იულან ტუვიმი

ბოსტნეულის ამბავი

ერთმა დიასახლისმა
მოიარა ბაზარი
და შინ ძლივს მოიტანა
ტვირთი უზარმაზარი.
კალათაში ბოსტნეული
ეწყო მრავალნაირი -
აი რა:
თავის ბედით კმაყოფილი -
გაბერილი კარტოფილი.
ტკბილი, როგორც შაქარი -
სისხლისფერი ჭარხალი.
თითქოს უკმაყოფილო
თავმომწონე სტაფილო,
და კომბოსტო ბურთისხელა -
ხრამუნა და ასფურცელა.
ოხრახუში, მუხუდო...
ბოსტნეულის ლოდინში
სულს ღაფავდა ქოთანი,
ვეება და უქუდო,
ბევრჯერ ნაქოთქოთარი.
მაგიდაზე ატყდა დავა,
დიდი სიცილ-ხარხარი.
- ვინ სჯობია ქვეყანაზე -
კომბოსტო თუ ჭარხალი,
- ვინ სჯობია - კარტოფილი,
თუ მუხუდოს მარცვალი,
- ვინ სჯობია - ოხრახუში,
თუ სხვა რამე ახალი!
მაგიდზე ატყდა ჩხუბი,
დავა, აყალმაყალი,
გაიბერა კარტოფილი,
წამოენთო ჭარხალი,
სულ გაყვითლდა სტაფილო:
- რას ტრაბახობ, ყმაწვილო?!
აშრიალდა ოხრახუში,
რაღაც უთხრა ჭარხალს ყურში;
წამოენთო ჭარხალი,
მაგრამ უცბად მაგიდაზე
მიწყდა სიცილ-ხარხარი!
სად იყო და სად არა
უცბად დიასახლისმა
ერთი დანა ალესა -
ჯერ ყველაზე პატარა
განზე გამდგარ სტაფილოს
დანით მიუალერსა.
შემდეგ მისწვდა კომბოსტოს,
კარტოფილიც გათალა,
არც მუხუდო დაივიწყა,
გაარჩია პატარა.
თავმომწონე ოხრახუშიც
თავზე გადააყარა...
აიღო და ერთ ქოთანში
მოსახარშად ჩაჰყარა.
ქოთანს თავი დაახურა -
ბევრჯერ ნაქოთქოთარი.
- ქოთ-ქოთ!
- ქოთ-ქოთ!
ხმა გაისმა -
აქოთქოთდა ქოთანი.
ერთმანეთში აირია
კომბოსტო და ჭარხალი,
კარტოფილი, ოხრახუში
და მუხუდოს მარცვალი.
და მომგვრელი
ტკბილი მადის
უკვე მზად გვაქვს
შეჭამანდი.
აბა, კარგად მოიგონე -
ამ კარგ წვნიანს
შენ არ ჭამდი?!