სად არის სათვალე?
სათვალე დაკარგა
დეიდა ვალიამ,
მითხარი
რა მისი ბრალია?
დეიდა ვალია
მოხუცი ქალია,
სულ შრომობს
და სულ არ სცალია.
დაკარგა.
რაღა ქნას დღეიდან,
სათვალეს დაეძებს დეიდა!
სულ გადააბრუნა საწოლი:
ლეიბი,
ბალიში,
საბანი,
და ახლა საწოლქვეშ მიძვრება,
– ნეტავი სათვალე სად არი?!
დეიდამ ვედროშიც ჩახედა,
მონახა:
კალოშიც,
წაღებიც,
თაროზეც სულ გადააბრუნა
დიდი
და პატარა
ქვაბები.
არ დარჩა არცერთი კუნჭული,
როდინი, ქოთანი, ტომარა.
უთუოდ,
უთუოდ ვიღაცამ
დეიდას სათვალე მოპარა.
ტრიალებს,
ფუსფუსებს,
დაეძებს,
დაღლილა, ეტყობა ძალიან.
ხელახლა მიადგა კარადას
საბრალო
დეიდა ვალია.
იგი კვლავ საწოლთან მივიდა
გასინჯა:
ლეიბი,
საბანი.
ნეტავი იცოდეს დეიდამ,
ლამაზი სათვალე სად არი!
დაღლილა, ეტყობა, ძალიან
და სკივრზე ჩამოჯდა ვალია.
სკივრს ზემოთ კი სარკე ჰკიდია
და სარკე –
სარკმელზე დიდია.
სარკეში ჩახედა დეიდამ,
გაოცდა მოხუცი გულწრფელი:
სათვალე მის შუბლზე შემჯდარა
ღიმილით სარკიდან უცქერის.
საბრალო დეიდა ვალია –
რამდენი, რამდენი აწვალეს...
მას სარკემ უშველა ეპოვნა
ძვირფასი,
ლამაზი
სათვალე.