მამა შიო (გაბრიჭიძე)
შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი

 

ამ ლექს-ზღაპრის ავტორი მამა შიო შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარია 1992 წლიდან. აქ მისი მოღვაწეობის წლებში ბევრი რამ გაკეთდა. შეკეთდა ჩამონგრეული ტაძარი, აშენდა ახალი სამრეკლო, პატრიარქისა და პრეზიდენტის რეზიდენციები, სენაკები, სატრაპეზო, მარანი, საკონფერენციო დარბაზი, ფერმა და სხვა. უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა საქართველოს ეროვნული აღორძინების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელიც იღუმენი შიო გახლავთ. მამა შიო აგრეთვე ავტორია მშვენიერი ლექსების კრებულისა „მეტყოდი, მამავ“, რომელსაც დიდი შეფასება მისცა თვით პატრიარქმა.

ზღაპარ იყო...

იყო და არა იყო რა,
იყო ქვეყანა სამოთხე,
მასში მცხოვრები ბავშვები
ანგელოზებთან გალობდნენ...

ცა იყო ლურჯი, კამკამა,
ქლიავისფერი ქედები...
თავზე რომ ქუდად ეხურათ
მყინვარნი - თეთრი გედები!

და მიდიოდა ცხოვრება
გალაღებული, დიადი,
სანამდე ერთხელ შურისგან
არ გადირია ეშმაკი...

და მერე მოხდა, რაც მოხდა...
ქურდობა გახდა ღირსება,
ღალატი ჩვევა საქები,
და საწალკოტე ქვეყანა
გახდა პირწმინდად ნანგრევი.

ზღაპარზე ვინ იფიქრებდა,
ვის ჰქონდა თავი ფიქრისა...
მთავარი იყო სიცოცხლე
რომ მორეოდა სიკვდილსა!

ბუნებრივია, იკითხავ,
ღმერთმა რად მისცა უფლება,
ბოროტს ამდენი სამსალა
გულიდან ამოენთხია?

ამას თანდათან აგიხსნით,
დიდია ღმერთის განგება!
ღმერთის დაშვების გარეშე
არცერთი საქმე არ ხდება!

იდიდოს მისმა სახელმა,
გვაკურთხოს მისმა მარჯვენამ,
და ზღაპრის გასაგრძელებლად
მოგვცეს მადლი და გაძლება...

...ახლა კი მინდა გიამბოთ,
ზღაპარში როგორ აღმოვჩნდი!
იცნობთ დიდ პაპა ელიას?
ბავშვებზე მზე რომ ამოსდის?!

საზღაპრო პაპას, ზღაპარში
ვინც ათენებს და აღამებს?!
სწორედ ამ პაპამ მიშველა,
როცა დევებმა დამხანჯლეს...

ბოროტ-ცრუ კაცთა ქვეყნიდან
გამომიტაცა საზღაპრეთს,
ახლა მეც ზღაპრის შვილი ვარ
და მამა შიო დამარქვეს.

მივდივარ მსოფლიო გზებზე
ლოცვა-კურთხევით მამისა,
უნდა მსოფლიო შემოვვლო
მძებნელმა მართალ ზღაპრისა.

ავდექ და
კრძალვით რჩევისთვის
ვეახელ ნაცარქექიას.
ვუთხარი, დიდო ბატონო,
დამმარცხებელო დევების,
მართალ ზღაპართა საძებრად
შვილი ვარ გადმოხვეწილი.

სულმადლიანმა მოხუცმა,
გულმშვიდმა, სახეანკარამ
იმდენი რამე მიამბო,
იმდენი რამე მასწავლა,

იმდენად გამიმარტივა
გართულებული ამბები,
გაოცებული ბავშვივით
პირდაღებული დავდევდი.

ადგა და ხელი ჩამკიდა,
ვით გოლიათმა პატარას;
ბევრი ცა, ბევრი ვარსკვლავი,
ბევრი მზე შემომატარა...

სანამდე რაღაც დიადი
მიუწვდომელი საზღაპრო
გამოჩნდა დედაქალაქი
მართალ ზღაპართა სამყარო!

ნაცარქექიას გაუღეს
გალავნის დიდი კარები
და როგორც მამას შვილები,
გამოეგებნენ ზღაპრები.

