს გალავნები ტანზე ეგრაგნება...
ბღავის ფარეხივით ციხე ჩამეხილი...
ჯაჭვი გაღეჭილი... რკინა გახეხილი...
ხმალი თუ ხერხია, ფარი საცერია,
რაც გადახდენიათ, ზედვე აწერიათ...
შუა გადამტყდარა ხმალი, ჩალმის მტერი,
მაგრამ არ წამხდარა დროშა ჩალისფერი!..

IV

ჩემო წინაპარო, ჰაუ, რა გიქნია,
საუკუნეები შუბზე აგიგია!

ციხე, ანძა, ხატი, საფლავები ღია
მხარზე გაგიდევს და ზღაპრად წაგიღია...

მიწავ ძველისძველო, შეგთხოვ, მაპატიო,
თუ ვერ შეგეშველე იმ საშინელ დროში,
თუ ვერ მოვკვდი შენი ჩალისფერი დროშით.

მშობლებს ვმსახურებდეთ - ჩვენი ადათია
და მე შენთვის მინდა, რაც კი მაბადია,

ჩემო ვენახეთო, შენს გზებს ვეცისკროვნე!
მე ვარ შენი სულის ერთი მეციხოვნე;

მე შენ დაგიმადლე ნიჭი მწყალობელი
და მე დავიბადე შენი მგალობელი.