სუყველა გახარებული
ლოცვით ანთებდა კელაპტრებს
ქალაქი ზარების რეკვით
ეგებებოდა მეზღაპრეს.

შეგვიპატიჟეს ქალაქში,
რას ნახავ კაცი უკეთესს,
წმიდა სამების ტაძარში
დიდების ზარი გუგუნებს!

ვილოცეთ წმიდა ტაძარში,
ვადიდეთ წმიდა სამება,
ერიც და სამღვდელოებაც
გვაკურთხა უნეტარესმა!

ნაცარქექია ბატონი
მეფემ აწვია თავისთან,
მე კიდევ ნაცარქექიამ
თავის ზღაპართან მაწვია.

უბრძანა ზღაპრებს: შვილებო,
გაბარებთ მამა შიოსო,
აბა, თქვენ იცით, ზღაპრებით
შიო არ მომიშიოთო...

სულაც „ცხელ-ცხელი“ უამბეთ
ამბები წინაპრებისა.
კურთხეული არს უფალი,
ღმერთი ქართველი ერისა!

შემომეხვივნენ ზღაპრები
გახარებულნი ჟღურტულით,
ზოგი კახსა ჰგავს, ზოგი სვანს,
ზოგი მგონია გურული...

სრულიად საქართველოდან
მობრძანებულან ბავშვები,
რატომღაც დაურქმევიათ
ამ ბავშვებისთვის ზღაპრები!..

დიდება უფალს!
თუნდ ერთი
ბავშვის სიწმინდე რა არი
და ლოცვად ამაღლებული
ბავშვი ასობით ათასი!..

მასპინძლის როლში დამდგარი,
გაბრწყინებული მთა-ბარი,
გულიდან გადმოხეთქილი
„სხვა საქართველო სად არი?!“

ვმადლობ,
ვადიდებ შემოქმედს,
რომ ამ დიად დღეს მომასწრო!
კიდევაც დაიზრდებიან!
ვფიქრობ, ამათიც მოვა დრო...

კიდევაც დაიზრდებიან!
გული ძალუმად გაჰკივის,
კიდევაც დაიზრდებიან!
შვილნი მზისა და არწივის...

და ამ იმედით ვუერთებ
ჩემს გულს მომავალ არწივებს,
გულს ვერ ვაჩერებ, ეს გული
ლამის ბუდიდან აფრინდეს!

გაჰკივის გული, შვილებო,
ეგებ მაჩვენოთ სამოთხე!..
ჩემს გასაოცრად ზღაპრებმა
გაიღიმეს და დამლოცეს:
- ბავშვის თვალების მიღმაა
სიწმიდე თქვენ რომ დაეძებთ!

აღმოჩნდა სამოთხის ბაღი,
ღმერთის დიდება და მადლი,
გალობდა უფლის დიდებას
კაცთ რუდუნება და ღვაწლი.

სიმდაბლით ამაღლებული
სიხარულისგან ვივსები,
მიწაზე ფეხს არ ვაკარებ,
ვხედავ აცხადნენ სიზმრები.

ვირთვები ყველა სიკეთით,
აქ ვმთავრდები და ვიწყები,
და წინაპრების სიყვარულს
ძირისძირამდე მივყვები...

ვნახე იქ, ყველა დიადი,
ვინც ვიცოდი და ვინც არა,
ვნახე, იბერთა გზა-ხიდზე,
რა ზღვებმა გადაიარა!

ვნახე, ვით წმიდად იცავენ
სამოთხეს ჩვენი მამები,
ჩვენი დედები ლოცვებში
უფალთან ნაზიარებნი.

წავედი შორს და კიდევ შორს,
კიდითკიდემდე მიმოვდექ,
ამკობდნენ ანგელოზები...
უკიდეგანო სიცოცხლეს!

სიდიადეა ისეთი,
ენას ვერ ძალუძს გამოთქმა,
თვალნათლივ ვხედავ მიწაზე
ზეციურ ძალთა გადმოსვლას...

დავბრუნდი უკან ზღაპრებთან...
ამაღლებული, დიადი,
მზე გვადგა მაღლით, ლოცვითა
გაფანტულიყო წყვდიადი!